"ესეც გაივლის" - ქალთა კოლონია ნათია გედენიძის ფოტოობიექტივში

"ესეც გაივლის" - ქალთა კოლონია ნათია გედენიძის ფოტოობიექტივში

"ესეც გაივლის" - ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ ქალთა მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განახორციელა. უკვე ბევრი წელია, რაც ნათია "მედია პალიტრის" თანამშრომელია, მაგრამ საზოგადოებამ ის ფოტოგრაფების სკანდალური საქმის დროს გაიცნო. მისი მეუღლე, ირაკლი გედენიძე, მაშინ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი გახლდათ. გაურკვევლობაში მოხვედრილმა ნათიამ 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. ალბათ ეს გამოცდილებაც დაეხმარა, რომ უკეთ გადმოეცა პატიმარი ქალების ტკივილი და მათი ცხოვრება წელიწადის დროებად გადმოეტანა.

- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ნეგატიური პერიოდი და შეიძლება, გაუგებრობის გამო ციხეშიც მოხვდე, მაგრამ ესეც გაივლის და ისევ დადგება ნათელი ცხოვრება. მე თავად მქონდა "პატივი", ფოტოგრაფების ცნობილი საქმის გამო ორი დღე წინასწარი დაკავების საკანში გამეტარებინა, მაგრამ ამით ჩემი ცხოვრება არ გაჩერებულა. ძალა მომეცა, რომ უფრო გავძლიერებულიყავი.

- პროექტის იდეა როდის გაგიჩნდა?

- ათი წლის წინ ანალოგიური პროექტი განახორციელა "როიტერის" ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა. მან ნორვეგიის ციხიდან გამოიტანა ქალბატონების ფოტოები. პროექტის შესახებ პირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთ სემინარზე ერთი თვის წინ გავიგე. შემდეგ ვთხოვე სოზარ სუბარის მრჩეველ ლალი მოროშკინას, რომელმაც ჩემი სურვილი დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაიამდე მიიტანა და ლალის თანადგომით მუშაობა დავიწყეთ.

- როდესაც კიდევ ერთხელ მოხვდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა გრძნობა დაგეუფლა?

- ქალთა მეხუთე კოლონიაში შესული პირველად შვილიან ქალბატონებთან მივედი. ესეც ჩემი ცხოვრებისეული პარალელი იყო, რადგან როდესაც დამაკავეს, ყველაზე რთული გარეთ დარჩენილი შვილების მომავალი აღმოჩნდა. იქ ბავშვები სამ წლამდე იზრდებიან და შემდეგ დედებს შორდებიან. წარმომიდგენია მათი ტკივილი, რას განიცდიან, როდესაც შვილების გარეშე რჩებიან.

- როგორ დაითანხმეთ პატიმრები გადაღებაზე?

- ადმინისტრაცია დაგვეხმარა, მათ იცოდნენ, ვის ჰქონდა საინტერესო ისტორია. პროექტის ქვესათაურია "ქალის ოთხი სეზონი" - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულში მოხვდა 18 წლის გოგონას ისტორია. ზაფხულში - დაპატიმრებული დედა-შვილი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და მათთან სულ სითბოა. შემოდგომაში მოიაზრება ქალბატონი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ზამთრის პერსონაჟი ქალბატონი კი ოცი წელია პატიმრობაშია და მიუხედავად ამისა, ქალურობას არ კარგავს. მე გადავიღე ოთხი ქალბატონი, რომელთა ცხოვრებაზეც ჟურნალისტმა გიორგი ბერიძემ ნოველები დაწერა. სრული თავისუფლება გვქონდა, მუშაობის დროს თავზე არავინ გვედგა.

- როგორ ფიქრობთ, წინა ხელისუფლების დროს მოგეცემოდათ ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა?

- ალბათ არა, თუმცა არც მომისინჯავს. ქალბატონებს ფოტოებს ვუღებდით მე და ჩემი მეუღლე ირაკლი გედენიძე, გიორგი კი ესაუბრებოდა, ოღონდ სტანდარტულ კითხვებს არ უსვამდა. ყველა მათგანი გრძნობდა თავის დანაშაულს და განიცდიდა. ყველა მათგანში დავინახე ქალი და ისინი არ კარგავდნენ მომავლის იმედს. ცხოვრებაში არ მქონია ისეთი მომენტი, რომ ადამიანთან დამშვიდობება გამჭირვებოდა. ყველას ვუსურვებ, მალე მენახონ გარეთ ლაღად მოსიარულენი, მაგრამ ქალბატონს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ვერ ვუთხარი, კარგად იყავი, არა უშავს, რაღაც შეიცვლება-მეთქი.

- სად გაიმართა პროექტის პრეზენტაცია?

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ექვსთვიანი ღონისძიების ფარგლებში "რედისონში" გაიმართა. გამოფენას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მინისტრი სოზარ სუბარიც. ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით ჩემი ხმა საზოგადოებას მივაწვდინე. მინდოდა, პატიმრებისთვის იმედი ჩამესახა. ამ ქალბატონებს საკუთარი ფოტოები არ უნახავთ და ახლა ექნებათ საშუალება, თქვენი ჟურნალის საშუალებით გაიგონ ვრცლად პროექტის შესახებ.

ამონარიდები გიორგი ბერიძის ნოველებიდან...

ნატო, 18 წლის - გაზაფხული

ის ცხინვალიდან და სოფელ ერედვიდან ორგზის დევნილია. პატიმრობამდე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. შემდეგ მოხდა ის, რისი მოყოლაც უჭირს. ჰყავდა შეყვარებული. მისმა რჩეულმა მანქანის საჭესთან დასვა, ბედი იქ უმზადებდა დიდ განსაცდელს და ტრაგედიაც დატრიალდა. ნატო 25 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც გარდაიცვალა. დაიწყო ტანჯვის, თვითკრიტიკის, თვითგვემის პერიოდი. შეყვარებულთან ურთიერთობა თავად შეწყვიტა. ნატოს თქმით, მისმა უკვე ყოფილმა რჩეულმა მეტი პასუხისმგებლობა ვერ აიღო საკუთარ თავზე, ვიდრე შეეძლო. ბიჭს უფრო მეტი სითამამე უნდა გამოეჩინა მომხდარის დროს და ცოტა მეტიც ეტვირთა. პატიმრობამდე დადიოდა ტაძარში და აღსარებასაც აბარებდა, თუმცა დღეს რწმენაში უფრო გამტკიცდა. სჯერა, რომ ეს განსაცდელი უფრო გააძლიერებს. დარდობს იმას, რომ გარდაცვლილს არაფერი ეშველება. მის გულში ისევ გაზაფხულია და ცდილობს, პატიმრობის განცდა, ბედის უკუღმართობა და ტკივილი გულის გაზაფხულს არ მიაკაროს. მოვა დრო და ის საპატიმროს დატოვებს. იმედი აქვს, რომ საპატიმროში გატარებულ წლებს აინაზღაურებს და ცხოვრებას თავიდან დაიწყებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია