სოსო და ზურა მანჯავიძეები - მრავალშვილიანი ოჯახის ორი ცნობილი წარმომადგენელი

სოსო და ზურა მანჯავიძეები - მრავალშვილიანი ოჯახის ორი ცნობილი წარმომადგენელი

ერთი, საზოგადოებისთვის ცნობილი 20 წლის წინ გახდა, როცა ანსამბლ "ფორტეში" სიმღერა დაიწყო, მეორე კი ბოლო წლებში გაიცნეს, როცა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს დაუპირისპირდა...

ამჟამად ჩვენი სტუმრები ძმები - სოსო და ზურა მანჯავიძეები არიან. ზურა დღესდღეობით "ფორტეს" წევრობის პარალელურად, ტელეკომპანია "იმედის" "შუადღის" პროგრამის წამყვანიც გახლავთ, სოსო კი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, მაგრამ ჩვენი საუბარი ახლა მათ საქმიანობას - არც მუსიკას ეხება და არც პოლიტიკას. ძმები მანჯავიძეები იმ მრავალშვილიან ოჯახზე გვესაუბრებიან, რომელშიც გაიზარდნენ. ინტერვიუ მათ სამაგალითო ძმობასა და დედმამიშვილობას ეხება.

ზურა:

- მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდეთ. გვყავს უფროსი ძმა - დათო, რომელსაც მოჰყვებიან - სოსო, ხათუნა (ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი და), მერე მე ვარ, ჩემ შემდეგ გოჩაა, წლების შემდეგ რომ ვიპოვეთ, გოჩას მერე დიმიტრი (დიტო) დაიბადა, ნიკუშა კი ნაბოლარაა... ალბათ მრავალშვილიან ოჯახში რომ დავიბადეთ, ამან სასიკეთო კვალი დააჩნია ჩვენს პიროვნებებს... ისე მოხდა, რომ ოჯახიდან ჩვენ ორნი (მე და სოსო) გავხდით საზოგადოებისთვის ცნობილები, მაგრამ დამერწმუნეთ, დანარჩენებიც კარგი ადამიანები არიან. ყველანი ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ერთმანეთზე ვზრუნავთ... პირადად მე, როგორც დედ-მამა, ისე მზრდიდნენ დედმამიშვილები, - უფროსი ძმები მამასავით იყვნენ, ხათუნა კი მეორე დედა იყო...

- თქვენ შორის რამდენი წელია სხვაობა?

- სოსოზე 9 წლით უმცროსი ვარ.

სოსო:

- ყოველ ზაფხულს, ჩვენს ოჯახს ასეთი განრიგი ჰქონდა: სკოლიდან რომ დაგვითხოვდნენ, ჯერ ხარაგაულის სოფელ ლაშეში (მთაში) ბაბუასთან (მამის მამა) მივდიოდით, იქიდან კი - ბიძასთან (მამის ძმა), აფხაზეთში. შესანიშნავ ადგილას, ულამაზესი სახლ-კარი ჰქონდა. აგვისტოს იქ ვატარებდით...

ბაბუა უაღრესად მშრომელი კაცი იყო და კეთილმოწყობილი კარმიდამო ჰქონდა. ამასთან, ძალიან საინტერესო პიროვნება გახლდათ დათიკო მანჯავიძე, სასულიერო სასწავლებელი წარმატებით ჰქონდა დამთავრებული. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიაკვნად აკურთხეს, მაგრამ იმ პერიოდში შემოვიდნენ "წითლები" (საქართველოს გასაბჭოება მოხდა) და უმცროსი ძმის ნაცვლად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დამცველთა რიგებში ჩადგა... ამის გამო ბოლშევიკებმა კლასობრივ მტრად გამოაცხადეს... ჩვენს სოფელში არის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც მანჯავიძეების ეკლესიას ეძახდნენ (მათ ააშენეს), სადაც ბაბუა სწირავდა კიდეც და რატომ: თავადი აბაშიძის მიერ გაცემული სიგელი არსებობს, რომელშიც წერია: "აქ ეგნატე მანჯავიძე დაეწესოს მღვდლად და არავინ იყოს სხვა, მისი შთამომავლობის გარდა". ჰოდა, ეგნატეს შთამომავალი დავითი, ჩვენი ბაბუა გახლდათ, რომელიც საოცარი უნარ-ჩვევების კაცი იყო, ლაპარაკობდა ძველქართულად... ჩვენმა წინაპრებმა დიდი როლი ითამაშეს ჩვენს ჩამოყალიბებაში.

ზურა:

- დედის მხრიდანაც საინტერესო წინაპრები გვყავდა, - ჩიკვაიძეები, ჭუმბურიძეები, კახიძეები, ბუცხრიკიძეები... ჩვენს აღზრდაში ბიძაჩემს, ბათუ ბიძიას (დედის ძმას), დედაჩემის დედას - კატუშა ბებიას, დედაჩემის მამას - ზოსიმე ბაბუას დიდი წვლილი მიუძღვით. ასევე აქტიურად იყო ჩვენს აღზრდაში ჩართული დეიდაჩემი - მანანა. ბათუ ბიძია ძალიან განათლებული კაცია და მახსოვს, სოსოსთან ერთად, ხშირად საუბრობდა მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ისტორიაზე. სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონია ბადროს ტყორცნაში... ორმეტრიანი კაცია და საოცრად გულჩვილი ადამიანია...

- მამაზე რას იტყვით?

სოსო:

- მამა მეცნიერი გახლდათ, - მებაღე-მევენახეობის დოცენტი. სერიოზული და საინტერესო გამოგონებები ჰქონდა. მცენარე იცოდა და მისი ესმოდა. ამასთან, სახელმწიფოებრივად აზროვნებდა, სულ ფიქრობდა, რა მოგება შეიძლებოდა მიეღო ქვეყანას, როგორ უნდა მოწყობილიყო ესა თუ ის საქმე, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა მაშინდელ ფულის კეთებით დაკავებულ ტექნიკურ პერსონალთან. მთელი სიცოცხლე თავისი იდეების მეთოდების მტკიცება უხდებოდა. თვალსაჩინო შედეგებიც ჰქონდა. საუკეთესო პრაქტიკოსი იყო. მისი დანერგილი ინოვაციური მეთოდების შედეგად 37 მილიონი საბჭოთა მანეთის მოგება მიიღო სახელმწიფომ... როცა უნდა მიგვეღო იმ თანხიდან გარკვეული პროცენტი, საბჭოთა კავშირი დაიშალა. ასე რომ, საბჭოთა კავშირს ჩვენი ვალი აქვს (იცინის)... მამა 1986 წელს გარდაიცვალა.

- დედათქვენზეც ვისაუბროთ.

ზურა:

- დედა პედაგოგია, მაგრამ ამდენი შვილის პატრონმა მუშაობა ვეღარ შეძლო. მას ძალიან უყვარს ხელოვნება. ცეკვავდა და დღემდე კარგად მღერის, როგორც ამბობენ, ახალგაზრდობაში აკორდეონზეც უკრავდაო...

- სოსო, ზურა პატარაობაში ხომ არ გაბრაზებდათ?

- უფროსებს უმცროსი ძმის მიმართ მართლაც მზრუნველი დამოკიდებულება გვქონდა...

ზურა:

- რამდენჯერმე სიკვდილს გადამარჩინეს...

- როგორ?

სოსო:

- ცელქი და ხიფათიანი იყო... ზურას შეიძლება ითქვას, კიდურების მოტეხილობისა და სხეულის დაჟეჟილობის გრაფიკი ჰქონდა (იღიმის), რაზეც ჩვენი უფროსი ძმა - დათო ხუმრობდა, - ხელები უნდა ავუკეცოთო. ხან ერთ ხელს მოიტეხდა და ხან - მეორეს, ერთხელ ფეხიც მოიტეხა. უთოთიც დაიწვა, მაგრამ 2 წლისას ისეთი უცნაური ამბავი შეემთხვა, რომ ის ფაქტი დღემდე ვერ ამიხსნია...

- ასეთი რა ჩაიდინა?

- დედა ჩემს დას სკოლაში აცილებდა, მეც იქვე ვიყავი, უეცრად ზურას განწირული კივილი შემოგვესმა და რას ვხედავთ: ხელში უჭირავს ე.წ. "ვეშოლკა", ტანსაცმლის საკიდარი, რომლის რკინის კაუჭიც მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე შიგნიდან აქვს გამოდებული (კაუჭი ქუთუთოსა და სკლერას შორის იყო გარჭობილი). როგორც ჩანს, მის გამოღებას ცდილობდა და ქუთუთოს კაუჭით ქვემოთ ქაჩავდა. მოკლედ, საშინელებათა ფილმის სცენა იყო. დაუჯერებელი სანახაობა... დედაჩემი კრიტიკულ მომენტში სწრაფად და ეფექტურად მოქმედებს, ამის საოცარი უნარი აქვს და საკიდარი ქუთუთოდან უმტკივნეულოდ გამოაძრო.

ზურა:

- (იცინის) იმ პერიოდში იოგაში პროფესიონალურად ვვარჯიშობდი და ოჯახის წევრებმა ვერ გამიგეს... ერთხელაც სოფელში მორიგ "იოგას ვარჯიშს" ვატარებდი და კინაღამ გადავყევი მაგ ამბავს...

სოსო:

- იმერეთში ქვით ამოშენებული წყაროები იციან, სადაც წყალი გუბდება და მერე იქიდან წყალს კოკით იღებენ. ზურა იმ წყაროს დაეწაფებოდა და წყალს ისე სვამდა. ერთხელაც, დასალევად რომ დაიხარა, ფეხი ქვაზე აუსრიალდა და წყალში ჩავარდა. ჩაყვინთავდა, ამოყვინთავდა, თან, წყალსაც ბლომად ყლაპავდა. მოკლედ, მივუსწარით... თორემ დაიღუპებოდა ქართული ესტრადა (იცინის).

ზურა:

- ჰო, მართალს ამბობს, ქართული ესტრადა დაიღუპებოდა, თორემ ამათ ძმების მეტი რა ჰყავდათ (იცინიან)?

სოსო:

- ერთხელაც მე და ჩემი ძმა - დათო ეზოში ფეხბურთს ვთამაშობთ. შემთხვევით ჩვენი ფანჯრებისკენ ავიხედე (მეოთხე სართულზე ვცხოვრობდით) და რას ვხედავ: ზურა მშობლებს გამოჰპარვია, ფანჯარაზე ასულა, ქოთნების დასაწყობ პატარა აივნებზე გადმომდგარა და ზემოდან გვიცინის. თან ქვემოთ იწევს. გავგიჟდით. - დათო, ჩქარა, ზემოთ გაიქეცი, მე "სტრახოვკაზე" დაბლა დავდგები-მეთქი. შეიძლება ითქვას, რომ დათო სახლში აფრინდა, ქუსლში ხელი ჩაავლო და იქიდან გადაათრია...

- ზურა, ერთადერთი და - ხათუნა დიდი სიყვარულით მოიხსენიე. მასაც აბრაზებდი?

ზურა:

- ხათუნა, შეიძლება ითქვას, ჩემზე პრაქტიკებს გადიოდა. როდესაც "კალიასკაში" დასაძინებლად ჩამსვამდა, უწინ თვითონ ჩაეძინებოდა და სადღაც გადამაქანებდა ხოლმე (იცინის). მოკლედ, კარგი დარტყმული ბავშვი ვიყავი... ხათუნამ ჩემზე ისე კარგად გაიარა პრაქტიკა, რომ დიტო, რომელიც ჩემ შემდეგ გაჩნდა, უკვე პროფესიონალურად გაზარდა. სამაგიეროდ, მერე მე ვზრდიდი ჩვენს უმცროს ძმას, ნიკუშას, რომელიც ახლა 27 წლის არის... ისე, ერთმანეთს რომ ვზრდიდით, ნეტავ, დედაჩემი რას აკეთებდა (იცინიან)?.. ნიკუშას გოგოების გასაცნობად ვიყენებდი. ერთხელ სკვერში საქანელაზე მყავდა დასმული და ვიღაც გოგოს თვალი გავაყოლე, რომ მოვბრუნდი, ბავშვი საქანელიდან გადმოვარდნილიყო.

სოსო:

- რას ამბობ, ეს ამბავი არ ვიცოდი...

ზურა:

- საქანელიდან გადმოვაგდე-მეთქი, ამას ხომ არ გეტყოდით (იცინის). მე და დიტო კი სულ ვჩხუბობდით. სულ ორომტრიალი გვქონდა. სოსოსთან არ მიჩხუბია, რადგანაც ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო. სოსო კარატეს ვარჯიშობდა და მახსოვს, ერთხელ ვუთხარი, - ვერ დაგარტყამ-მეთქი? - ვერა, - მითხრა. მეც მარჯვენა ხელით მოსატყუებელი ილეთი ჩავუტარე და მარცხენა ხელით გამეტებით დავარტყი. ისე მაგრად მოხვდა, რომ მაგის გამო დამტუქსა.

- სწავლა რომელს უფრო გიყვარდათ?

ზურა:

- დედასგან ვიცი, რომ სოსოს სკოლაში მხატვრული ლიტერატურა სახელმძღვანელოებში ჩადებული მიჰქონდა და მერე კლასში კითხულობდა, რაც მოგვიანებით გავიგეთო... კითხვა ძალიან უყვარდა. მისაღებ გამოცდაზე თავისუფალი თემა დაწერა, რომელშიც 4-იანი დაუწერეს. იმდენად მაგარი თემა იყო, ეჭვი გაუჩნდათ, ამას აბიტურიენტი ვერ დაწერდა, რომელიღაც მეცნიერის ან მწერლის ნააზრევიაო. სოსოს ნაფიქრალი პოლიტიკურად არაკეთილსაიმედოდ მოეჩვენათ. ჩვენებმა ნიშანი გააპროტესტეს და შემდეგ მზექალა შანიძემ 5-იანის დაწერა გადაწყვიტა... სოსოს ჩათვლის წიგნაკში ლევან სანიკიძის მიერ დაწერილი 5-იანის გასწვრივ ასეთი რამ მაქვს წაკითხული: "ასეთი სიამოვნებით 5-იანი ჯერ არ დამიწერია".

სოსო:

- რაც შეეხება ზურას, ჭკვიანი ადამიანია, ინტუიციითა და პრაქტიკული გონებით ყველას გვჯობია!

- როგორც ცნობილია, ზურას არც იუმორში უჭირს...

ზურა:

- იუმორი არც ერთს არ გვაკლია. მამაჩემსაც კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ისე, ხუმრობა სუფრასთან უფრო გამომდის, როგორც ჩანს, ამაში სასმელიც მეხმარება. გონება მეტად მეხსნება ხოლმე (იღიმის).

სოსო:

- მე კი, ბოლო ორი წელიწადია, აღარ ვსვამ... საერთოდ, ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ალკოჰოლს. ჩვენმა წინაპარმა სასმლის მიღების ზომა იცოდა. მაგალითად, ბაბუაჩემი თანამეინახეებთან ერთად, სამ ჭიქა ღვინოს რომ დალევდა, გალობას იწყებდა. ისიც იცოდნენ, რა დროს უნდა დაელიათ. ჰოდა, ახლა საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ვატარებ. გარკვეული მოსაზრებების გამო ამოვიღე სასმელი მენიუდან და სრულიად სხვაგვარი ხედვები ჩამომიყალიბდა... ლიტრობით ღვინის სმა ადამიანის ორგანიზმში გენეტიკურ დონეზე ცვლილებებსაც იწვევს. მძიმე შედეგებს იძლევა...

ზურა:

- თეორიულად გეთანხმები (ძმას მიუბრუნდა. - ავტ.), პრაქტიკულად კი, რა გითხრა?.. განსხვავებული სასმისების მომხრე კი ვარ, ოღონდ, ის სამლიტრიანი ჭურჭელი არ უნდა იყოს... ქორწილებში, როგორც თამადას, ხშირად მიწევს განსხვავებული სასმისებით დალევა, მაგრამ ვცდილობ, საამისოდ მაქსიმუმ ორჭიქიანი ჭურჭელი შევარჩიო...

სოსო:

- უნდა შევიგნოთ, რომ ბევრის დალევა ვაჟკაცობის, სამშობლოს სიყვარულის, გამძლეობის მაჩვენებელი არ არის. მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა და სუფრის კულტურა განსხვავებული ცნებებია...

ზურა:

- ახლა ჩემი მიწვევა ამა თუ იმ კონცერტსა თუ წვეულებაზე არავის აღარ ეშინია. მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, ვისაც იმ პერიოდში, როცა ჩვენი ჯგუფი ("ფორტე") აკრძალული იყო, გამბედაობა ჰყოფნიდა და მომღერლად თუ წამყვანად მაინც მიწვევდა. ისე, ბევრი დანიშნული კონცერტი და საღამო გაუქმებულა იმ მიზეზით, რომ სიაში მავანს მე ვუნახავვარ...

სოსო:

- ანსამბლი "ფორტე" ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა. მისი წევრების საოცარი მეგობრობა, ერთსულოვნება დასაფასებელია. ხოლო ის 9 წელი, როცა ჯგუფს კონცერტებზე არ იწვევდნენ, მათი ურთიერთობის გამოცდა იყო, რასაც ღირსეულად გაუძლეს. იყო მცდელობა, რომ ისინი გაეხლიჩათ, მაგრამ ამ ადამიანებმა წარმოუდგენელი გმირობის ტოლფასი საქციელი გამოავლინეს. ერთსულოვნების, ერთად ყოფნის მაგალითი აჩვენეს. "ფორტეს" გოგოები ჩემი საკუთარი დასავით მიყვარს.

ზურა:

- ერთხელაც, როდესაც სერიოზული კრიზისი გვქონდა, შევიკრიბეთ და გოგოებს ვუთხარი, - მე წავალ ანსამბლიდან, ხომ ხედავთ, თქვენც გასაქანი აღარ გაქვთ-მეთქი. საშინელ დღეში ჩამაგდეს, - ეგ რამ გათქმევინაო? ბევრ მამაკაცს შეშურდება იმ ვაჟკაცობის და იმ ღირსეული საქციელის, რაც მათ გამოავლინეს...

- თქვენმა ოჯახმა ზურას სახით სერიოზული მუსიკოსი მისცა ესტრადას... მუსიკა ოჯახის დანარჩენ წევრებსაც გიყვართ?

სოსო:

- კი, ყველა მღერის... ზურამ ზოგიერთები დაგვაკომპლექსა, თორემ ჩვენც შეგვიძლია რაღაც (იცინის)...

ზურა:

- ჩემი უფროსი ძმა - დათო კლარნეტზე უკრავდა და ამ საქმით სერიოზულად იყო დაინტერესებული, პიონერთა სასახლის ანსამბლის წევრიც გახლდათ. სოსო ცეკვაზეც დადიოდა და ვიოლინოზეც, ჩემი და პიანინოზე დაკვრას ეუფლებოდა.

სოსო:

- დეიდაჩემმა რატომღაც აიჩემა, სოსო ვიოლინოსთვის არის გაჩენილიო (იცინის), მაგრამ იმ დროს ვიოლინოზე ვინც დადიოდა, მას ქუჩაში ცოტა სხვანაირად უყურებდნენ. ამიტომ ეს საქმიანობა ჩემთვის ცოტა უხერხული იყო. მოკლედ, ჩემებმა ეს არ გაითვალისწინეს და მაინც მიმიყვანეს. მაშინ ბავშვი ვიყავი და არგუმენტირებულად ვერაფერს ვასაბუთებდი, თუმცა "სკრიპკით" ყოველ გავლა-გამოვლაზე გული მისკდებოდა... ისე თვითონ დაკვრის პროცესი კი გარკვეულ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიოლინოსგან გათავისუფლებას მაინც ვცდილობდი და ის ხან ტროლეიბუსში დავტოვე, ხან აბაზანაში ჩამივარდა, ხან ტაქსის გავატანე...

ზურა:

- სოსოს რომ ეგონა, "სკრიპკა" დავკარგე და აღარც მიყიდიანო, იმ ტროლეიბუსის მძღოლმა, რომელშიც სოსომ ვიოლინო დატოვა, სახლში არ მოგვიტანა? კითხვა-კითხვით მოგვაგნო, რითაც გაახარა დედაჩემის გული (იცინიან).

სოსო:

- სამაგიეროდ, მაშინ გავიგე პირველად, სად მქონდა გული, ისე შევწუხდი... მოკლედ, არ გამოვიდა ჩემგან პაგანინი 2... ზურამ კი გვასახელა... ახლა ჩვენი ძმა, დიმიტრი უნდა წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე. შესანიშნავი თეოლოგია. ძალიან განათლებული და სერიოზული ადამიანია. საბერძნეთში სწავლობდა, ხარისხიც დაიცვა. ბერძნულ ენას შესანიშნავად ფლობს და ამასთან, რამდენიმე უცხო ენასაც. მე, ზურა და დიმიტრი ათონის მთაზე ერთად ვიყავით... ვატოპედში ბერძენმა ბერებმა რომ ნახეს, მის მიმართ საოცარი სითბო გამოხატეს. ყველა იცნობდა... დიტომ იქ თავისი მეგობარი ჩაიყვანა, რომელიც შემდგომ ბერად აღიკვეცა და ახლაც იქ მოღვაწეობს. დიტო სოფლის მეურნეობითაც არის გატაცებული...

- მიწასთან მუშაობა თქვენც გიყვართ?

ზურა:

- მამა გვასწავლიდა ამას და თან, გვაძალებდა. შრომის დაფასება გვასწავლა. ვაზის გადაწვენის თავისი მეთოდი ჰქონდა და ამაზე გვამუშავებდა. რქის 3 ცალს რომ გადავაწვენდით, 25 კაპიკს გვაძლევდა...

- დედმამიშვილებს შორის დასაოჯახებელი რომელია?

სოსო:

- მხოლოდ ნიკუშაა დასაოჯახებელი. დათოს ორი შვილი ჰყავს, მე - სამი, ხათუნას - ორი, ზურას - ოთხი, გოჩას - ორი, დიმიტრის - სამი.

- სოსო, დედმამიშვილებში ბაბუა მხოლოდ თქვენ ხართ, არა?

- კი, ჩემი უფროსი ქალიშვილი - თეა 26 წლის არის, რომელსაც არაჩვეულებრივი პატარა ნუცა ჰყავს. ასე რომ, დღეს ნუცას ბაბუა გახლავართ (იღიმის)...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)