რატომ უთხრა პრეზიდენტმა ნათია ორველაშვილს ინტერვიუზე უარი

რატომ უთხრა პრეზიდენტმა ნათია ორველაშვილს ინტერვიუზე უარი

ნათია ორველაშვილის ჟურნალისტურ კარიერაში ორწლიანი ციკლი აქტუალურია. ყველა რადიოსა და ტელევიზიაში ორ-ორი წელი გაატარა. ბოლოს "კავკასიაში" გადაცემა "ცხელი ხაზი" მიჰყავდა. ამჯერად "იმედში" მუშაობს და "ქრონიკის" კორესპონდენტია. ხშირად დადის ჩართვებზე და ფიქრობს, რომ რაღაც ეტაპზე ისევ მოუნდება ეთერში დაჯდომა.

- ტელე- რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სამი წელი სანქტ-პეტერბურგში კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ ერთი წელი "ალმა მატერში" და დიპლომიც ავიღე. სანქტ-პეტერბურგში მშობლები ცხოვრობდნენ და მეც წამიყვანეს. რადგან უცხოელი ვიყავი, ფასიან ფაკულტეტზე უგამოცდოდ ჩავირიცხე, მაგრამ შემდეგ უნდა გესწავლა. ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები რადიო "მწვანე ტალღას" უკავშირდება. თავიდან სტაჟიორად მივედი, შემდეგ შტატში ჩამსვეს. ჯერ საინფორმაციო გადაცემა მიმყავდა და პარალელურად კორესპონდენტი ვიყავი, მოგვიანებით რუსულ ენაზე გარემოს დაცვის თემაზე გადაცემაც მიმყავდა. ორი წლის შემდეგ რადიო "უცნობში" გადავედი, სადაც ასევე კორესპონდენტად და წამყვანად ვმუშაობდი. ისე დაემთხვა, რომ აქამდე ყველა სამსახურში ორი წელი ვიმუშავე. ორი წლის შემდეგ რადიოდან უკვე ტელევიზიაში გავაგრძელე მუშაობა. მაშინ ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება, ლანგარზე არ ეწყო ტელევიზიები. "კავკასია" ავირჩიე. ეს იყო ტელევიზია, სადაც, ვფიქრობდი, თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჯერ კორესპონდენტად ვმუშაობდი, ბავშვის შეძენის შემდეგ ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა "ცხელი ხაზის" პროდიუსერობა შემომთავაზა, შემდეგ წამყვანობა.

- გახსოვს, პირველად ტელევიზიიდან გადაღებაზე როდის წახვედი?

- 4 ან 5 იანვარს. ნინო ჯანგირაშვილმა, როგორც ხანდახან ცურვის მასწავლებლები იქცევიან, ხელი მკრა და გადაღებაზე გამიშვა. სიუჟეტი ქართულ ეკონომიკაზე მოვამზადე. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ყველაზე კარგად მესმის, შევეცადე, ხალხისთვის გასაგებ ენაზე გამეკეთებინა სიუჟეტი. ძალიან ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ოპერატორი, რომელიც ძალიან მამხნევებდა.

- ყველაზე მეტად რომელი თანამდებობის პირის ჩაწერის დროს ინერვიულე?

- ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გავაცნობიერე, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ, კონკრეტულ მომენტში მაღალი თანამდებობა უკავიათ. უფრო სოციალური თემის გადაღების დროს ვნერვიულობდი. უამრავ ისეთ ოჯახში ვყოფილვარ, სადაც თვეების ბავშვზე დედა მეუბნებოდა, რომ გაჭირვების გამო ეკონომიურად კვებავდა.

- პრეზიდენტისგან თუ აგიღია კომენტარი?

- რამდენიმეჯერ ვიყავი გადაღებაზე აეროპორტში, სადღაც მიფრინავდა, მაგრამ ერთხელ მქონდა პირადი კონტაქტი. მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ღამის კლუბში ვიყავი და უბრალოდ ვისვენებდი. მოულოდნელად პრეზიდენტი რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მოვიდა. იმ პერიოდში ძალიან მინდოდა, ერთ-ერთი უკრაინული ჟურნალისთვის ინტერვიუ ჩამეწერა. მანამდე მის პრესსამსახურს ვეკონტაქტებოდი ამ თემაზე, მაგრამ რადგან პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა, გადავწყვიტე, მივსულიყავი და პირადად მეთხოვა. ურთიერთობაში უშუალოა და ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა, მარტივად დამთანხმებოდა. მივედი, ავუხსენი საიდან ვიყავი და ინტერვიუ ვთხოვე. ძალიან გულთბილად გადამამისამართა პრესსამსახურთან (იღიმება). შეიძლება, ჩემი მხრიდანაც სწორი არ იყო, რომ ადამიანს დასვენების დროს მივადექი, მაგრამ ბოდიში მოვუხადე და ჩავთვალე, რომ ამ შანსის გამოყენება ღირდა.

- შედგა ეს ინტერვიუ?

- სამწუხაროდ, არა, ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი გავუგზავნეთ და უარი თქვა. მიზეზი არ აუხსნიათ. როდესაც რადიოში ვმუშაობდი, ყოველთვის მივიჩნევდი, რომ პრესისა და რადიოს ჟურნალისტები დაჩაგრულები ვიყავით, რადგან პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტებს იწვევდნენ. "კავკასიაში" რომ გადავედი, აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა ტელევიზიის ჟურნალისტსაც არ სწყალობენ (იღიმება).

- გადაცემა "ცხელ ხაზზე" ვისაუბროთ, მახსოვს, ერთხელ შენ და ალეკო კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდით.

- ალეკოს გულახდილობა მაყურებელს ძალიან მოსწონს. ხუმრობით სახალხო ჟურნალისტს ვეძახდით. ბაჩო ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯერ კიდევ აქტუალური თემა იყო მისი მორიგი ბრალდება, რომ ვაშლის თლის პროცესში ერთ-ერთ თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზე ახალაიას თანამშრომელმა განაცხადა, რომ ბაჩო ვაშლს საერთოდ არ ჭამდა და სწორედ ამ თემაზე დაგვირეკა ეთერში მაყურებელმა. ქალბატონმა გვითხრა, რას ჰქვია, ბაჩო ვაშლს არ ჭამდა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რომ კოლმეურნეობის მოედანზე მოსეირნე ახალაია ყველას თვალწინ საჯაროდ ვაშლს ჭამდაო. მე და ალეკოს გაგვეღიმა, მაგრამ შევეცადეთ, ეთერში თავი შეგვეკავებინა. ქალბატონი რომ დაგვემშვიდობა, ალეკო სკამზე შესწორდა და ამ დროს სავარძელი ჩავარდა - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ - ალეკოს მხოლოდ ნახევარი სახე უჩანდა ლეპტოპის მიღმა. აქ უკვე გაგვიჭირდა თავის შეკავება და მორიგი ინფორმაციის წაკითხვის დროს სერიოზულობას ვეღარ ვინარჩუნებდი (იცინის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები