თამრი ფხაკაძე - "ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება"

თამრი ფხაკაძე - "ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება"

ფილოლოგი მშობლების გარემოცვაში გაიზარდა, ამიტომ ალბათ ზედმეტი იქნება იმის თქმა, რომ წიგნი ბავშვობიდან შეიყვარა. ერთხანს დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და შვილიც დიდ დროს ატარებდა კატალოგებს შორის სირბილში. სანამ თავად ისწავლიდა კითხვას, წიგნებს ბებია-ბაბუა უკითხავდა. ბებია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ზაფხულობით საჩხერეში, სოფელ ჩიხაში ჩასულ შვილიშვილს ლამაზად წერას აჩვევდა. როცა არ ჩქარობს, ლამაზი კალიგრაფია აქვს, ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობაში რვეულში ნაწერს ყოველთვის უმოწმებდა ბებია და თუ რამე არ მოეწონებოდა, შენიშვნასაც აძლევდა.

თამრი ფხაკაძე პატარებისთვისაც წერს და უფროსი თაობის მკითხველისთვისაც. რამდენიმე მოთხრობაზე, რომანსა და პიესაზე ერთდროულად მუშაობა შეუძლია და თემატიკის ასეთი ცვლილებისას ისვენებს. დაახლოებით 2005 წლამდე თავის ნაწარმოებებს ხელით ქმნიდა, შემდეგ კალამი კომპიუტერმა ჩაანაცვლა. თამრი ფხაკაძის შემოქმედებაში ერთ-ერთი წარმატება 2002 წლის "პენ მარათონი" იყო. ფრაზაზე: "რამდენიმე გაკვეთილი საკმარისი აღმოჩნდა, რომ..." - მოთხრობა უნდა აეგო. დაწერა მოთხრობა "გაკვეთილი", რომლისთვისაც კონკურსის მესამე პრემია გადასცეს. კიდევ რამდენიმე სხვა პრემიის მფლობელია. მათ შორისაა "საბა" და "ოქროს ფრთა"...

- ბავშვობაში ბებია "ვეფხისტყაოსანს" მასწავლიდა. სკოლაში ჯერ კიდევ არ ვსწავლობდი, როცა ამ პოემის პირველი თავი უკვე ზეპირად ვიცოდი. ბებია ყოველდღიურად თითო-თითო სტროფს მაზეპირებინებდა, თან თავისი განმარტებებით, ყველა სიტყვას მიხსნიდა. იმავდროულად ვიცოდი მთელი პოემის ქარგა. პოემა იმდენად მელოდიურია და ისეთი ანბანური განლაგებაა, მის სტროფებს ბავშვი იოლად სწავლობს.

- შემდეგ ამას ალბათ მოჰყვებოდა "ტომ სოიერის თავგადასავალი" და სხვა წიგნები...

- მანამდე ვკითხულობდი ნინო ნაკაშიძის მოთხრობებს, განსაკუთრებით მიყვარდა მისი "უღუ და თეთ". შემდეგ ჩემს ცნობიერებაში წარუშლელი ნაკადივით შემოვიდა მარკ ტვენის შემოქმედება. იმავდროულად "ტომ სოიერის თავგადასავალი", "ჰეკლბერი ფინი", "უფლისწული და მათხოვარი". ამ სამიდან ჰეკი ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ყოველთვის ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი იყო. ალბათ იმიტომ, რომ თავისუფალი სული ჰქონდა. პატარა ბავშვს და, საერთოდ, ადამიანს შეცნობილად და შეუცნობლად ხიბლავს თავისუფლება. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა წაიკითხო "ჯეინ ეარი", "ჯენი გერჰარტი", "კერი". ალბათ მათ გარეშე მკითხველი ქალის ცხოვრება ვერ ჩაივლის.

- დღეს როგორი მკითხველი ხართ?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს კითხვას მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე წერას. კარგა ხანია გატაცებული ვარ სასულიერო ლიტერატურით. ახლაც წიგნის ფესტივალზე შევიძინე ძალიან საინტერესო წიგნი "სარწმუნოების საიდუმლოება", რომელიც მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს ეკუთვნის. კარგი საკითხავია და ძალიან საინტერესო, ვინ როგორ მიდის ღმერთამდე... ხშირად ვკითხულობ წმინდა მამების ნაწერებს, იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურელის, ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანს. ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი ქართული ლიტერატურის განხრით დავამთავრე. ყოველთვის მიზიდავდა ჰაგიოგრაფია და ჰიმნოგრაფია. 26 წელი გავატარე ლიტერატურის მუზეუმში ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. ანბანთქებაზე, თეიმურაზ I-ზე, ჰაგიოგრაფ ავტორებსა და სხვებზე ვწერდი წლიურ თემებსაც. რა თქმა უნდა, სასულიერო ლიტერატურის პარალელურად, ვკითხულობ სხვა ჟანრსაც და მყავს "ჩემი" ავტორებიც.

- ვინ არიან ისინი?

- "ჩემს" ავტორს ცოტა იუმორი უნდა ჰქონდეს, თუნდაც შავი. ასეთი ავტორები არიან კამილო ხოსე სელა და ბერჰარდ ვერბერი.

- თანამედროვე ქართველ ავტორებზეც გკითხავთ, ბევრი თქვენი მეგობარი და კოლეგაა. მათგან ყველაზე ხშირად ვის კითხულობთ?

- ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გამოვარჩევ აკა მორჩილაძეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს