ლეილა თოდაძე: "საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო"

 ლეილა თოდაძე: "საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო"

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი მომღერალმა მანანა თოდაძემ გამართა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოსკოვიდან ჩამოსული იყო ქალბატონი მანანას შვილი - ლეილა თოდაძე, რომელსაც ქართველი მსმენელი ქალაქური სიმღერების შემსრულებლად იცნობს, თუმცა ის ჯაზურ კომპოზიციებს უბადლოდ ასრულებს, რაც იმ დღეს, სცენაზე ასულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მომღერალი ინტერვიუს იშვიათად იძლევა, მაგრამ თუ მედიის ესა თუ ის საშუალება მოსწონს, მაშინ ის იმაზე საინტერესო და ენაწყლიანი რესპონდენტიც კია, ვიდრე ეს ჟურნალისტს მასთან შეხვედრამდე წარმოუდგენია... ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც...

- მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ. რა ასაკში დაიწყეთ სიმღერა?

- მშობლების გადმოცემით ვიცი, რომ 2 წლიდან უკვე საკმაოდ რთულ სიმღერებს ვასრულებდი. რაც თავი მახსოვს, ოჯახურ წვეულებებზე, ყველანი ვმღეროდით. ბებია რამდენიმე ინსტრუმენტზე - გიტარაზე, ჩონგურსა და პიანინოზე არაჩვეულებრივად უკრავდა და ხმაც ღვთაებრივი ჰქონდა. ბაბუაც საოცრად მუსიკალური ადამიანი გახლდათ. მახსოვს, ყოველ საღამოს, ჩონგურსა და სალამურზე უკრავდა ხოლმე, რა თქმა უნდა, ისიც შესანიშნავად მღეროდა... მოკლედ, მთელი სანათესავო - დეიდა, ბიძები, ბიძაშვილები და ჩემი დეიდაშვილები - მაიკო და შორენა ყარყარაშვილები ხმაშეწყობილები ვიყავით. ჩვენი ოჯახი დიდი ანსამბლივით იყო. ხანდახან, როცა დედაჩემი, მანანა თოდაძე გასტროლზე არ გახლდათ, ისიც გვიერთდებოდა სიმღერაში, რაც უდიდესი ბედნიერება იყო. მამაჩემიც მომღერალია, რომელსაც არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი და შეუდარებელი ხმა აქვს.

- მამის სანათესავოშიც მუსიკალური ადამიანები არიან?

- დიახ, მამაჩემის ოჯახშიც ყველა მღერის და თან, ძალიან ლამაზად. მოკლედ, ასეთ გარემოსა და ოჯახში რომ ვიზრდებოდი, ამისთვის მადლობა უფალს.

- ალბათ ამან განაპირობა ის, რომ პროფესიად მომღერლობა აირჩიეთ...

- ასე გამოვიდა. ოჯახური "კონცერტები" სერიოზულ სურვილში გადაიზარდა, რომ პროფესიულ სცენაზე მემღერა და შეიქმნა ტრიო "სამაია" მერაბ მამულაშვილის ხელმძღვანელობით. ტრიოში ვიყავით - მე, მაიკო და შორენა ყარყარაშვილები. ვმონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონცერტში.

- როგორც გავიგე, იმ პერიოდში "იურმალის" კონკურსშიც მონაწილეობდით.

- დიახ, 1989 წელს, ვმონაწილეობდით "იურმალის" შესარჩევ ტურში და ფინალში გავედით, მაგრამ ბოლომდე არ გაგვიშვეს, ვინაიდან სამნი ვიყავით (ტრიომ მივიღეთ მონაწილეობა). დღეს ამ კონკურსს "ახალი ტალღა" ჰქვია. ჩვენთან ერთად კონკურსში მონაწილეობდნენ სოსო პავლიაშვილი და თემურ თათარაშვილი და ალბათ ყველას კარგად გვახსოვს სოსოს გამარჯვებაც! გავიდა წლები და უნიჭიერესი, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები, სოსო და თემუკა ჩემი შვილის ნათლიები გახდნენ... შემდეგ ჩვენს ტრიო "სამაიას" უნიჭიერესი რუსა მორჩილაძეც შემოუერთდა და გავხდით კვარტეტი "თოლია"...

- სკოლის დამთავრების შემდეგ რომელ სასწავლებელში ჩააბარეთ?

- სკოლის დამთავრებისთანავე თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 1994 წელს გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო კონკურსში - "იალტა-მოსკვა-ტრანზიტი". საქართველოდან ფინალში მე, ლელა წურწუმია და დათო ფორჩხიძე გავედით. რაც მაშინ იმ კონკურსზე ხდებოდა, ამის მოყოლას დიდი დრო დასჭირდება. იმის მერე საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აღარასოდეს, არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმეღო. წლების განმავლობაში მირეკავდნენ და მთავაზობდნენ ამა თუ იმ კონკურსში მონაწილეობას, მაგრამ პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი, აღარ დავარღვიე...

- და მიუხედავად ამისა, ქართველმა მსმენელმა ქალაქური სიმღერების შესრულებით გაგიცნოთ, მაგრამ ვისაც თქვენ მიერ შესრულებული ჯაზური კომპოზიციები მოუსმენია, აღფრთოვანებას ვერ მალავს. არაერთი ფესტივალის ლაურეატიც ხართ... ისე, მოსკოვში საცხოვრებლად რატომ წახვედით?

- აღნიშნული კონკურსის შემდეგ ბევრი შეთავაზება მქონდა, რომ მოღვაწეობა რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში გამეგრძელებინა. ერთ-ერთმა ასეთმა წინადადებამ დაგვაინტერესა და მოსკოვში მე, მანანა და ჩემი მეუღლე გავემგზავრეთ. ის შეხვედრა სამწუხარო მიზეზის გამო არ შემდგარა: შეხვედრამდე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი ვოკალური მონაცემებით დაინტერესებული მეცენატი მოიწამლა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ ამბავმა ძალზე შეგვაძრწუნა... იმ პერიოდში მამაჩემი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა და მასთან დარჩენა გადავწყვიტე. შევეხმიანე ჩემს მოსკოველ მეგობრებს (რომლებიც კონკურსის დროს გავიცანი). ისინი ღამის კლუბებში შოუკონცერტებს მართავდნენ და შემომთავაზეს, მათ ღონისძიებებში მეც მიმეღო მონაწილეობა. კლუბში, თვის განმავლობაში, თავიდან 3-4 გამოსვლა მქონდა. მოგეხსენებათ, მოსკოვი საკმაოდ ძვირი ქალაქია და ის შემოსავალი თავის გასატანად საკმარისი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე, ყოველდღიური შემოსავლის წყარო მეშოვა და პარალელურად, რესტორანში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, რადგან რუსული რეპერტუარი არ მქონდა. ვმღეროდი მხოლოდ უცხოურ სიმღერებს და მქონდა რამდენიმე ჩემი სიმღერა. ეს რესტორნისთვის საკმარისი არ იყო. დავიწყე რუსული ესტრადის სიმღერების გაცნობა-შესწავლა.

- და შემდეგ აღიარებაც მოვიდა, არა?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხალხმა უდიდესი შრომის შედეგად გამიცნო და შემიყვარა. ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემი სიმღერის მოყვარულთა სია და მადლობელი ვარ თითოეული ჩემი ერთგული მსმენელის...

- საქართველოში კი პოპულარული სიმღერის - "აფრები" შესრულების შემდეგ გახდით...

- ამ სიმღერას საინტერესო ამბავი აქვს: ერთხელაც დამირეკა ბუკომ (მუსიკოსი ბორის შხიანი, ჩემი მამობილი) და მეუბნება: - ლეი, მინდა, ორი სიმღერა მოგასმენინო, რომელიც მანანას დავუწერე და ამ ნამუშევრებზე შენი აზრი მაინტერესებსო. პირველი იყო "თბილისო", ულამაზესი ჰარმონიითა და ბრწყინვალე ტექსტით. ამ სიმღერას ვუსმენდი და ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამომდიოდა. თვალწინ ჩამიარა მთელმა განვლილმა ცხოვრებამ, ბავშვობამ, ახალგაზრდობამ, რომელიც ჩემს ულამაზეს და შეუდარებელ ქალაქს უკავშირდება. დღესაც ცრემლების გარეშე ვერ ვუსმენ ამ სიმღერას. როდესაც დავწყნარდი, ბუკომ მეორე, სამხიარულო სიმღერა "აფრები" ჩამირთო. სიმღერის დამთავრებისთანავე ვუთხარი, "აფრები" ძალიან მაგარი სიმღერაა და გაჰიტდება-მეთქი. მკითხა, - მართლა მოგწონსო? რაკი დაინახა, რომ ძალიან მომეწონა, მაშინვე დამითმო და მითხრა, - მანანას სხვა სიმღერას დავუწერო. ეს იყო ჩემთვის პირველი საკუთარი ქალაქური სიმღერა, რისთვისაც მადლობელი ვარ ბუკოსი და არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი პოეტის, თინა ნაცვლიშვილის. ამ სიმღერის ჩაწერიდან თითქმის 14 წელი გავიდა და ჩვენი თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. მათ ბევრი ლამაზი სიმღერა დამიწერეს, რომლებსაც სიამოვნებით ვასრულებ. იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წელი ვითანამშრომლებ ბუკოსთან და ქალბატონ თინასთან.

- "აფრები" ის სიმღერაა, რომელიც მსმენელმა მასობრივად აიტაცა...

- მომღერალს სიმღერის რეკლამირებისთვის ხშირად გარკვეული თანხის გადახდა უწევს ხოლმე, რომ რადიოსა თუ ტელევიზიაში გავიდეს მისი ნამუშევარი და ხალხმა გაიცნოს. "აფრებს" ეს არ დასჭირვებია, ამ სიმღერას ხალხმა თვითონ გაუკეთა რეკლამა, - აიტაცა და შეიყვარა. მას უსმენდნენ ყველგან, რაც სასიამოვნო იყო, რადგან "აფრები" და შემდგომ ჩემ მიერ შესრულებული სხვა ქალაქური სიმღერები "სახალხო პროექტები" აღმოჩნდა. თუმცა "აფრებიც" და სხვა დანარჩენი ნამუშევარიც კონკრეტული პროექტისთვის, ისრაელში წარსადგენად გაკეთდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ბევრმა შეიყვარა ეს რეპერტუარი და ქალაქური სიმღერების შესრულებას ახლაც მთხოვენ...

- როგორც ვიცი, მსმენელი უცხოეთში მხოლოდ ქალაქური სიმღერებით არ გიცნობთ...

- ჩემი რეპერტუარი რამდენიმე ბლოკისგან შედგება: ვმღერი სხვადასხვა ჟანრში და ბევრ ენაზე! ყველას თავისი მსმენელი და პუბლიკა ჰყავს. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც არის, მსმენელს იმ რეპერტუარს ვთავაზობ.

- რეპერტუარში დაახლოებით რამდენი სიმღერა გაქვთ და რამდენ ენაზე მღერით?

- (ითვლის) 15 ენაზე ვმღერი და რეპერტუარში 2000 სიმღერა მაინც მაქვს, თუ მეტი არა.

- მოდი, ახლა თქვენს ოჯახზე ვისაუბროთ, - როგორი შვილი, დედა და მეუღლე ხართ?

- მეამაყება, რომ მანანა თოდაძის შვილი ვარ. ყველა ადამიანს უყვარს თავისი დედა, მაგრამ მანანა განსაკუთრებულია. ის ჩემი მშობელიც არის, მეგობარიც და მრჩეველიც. მაოცებს მისი ენერგია, კეთილშობილება და სათნოება. ყველას გასაჭირი გულთან მიაქვს და ცდილობს, დაეხმაროს. დედა ჩემთვის მაგალითია და ვცდილობ, მასავით ვიცხოვრო. რაც შეეხება ჩემს პირად ოჯახს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი უმშვენიერესი შვილი: 20 წლის სალომე კურცხალია და 2 წლისა და 5 თვის დათუჩა.

- ისე, ალბათ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო მანანა თოდაძის შვილი და უცხო ქვეყანაში წარადგენდე ქართულ ხელოვნებას...

- ყოველთვის მანანა თოდაძის შვილი ვიყავი, ვარ და ვიქნები. მიუხედავად ამისა, მის ჩრდილქვეშ ყოფნა არ ვისურვე. როგორც კი გავთხოვდი, მაშინვე ქმრის გვარზე გადავედი და კურცხალია გავხდი. მაგრამ მაინც მანანას შვილად მიცნობენ და ამით ვამაყობ ისევე, როგორც ჩემი უმცროსი და - თამუნა შხიანი. თამუნას აბსოლუტური სმენა აქვს. შესანიშნავად მღერის, მაგრამ უსაზღვროდ მორცხვია. სიმღერას არ გაჰყვა, რაც სამწუხაროა.

- რა პროფესია აქვს თამუნას?

- იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ამ პროფესიასაც არ გაჰყვა. იმდენად რბილი და სათნო ხასიათი აქვს, რომ გამოგვიცხადა, - არც ეს პროფესიაა ჩემიო. სამაგიეროდ, თათუს, ჩვენგან განსხვავებით, კიდევ ერთი, ღვთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, - არაჩვეულებრივად ხატავს... მას ორი ულამაზესი გოგონა, ნინი და ნანუ ეზრდება. უბრწყინვალესი დედა და მეუღლეა. ვამაყობ ჩემი ოჯახის თითოეული წევრით და ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით!

- შვილებზე რას გვეტყვით?

- ბედნიერი დედა ვარ... სალომე ჩემი სიამაყეა. ზრდილობიანი და კეთილი გოგონაა, ასევე თბილი, სამართლიანი და ჭკვიანი. დათუჩა ჯერ პატარაა. რომ გაიზრდება, იმედი მაქვს, რომ ასევე სიამაყის გრძნობით ვილაპარაკებ მასზე. ჯერჯერობით კი ვიტყვი, რომ ის ჩვენი სიცოცხლეა.

- როგორი დედა ხართ?

- ეს კითხვა უმჯობესია, სალომეს დაუსვათ.

საუბარში სალომე კურცხალია ერთვება:

- დავიწყებ იმით, რომ მანანას და ლეილას არაჩვეულებრივი დედაშვილობა აქვთ. ასევე ვართ მე და ლეილაც. ის დედაც არის და ჩემი საუკეთესო მეგობარიც. არ არსებობს თემა, რომელიც ლეილასთან შეიძლება, დავმალო. ის ჩემი საუკეთესო მრჩეველია.

- წლებია, რუსეთში ცხოვრობთ, ქართული გარემო რამდენად გაქვთ შენარჩუნებული?

- საქმეც მაგაშია, რომ ისეთივე ქართული გარემო გვაქვს მოსკოვში, როგორიც თბილისში. სამეგობრო წრე, ურთიერთობები ძირითადად ქართველებთან გვაქვს. ჩემი მეგობრებიც მოსკოველი ქართველები და კავკასიელები არიან. რამდენიმე რუსი მეგობარიც მყავს! სადილებიც ქართული ვიცით. მანანა ხომ საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებს, ლეილაც მასავით კარგი დიასახლისია. შესაბამისად, მე მათი გაზრდილი ვარ და მათ ტრადიციებს გავაგრძელებ.

- შენ არ მღერი?

- პატარა რომ ვიყავი, ვმღეროდი, მაგრამ ოჯახში ამდენი მომღერალი და მუსიკოსი საკმარისია. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსს ვამთავრებ, თუმცა გამორიცხული არ არის, მოვიდეს დრო და ლეილასთან და მანანასთან ერთად, მეც ავმღერდე.

- გამორჩეული გარეგნობის გოგო ხარ და მოსკოვში ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.

- ჩემი რჩეული და შეიძლება ითქვას, უკვე საქმრო, ქართველია. ძალიან კარგი ადამიანია. სახელს და გვარს არ გეტყვით (იღიმის). დრო მოვა და თქვენი ჟურნალის მკითხველი პირველი გაიგებს მის ვინაობას, ამის პირობას ვიძლევი.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო