საქართველოში ლამის თითოეული სოფლის სახელი კონკრეტულ შემთხვევასთან, ლეგენდასთან ან თქმულებასთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი მათგანის სახელწოდება უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს. თუმცა ეს მხოლოდ მანამდე გვეჩვენება, სანამ სოფლისთვის სახელის დარქმევის ისტორიას გავეცნობით. გთავაზობთ იმ სოფლების ათეულს, რომელთა სახელწოდებაც ჩვენში ღიმილს იწვევს.
1. ბზუბზუ
აჭარაში, ქედის რაიონში, ორი ბზუბზუ ყოფილა - ზედა და ქვედა. ზედა ბზუბზუს ქედისგან 15 კმ აშორებს, ქვედას კი - 12 კმ. ქვედა ბზუბზუ ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზეა, ზედა კი 320 მ.
2. მანიაკეთი
მანიაკეთიც აჭარაში, ხულოს რაიონში მდებარეობს. აჭარის მთიანი სოფელი მეტად უცნაური სახელით, ზღვის დონიდან 1160 მეტრზეა. თუ რატომ ჰქვია სოფელს მანიაკეთი, უცნობია.
3. დამპალეთი
გორის რაიონის სოფელი დამპალეთი ოკუპირებული ცხინვალიდან 10 კმ-ში მდებარეობს. სოფელი 1991 წლამდე ცხინვალის რაიონს ეკუთვნოდა.
4. ძუყნური
სოფელი ძუყნური ოკრიბაში, ტყიბულის რაიონში, ზღვის დონიდან 420 მეტრზე მდებარეობს. ძუყნური არაჩვეულებრივი ბუნებითაა გამორჩეული.
5. გვესო
ერთ-ერთი უძველესი სოფელი გვესო ცაგერის რაიონს ეკუთვნის და ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარეობს. გვესოში ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხისა და სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევებია შემორჩენილი.
6. სასირეთი
სოფელი სასირეთი კასპის რაიონს ეკუთვნის. ის ანტიკური ხანის სოფელია და მდინარეების, თეძმისა და მტკვრის შესართავთან მდებარეობს. სავარაუდოდ, სოფლის სახელი ჩიტის ძველქართული სახელწოდებიდან - სირიდან წარმოიშვა. გადმოცემის თანახმად, სოფლის ჭალებში უამრავი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. სოფელს სასირეთი "სირის"(ჩიტის) შემოსევის შემდეგ დაარქვეს.
7. შიბლიანი
სოფელი შიბლიანი კახეთში, ზღვის დონიდან 660 მეტრზე მდებარეობს. სოფლის ერთადერთი სიმდიდრე ტყეა. ადრე სოფლის მოსახლეობა ტყის მახლობლად სახლობდა და ტყის ხილით იკვებებოდა. თქმულების მიხედვით, ტყეში მრავლად იყო შინდი და ბალი, შესაძლოა, სოფელს სახელი შინდ-ბალიდან შეერქვა - მას ადრე შინდბლიანს ეძახდნენ, დროთა განმავლობაში კი შიბლიანი უწოდეს. სულხან-საბას ლექსიკონში შიმლიანი ნორჩ ტყეს ნიშნავს. ერთ-ერთ ვერსიით, შესაძლოა, სოფლის სახელიც აქედან იყოს წარმომდგარი. შიბლიანი ერთ-ერთი უძველესი სოფელია, ისტორიულ წყაროებში ის მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება.
8. გოჭკადილი ანუ გაჭედილი
სოფელი გოჭკადილი მარტვილის რაიონში მდებარეობს. `გოჭკადილი~ გაჭედილს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატებისთვის მდინარე აბაშის ყველაზე ვიწრო ხეობაში ისრის წვერის მოყვანილობის თაღოვანი ხიდის აშენება დაუვალებია. ნაგებობამ ორი სტრატეგიული მნიშვნელობის ნაპირი შეაერთა. გადმოცემის მიხედვით, ხიდის აგებით ხეობა გაჭედეს. სოფლის სახელი გოჭკადილი, ანუ გაჭედილი, სწორედ აქედან მომდინარეობს.
9. ვერონა
სოფელი ვერონა კახეთში მდებარეობს. სოფელს თავდაპირველად "ვერენი" რქმევია, ზეპირსიტყვიერებაში სახელწოდება ვერონად ქცეულა. თქმულების მიხედვით, ხევსურ ვაჟსა და ფშაველ ქალს ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ქალი შეძლებული ოჯახიდან ყოფილა. ოჯახებს შორის წარსულში მომხდარი წყენა შეყვარებულებს დაოჯახებაში ხელს უშლიდა, ამიტომ ქალის მამას შვილის მონაზვნად აღკვეცა განუზრახავს, მაგრამ საქმროს ქალი გაუტაცია და ჯვარიც მალულად დაუწერიათ. ახალგაზრდები ვერენის ნასახლარზე დასახლებულან. ვერონა ხევსურების სოფელია.
10. მათხოჯი
იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღეს ხოჯი დაიკარგა. მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე, ხოჯი აქააო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.
მარი მგელაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)