მარინე მიზანდარი - ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვეტილია

მარინე მიზანდარი - ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღება გადაწყვეტილია

გელათის გამო ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ ძეგლების ნუსხაში იუნესკომ დროებით დატოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მარინე მიზანდარმა განუცხადა, რომელიც კამბოჯაში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 37-ე სესიაში ღებულობს მონაწილეობას.

ქართული დელეგაცია იუნესკოს კომიტეტის სესიაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება.

მინისტრის მოადგილის თქმით, იუნესკომ გამოიჩინა კეთილი ნება და დროებით, ბაგრატი საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში დატოვა, რადგან ამ სიიდან გელათი არ ამოვარდნილიყო.

"ფორმალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბაგრატი საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში ერთი წელი იქნება თუ მეტი იქნება. ბაგრატის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საკითხი გადაწყვეტილია. ეს გადაწყვეტილება ძალაში ერთი წლის მერე შევა, თუ ორის, მნიშვნელობა არ აქვს. იუნესკომ გამოიჩინა კეთილი ნება და ნუსხიდან ბაგრატი ახლა არ ამოიღო, რადგან ბაგრატი და გელათი ერთი ნომინაციის ორი კომპონენტია. მოგვცეს საშუალება ბაგრატი გელათით ჩავანაცვლოთ და იგი დამოუკიდებლად იყოს წარმოდგენილი", - დასძინა მარინა მიზანდარმა.

მისივე განმარტებით, ნომინაციის საზღვრების ცვლილებაზე იმუშავებენ. შექმნიან სამუშაო ჯგუფს, რომელიც გელათის გამორჩეული ღირებულების წარმოსაჩენად და დასადასტურებლად იმუშავებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იუნესკო გელათს ცალკე ნომინაციაში აუცილებლად შეიყვანს.

"ძალიან შეწუხებული არიან ბაგრატის პრეცედენტით და ეს ყოყმანი მათ საუბარში იგრძნობა. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ერთი ნომინაციის შემადგენელი ორი კომპონენტიდან ერთი ამოვარდეს და მეორე დარჩეს. იუნესკოსთვისაც საფრთხილოა, როგორც პრეცედენტი. გელათზეც ფრთხილად საუბრობენ და გვთხოვეს, რომ რაც შეიძლება დასაბუთებული არგუმენტაცია იყოს", - აღნიშნა მიზანდარმა.

მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ გელათი უნივერსალური ღირებულებისაა და ცალკე ნომინაციაში მოხვდება.

კულტურის მინისტრის მოადგილემ მცხეთის ძეგლების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც იუნესკოს კომიტეტის რეზოლუციით საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დარჩა.

"მცხეთაზე არანარი საფრთხილო ჩანაწერი არ გაკეთებულა. პირიქით, დადებითად შეფასდა ახალი მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მიერ იუსტიციის სახლის, ასევე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მცხეთის გამგეობის მიერ კანალიზაციის გამწოვი სისტემის მშენებლობის პროექტის შეჩერება. რეზოლუციაში მკაცრი მითითებებია, რომ შეიქმნას მცხეთის ქალაქგეგმარებითი პროექტები. იმედი მაქვს, რომ მცხეთის ძეგლები, მომავალში, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხას დაუბრუნდება", - დასძინა მარინა მიზანდარმა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკა ვაჩეიშვილმა კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხიდან ჯერ ამოღებულია არ არის. იუნესკოს კომიტეტის 37-ე სესიამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ რეზოლუცია მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია