როგორ აღმოჩნდა დიანა ტრაპაიძე ოთარ კუშანაშვილთან ერთად მოსკოვის სტრიპტიზკლუბში

როგორ აღმოჩნდა დიანა ტრაპაიძე ოთარ კუშანაშვილთან ერთად მოსკოვის სტრიპტიზკლუბში

ტელეჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ მოგზაურობა ადრეულ ასაკში დაიწყო. მამა გიდი გახლდათ და შვილებთან ერთად საბჭოთა კავშირის უამრავი ქალაქი მოიარა. დიანას იმდროინდელი ბევრი ფოტო შემორჩა და რამდენიმე ჩვენც გადმოგვცა სანახავად. როდესაც გაიზარდა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, ჩვენს რესპონდენტს ასევე ბევრ ქვეყანაში მოუწია ყოფნამ, ოღონდ ამას მოგზაურობით ტკბობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. დანარჩენს თავად გვიამბობს.

- მოგზაურობა ბავშვობიდან მიყვარდა. თავიდან წიგნებით დავიწყე ქვეყნებში მოგზაურობა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის წყალობით, მქონდა შეგრძნება, რომ ყველა იმ ქვეყანაში ვყოფილვარ, რომელზეც წამიკითხავს. სულ მეგონა, ყველა ქვეყანა იმიტომ არსებობს, რომ მე, ქობულეთში მცხოვრებს, გამეგო მათი არსებობა (იცინის).

მამაჩემი საექსკურსიო ბიუროში გიდად მუშაობდა, ჯერ საქართველო შემოგვატარა, შემდეგ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში დავდიოდით, ყოველ ზამთარს ან რიგაში ვიყავით, ან ტალინში, ან მოსკოვში, ან ლენინგრადში. ერთი ტურნე ასეთი გახლდათ, საბჭოთა კავშირის გმირი ქალაქები და ამ ტურნეს ფარგლებში საბჭოთა კავშირის 15 ქალაქი მოვიარეთ. ყველა ადგილი და ღირსშესანიშნაობა კარგად მახსოვს, რამდენჯერ მინახავს წლების შემდეგ ფოტოსურათი და გამხსენებია, რომ წლების წინ მეც ვყოფილვარ იმ ადგილზე.

ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ სივრციდან ნამყოფი არ ვიყავი, იყო აზერბაიჯანი. ტელეკომპანია "იმედში" რომ მოვხვდი და გაიხსნა, ასე ვთქვათ, სამუშაო ვიზიტების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ხელმძღვანელებმა, მაია თაბაგარმა და მათე კირვალიძემ დამიძახეს და ასეთი ტესტი ჩამიტარეს - "პაპრიგუნია სტრეკაზა, ლეტო კრასნოე პრაპელა..." დაგვისრულეო. მეც ბოლომდე ვთქვი და გაეცინათ, იმდენი რუსული კი გცოდნია, ბაქოში რომ პრემიერს გაჰყვე ვიზიტზეო (იღიმება). ასეთი მოკლე ტესტით მოვხვდი ბაქოში ზურაბ ჟვანიასთან ერთად. შემდეგ ასევე მასთან ერთად მომიწია ბრიუსელში გამგზავრებამ. ერთ-ერთ ფოტოზე ბრიუსელში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვართ გადაღებული მე, ზურაბ ჟვანია და კახა ბენდუქიძე. კამერითა და მიკროფონით დავბოდიალებდი ქალაქში, ვიფიქრე, რაიმე საინტერესოს წავაწყდები-მეთქი და მოვხვდი იმ სასტუმროსთან, სადაც უამრავი მანქანა იყო გაჩერებული და ერთ-ერთი მანქანიდან ზურაბ ჟვანია გადმოვიდა. ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, მე კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ეს მოთელვითი შეხვედრა გახლდათ ოფიციალურ შეხვედრამდე. ასევე შემთხვევითობა იყო, უკრაინაში იულია ტიმოშენკო რომ ჩავწერე. არ ვიცოდი, მას როგორ შევხვედროდი. უკრაინის პარლამენტის წინ დავდექი, იქნებ, ვინმემ ჩამოიაროს-მეთქი. ტიმოშენკო კომიტეტის შეხვედრაზე ყოფილა დაბარებული, გაჩერდა რამდენიმე მანქანა, გაიღო კარი და ერთ-ერთიდან იულია ტიმოშენკო გადმოვიდა. ჩემი და მისი ურთიერთობა ცნობილია. ნარინჯისფერი უკრაინული რევოლუციის დროიდან ვახსოვდი და შემდეგ, სადაც მხვდებოდა, ჩამიხუტებდა და იხსენებდა, როგორი წვლილი მაქვს შეტანილი უკრაინულ რევოლუციაში (იცინის). მოკლედ, მითხრა, ახლა არ მცალია და ორ საათზე ჩემს ოფისში მოდიო. იმდენად აქტუალური ინტერვიუ ჩავწერე, რომ ჩემი მასალა "როიტერმაც" გადაიწერა. შრომაში უმართლებს ადამიანს და მე არასდროს ვჩერდებოდი.

- როგორც მივხვდი, საზღვრებს გარეთ ყოფნისას არასდროს იბნევი...

- საერთოდ, კარგი ორიენტაციის უნარი მაქვს და არსად დავკარგულვარ, თუმცა ჟურნალისტებისთვის ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ტელეპუნქტისა თუ სტუდიის მიგნება, საიდანაც გადაღებულ მასალას თბილისში ვაგზავნიდით, ახლა ეს ყველაფერი ინტერნეტით ადვილად ხერხდება. ამას ჩვენს ენაზე "პერეგონი" ჰქვია, ორი საათით ადრე მივდიოდი დანიშნულების ადგილზე და ეს იყო ჩვენი მთავარი სატანჯველი. მახსოვს, ბრიუსელში "პერეგონზე" ერთ-ერთ ქუჩაზე, "ღიუ დე ლალუაზე" მივდიოდი. ფრანგულად "ღიუ" ქუჩას ნიშნავს, ტაქსიდან სადაც ამ სიტყვას დავინახავდი, ლალუას აღარ ვკითხულობდი და ტაქსისტს ვეუბნებოდი, აქ გამიჩერეთ-მეთქი (იცინის). ბოლოს მივხვდი, რომ ყველა ქუჩაზე წინ ეს სიტყვა ეწერა და ქუჩას ნიშნავდა. ერთი შემთხვევა მქონდა ჰოლანდიაში. ადგილობრივ რედაქტორს აერია და ქალაქის ცენტრში გამიშვეს ოფისში, რომელიც სადღეღამისო არ გახლდათ, მეორეც არსებობდა კუნძულზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. უნდა გენახათ, ღამის სამ საათზე რომ მივადექი ცენტრში მდებარე სტუდიას, საცვლების ამარა გოგო-ბიჭმა გამიღეს კარი და გაოცებული სახით მითხრეს, უკვე დახურულია ჩვენი ცენტრიო (იცინის). მახსოვს, როგორ ვდარდობდი "იმედის" ამბავს, 1000 დოლარი ჰქონდათ გადახდილი ამ "პერეგონში", თანაც, იმ დროს ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. ჩემს მასალასაც დავტიროდი და ცრემლმორეული დავდიოდი ამსტერდამის ქუჩებში (იღიმება). თუმცა მაინც ვიპოვე გამოსავალი. რვის ათ წუთზე ჩამოვფრინდი, რვის ნახევარზე მივედი ტელევიზიაში და "ლინეიკაზე", ლაივ-რეჟიმში დავამონტაჟე სიუჟეტი 20 წუთში. რასაკვირველია, ეს სიუჟეტი უფრო კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასალა მაინც მოხვდა ეთერში.

- დათვალიერება ვერ მოახერხე?

- ძირითადად ღამის კლუბები მაქვს ნანახი (იცინის). რაც ღია იყო მუშაობის დასრულებისას, იქ მივდიოდით ქართველი ჟურნალისტები. მახსოვს, მოსკოვში დაგვხვდა ოთარ კუშანაშვილი, გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის პატივი ეცა, ჯერ „მეტელიცაში“ დაგვპატიჟა, შემდეგ კი ახალგახსნილ კლუბში, რომელიც სტრიპტიზკლუბი აღმოჩნდა. ისე შემრცხვა, დაცვასაც კი ვუხსნიდი, პრეზიდენტის დელე-გაციის წევრები ვართ და უბრალოდ, დასათვალიერებლად მოვედით-მეთქი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები