ქეთა ლორთქიფანიძის მხიარული ბავშვობა

ქეთა ლორთქიფანიძის მხიარული ბავშვობა

ცნობილი მსახიობი - ქეთა ლორთქიფანიძე ძალიან სასაცილო და ცელქი ბავშვი ყოფილა. როგორც თავად გვითხრა, ერთი პერიოდი მოკლე ვარცხნილობას ატარებდა და ხშირად იტყუებოდა: ბიჭი ვარ და გიორგი მქვიაო.

- პატარაობისას აი, ასე გამოვიყურებოდი. ეს სურათი მიყვარს, რადგანაც აქ ჩემს შვილს - თეოდორას ვგავარ. როგორც დედა ამბობს, კომფორტის მოყვარული ვიყავი. იმისთვის, რომ გემრიელად დამეძინა, ჩემთვის აუცილებელი იყო რბილი საწოლი და კარგი განათება. დღესაც ვერ წარმომიდგენია, ზურგზე ჩანთამოკიდებული დასასვენებლად ტყეში როგორ უნდა წავიდე... ცხოველები უზომოდ მიყვარდა და ქუჩაში რასაც ვნახავდი, ყველაფერი შინ მიმყავდა: ლოკოკონა, მუხლუხო, ჭიანჭველა. როცა სოფელში ვიყავი, მთელ დღეებს მწერების მოგროვებაში ვატარებდი და მერე თბილისში ჩამომყავდა. ერთხელ მამა სპექტაკლს გორში დგამდა. მეც თან ვახლდი.

მახსოვს, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ პიკნიკზე, ხელოვნურ ტბაზე წავედით. იქ 5 ბაყაყი დავიჭირე და რამდენიმე დღე გორის სასტუმროს აბაზანაში ვუვლიდი. მათ მსახიობების სახელებიც კი დავარქვი. მერე ეს ბაყაყები თბილისში წამოვიყვანე და ისინი ჩვენს ბინაში, აკვარიუმში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი ისინი მე და ბაბუამ, კუს ტბაზე გავუშვით. კატები და ძაღლებიც მიყვარდა. ჩვენს სახლთან ახლოს ტროლეიბუსების პარკი გახლდათ, სადაც ძალიან ბევრი ძაღლი იყო და მათ ლეკვებიც ჰყავდათ. ჰოდა, ყოველ დილით მათ მოსავლელად მივდიოდი. სულ გაფუჭებული ტროლეიბუსების ქვეშ ვიყავი შემძვრალი. სხვათა შორის, ამ ტრანსპორტში ხურდა ფულსაც ხშირად ვპოულობდი. მე და ჩემს მეგობარს ბევრჯერ სამი მანეთიც შეგვიგროვებია და ამ ფულით ძაღლებისთვის ძეხვს ვყიდულობდით...

იხილეთ ფოტოგალერეა

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო