პატრიარქმა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს კიდევ ერთი წიგნის გამოცემა დაავალა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტის - "საქართველო ჩვენი ფასეულობების" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ "პალიტრა L"-ის გამომცემლებს მიმართა, რომ კარგი იქნება, თუ მცენარეების ნერგების გამოყვანის შესახებ წიგნები ქართულად დაიბეჭდება, რადგან, უწმინდესის თქმით, მსგავსი ლიტერატურა ქართულ ენაზე არ არსებობს.
ღონისძიებას უწმინდესთან ერთად უამრავი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ასევე სპორტსმენები, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.
დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ორი წიგნი - "საქართველოს ბუნება" და "ქართული სპორტის ოქროს წიგნი". წარმოდგენილი წიგნების შესახებ თავად ავტორებმაც ისაუბრეს.
როგორც "საქართველოს ბუნების" ავტორმა, ნოდარ ელიზბარაშვილმა აღნიშნა, წიგნის შესაქმნელად გამომცემლობას წელიწადნახევარი დასჭირდა, რადგან რთული იყო შერჩევა იმ ძეგლებისა, რომელიც ქართულ ბუნებას სრულყოფილად წარმოადგენდა.
მისივე თქმით, წიგნში თემატურად არის წარმოდგენილი საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება, ღირსშესანიშნაობები, დაცული ტერიტორიები, მაღალმთიანი სოფლები. წარმოდგენის უკეთ აღქმისათვის კი, წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით.
რაც შეეხება მეორე წიგნს - "ქართული სპორტის ოქროს წიგნი", მისი ავტორის, ელგუჯა ბერიშვილის განცხადებით, წიგნში წარმოდგენილია მასალა სპორტის ეროვნული ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების შესახებ, ასევე მოთხრობილია ქართველი სპორტსმენების სახელოვან წარმომადგენლებზე და მათ მიღწევებზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა "მედიაპალიტრის" დამფუძნებლები ირაკლი და გიორგი თევდორაშვილები დალოცა, რომ მათ შეძლეს აღნიშნული წიგნების გამოცემა. საქართველოს პატრიარქის თქმით, "მათ საოცარი დედა ჰყავდათ, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა".
უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჩვენი კავშირი წიგნებთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შაბათი დღით. მისივე თქმით, წიგნი ჩვენი მეგობარი და თანამგზავრი უნდა იყოს ყოველთვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფილოსოფიურ წიგნებს.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის, ნინო დეკანოსიძის განცხადებით, პატრიარქის სურვილი იყო, წარმოდგენილ წიგნებში განფენილი ყოფილიყო ქართული ფასეულობები, რაზეც "პალიტრა L"-მა უდიდესი სიამოვნებით იმუშავა.
მისივე თქმით, წიგნის ფესტივალზეც დიდი იყო მკითხველის დაინტერესება აღნიშნული წიგნების მიმართ.
პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარე საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებით დაასაჩუქრეს. თავის მხრივ, უსუფაშვილმა მის უწმინდესობას "ვეფხისტყაოსნის" სპეციალური გამოცემა გადასცა.
საქართველოს საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული მრავალტომეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს ეძღვნება.
ანა მარშანია