რა კავშირი ჰქონდა არტურ კონან დოილს მოჩვენებებთან?

რა კავშირი ჰქონდა არტურ კონან დოილს მოჩვენებებთან?

თურმე მაშინ, როცა მკითხველი ლეგენდარულ მაძებარ შერლოკ ჰოლმსზე ახალ მოთხრობებს ელოდებოდა, მწერალი გატაცებით აბამდა კავშირს მოჩვენებებთან. ფსიქიკური კვლევის ორგანიზაციაში, რომელშიც არტურ კონან დოილი 1693 წელს გაწევრიანდა, ის ენთუზიაზმით მიიღეს: სპირიტუალისტები იმედოვნებდნენ, რომ პოპულარული დეტექტივების ავტორისა და პრაქტიკოსი ექიმის განცხადებებს პუბლიკა უეჭველად ენდობოდა.

ამოუხსნელი მოვლენები - ტელეკინეზი, ტელეპათია - სიყმაწვილიდან აინტერესებდა დედუქციური მეთოდის შემქმნელს. კონან დოილი არაერთხელ ყოფილა იმ ადგილებში, სადაც პოლტერგეისტი მოხდა, შავ ძალასთან ერთ სახლში ღამეებს ათენებდა.

პირველი სპირიტული სეანსი, რომელსაც იგი დაესწრო, 1886 წელს გაიმართა, სერ არტურმა მედიუმის საშუალებით ურთიერთობა დაამყარა ადამიანის სულთან, რომელსაც ოდესღაც კაიროში შეხვდა - მედიუმმა მათი ლაპარაკი, რომლის შინაარსიც არავის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, დეტალებში გადმოსცა. მოგვიანებით, სტატიაში "იდუმალი ნაპირები", სერ არტური მთელი სერიოზულობთი მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ ჩნდებიან მოჩვენებები: ისინი ეკტოპლაზმიდან მატერიალიზდებიან - სუბსტანციის თეთრი ნაქსოვით, რომელიც მედიუმის ცხვირსა და ყურებიდან გამოიყოფა.

როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, მწერლის უფროსი ვაჟი, დისშვილი და სიძე ფრონტზე წავიდნენ. მათგან შინ არც ერთი არ დაბრუნებულა. სამწუხაროდ, იმის დაჯერება, რომ ნათესავებმა სამუდამოდ დატოვეს, კონან დოილს არ შეეძლო. სპირიტიზმი მისთვის შვება გახდა. თავის მამულ უინდლშემში რეგულარულად ატარებდა იმქვეყნიურ სამყაროსთან "კავშირის სეანსებს".

მედიუმი მისი მეორე ცოლი ჯინი იყო, რომელსაც ამ საქმეში უჩვეულო ნიჭი აღმოაჩნდა. ერთხელ, მოულოდნელად, კონან დოილს მხარზე გარდაცვლილი ვაჟ კინგსლის ხელი შეეხო - მწერალმა შეხება გარკვევით შეიგრძნო, თანაც ხელი თბილი იყო. ამის შემდეგ იგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ იმქვეყნიური ცხოვრება არსებობდა.

გამანადგურებელი ჰარი გუდინი

ცნობები, რომლებსაც კონან დოილი ჯინის დახმარებით "იქიდან" იღებდა, იმედებს უსახავდა. ცოლ-ქმარმა მოახერხა იმის გაგება, რომ გარდაცვლილმა ადამიანებმა არ იცოდნენ, რა იყო დარდი და დროს სასიამოვნო ზრუნვაში ატარებდნენ. 1992 წელს მწერალი აშშ-ში გაემგზავრა, რათა თავისი ლექციებით დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება.

- მისტერ დოილ, მართალია, რომ მოჩვენებებს ცოლის მოყვანა შეუძლიათ?

- ჯინი თუ ვისკი - რომელი უფრო მოგწონთ?

- შეიძლება, სამოთხიდან ვინმე გოლფს მეთამაშოს? - პრესკონფერენციაზე მწერალს ჟურნალისტები მახვილგონივრულ შეკითხვებს უსვამდნენ. 12 აპრილს "კარნეგი-ჰოლში" ლექცია იყო დანიშნული. ქალებმა, რომლებმაც ომში ახლობლები დაკარგეს, დარბაზი გაავსეს. სერ არტურმა მათ განუმარტა, როგორ უნდა შეერთებოდნენ გარდაცვლილის გულებს. დარბაზი ზეიმობდა.

მეორე დღეს მწერალმა ილუზიონისტ ჰარი გუდინისგან ამერიკელი ილუზიონისტების საზოგადოებისთვის გამართულ ბანკეტზე დასასწრები მიწვევა მიიღო. დანიშნულ დროს სერ არტური მეუღლესთან ერთად გამოცხადდა. პატარა, მარდმა გუდინმა სტუმარს სმოკინგი გამოართვა და მხრებზე მოიგდო. შემდეგ ილუზიონისტი სქელი თოკით შეკრეს, სკივრში მოათავსეს, რომელიც ბოქლომებით ჩაკეტეს და გარედან ბრეზენტი შემოახვიეს. ერთ წამში გუდინი გარეთ აღმოჩნდა, სკივრში მისი ცოლი იწვა.

სიურპრიზი კონან დოილსაც ჰქონდა მომზადებული. მან განაცხადა, რომ საზოგადოება რაღაც განსაკუთრებულს იხილავდა. ახმაურდა პროექტორი, კედელზე ქრონიკის კადრებმა გაიელვეს. გიგანტური დინოზავრები თავისუფლად ნავარდობდნენ პრეისტორიულ ტყეში. შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კადრები რეალური იყო. მწერალმა არ აღიარა, რომ ეს იყო კადრი ფილმიდან, რომელიც მისი წიგნის "დაკარგული სამყაროს" მიხედვით გადაიღეს.

კონან დოილმა გუდინი სპირიტულ სეანსში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. გამოიძახეს ჰარის დედის სული. ჯინმა ფანქარი აიღო და სწრაფად დაიწყო წერა. სული ეუბნებოდა, რომ ჰარის დედა ბედნიერი იყო შვილთან ურთიერთობით და მადლიერი იყო ცოლ-ქმარ კონან დოილის. მიუხედავად ამისა, ჰარი გუდინზე სეანსმა დამთრგუნველად იმოქმედა. როდესაც ქალმა წერა დაამთავრა, თავად აიღო ფანქარი და ლამაზი ასოებით გამოიყვანა "პაუელი". კონან დოილი აღფრთოვანებული დარჩა. ასეთი სახელის მქონე მამაკაცი, რომელიც გატაცებული იყო სპირიტიზმით და რომელსაც ის კარგად იცნობდა, სამი დღის წინ გარდაიცვალა. მწერალმა ჩათვალა, რომ მას კავშირზე გამოსვლა უნდოდა, არც ის გაჰკვირვებია, რომ პაუელმა შუამავლად ჰარი აირჩია - რომელსაც მედიუმის აშკარა ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ჰარიმ მის მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა: "მე სხვა პაუელზე ვფიქრობდი", - პირქუშად აღნიშნა მან. მას არ სურდა, სეანსის შესახებ ცნობა გაზეთებში დაბეჭდილიყო, - მისთვის ძალიან ძვირფასი იყო დედის ხსოვნა. სეანსის შემდეგ გამოაქვეყნა სტატია და განაცხადა, რომ მშობელთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა. ამ ფაქტის გამო კონან დოილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს