"პრესის ასოციაციამ" პარლამენტს ტენდერების გამოქვეყნებაზე გაზეთ "24 საათის" მონოპოლიის გაუქმების ინიციატივით მიმართა

"პრესის ასოციაციამ" პარლამენტს ტენდერების გამოქვეყნებაზე გაზეთ "24 საათის" მონოპოლიის გაუქმების ინიციატივით მიმართა

"საქართველოს პრესის ასოციაციამ" პარლამენტს სახელმწიფო ტენდერების გამოქვეყნებაზე გაზეთ "24 საათის" მონოპოლიის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. საქმე "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონსა და აღნიშნული კანონის იმ ჩანაწერს ეხება, რომლის თანახმადაც, სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გარდა, გაზეთ "24 საათში" უნდა გამოქვეყნდეს. "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა, აღნიშნული ნორმის გაუქმებას ითვალისწინებს.

"კანონი ერთი გაზეთის პრივილეგიას აწესებს და ის ამ თვალსაზრისით მონოპოლისტია. კანონში არსებული ეს ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად კანონის სულისკვეთებას, რაც კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობაში მდგომარეობს. წლებია, რაც საქართველოში ეს კანონი მოქმედებს. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამგვარი ნორმა და მიდგომა გაუქმდეს, რადგან არ შეიძლება არსებობდეს ერთი გაზეთის პრივილეგირებული მდგომარეობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს პრესის ასოციაციის" წარმომადგენელმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.

მისივე აზრით, სამომავლოდ ტენდერის მეშვეობით და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა შეირჩეს ის ბეჭდვითი მედია-საშუალებები, სადაც ასეთი ტიპის მასალების გამოქვეყნება მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები