დათო კენჭიაშვილი - თურქეთში კონცერტის დღეს სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი

დათო კენჭიაშვილი - თურქეთში კონცერტის დღეს სიკვდილს შემთხვევით გადავურჩი

სვანეთის უბანში, ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. მამისგან ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული და ქვეყნისთვის სამსახური ისწავლა. დედისგან - ქალის პატივისცემა და სიკეთის კეთება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მის ბავშვობაში დაშორდნენ ერთმანეთს, დათო კენჭიაშვილს არც ერთის ნაკლებობა არ უგრძნია. სიმღერა ოჯახმა შეაყვარა. საზოგადოების სიყვარული დათომ რადიოსადგურების წყალობით მოიპოვა. დიდმა ნაწილმა ის თეონა ქუმსიაშვილთან დუეტით გაიცნო. შემდეგ იყო "რამდენი მალოდინე" და დუეტები დიანა ღურწკაიასთან. ახლახან დათო თურქეთიდან დაბრუნდა, სადაც კონცერტი გამართა იქ მცხოვრები ქართველებისთვის, მასთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- დათო, რამ წაგიყვანა თურქეთში, სადაც საპროტესტო ტალღაა მოდებული?

- ბევრად ადრე დაიგეგმა კონცერტი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის, ვიდრე საპროტესტო აქციები დაიწყებოდა. ვერაფერს შევცვლიდი, სტამბოლში მქონდა კონცერტი. რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს. კონცერტის დღეს მანქანით გადავადგილდებოდით. გვერდით აფეთქების ხმა გაისმა და ჩვენი მანქანის მინები ჩაიმსხვრა. ყურები დამიგუბდა, არაფერი მესმოდა. პოლიცია მოვიდა შემთხვევის ადგილას, ევაკუაცია მოახდინეს და მიგვიყვანეს დანიშნულების ადგილას. ეს ამბავი ჩემებმაც კი არ იციან, თქვენი ჟურნალიდან გაიგებენ და მგონი, დაიკეტება თურქეთის გზა ჩემთვის (იცინის). კონცერტმა კარგად ჩაიარა. უდიდესი სითბო ვიგრძენი მაყურებლისგან. სავსე იყო დარბაზი. იქაურ რეიტინგულ გადაცემაშიც მიმიწვიეს.

- კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა... ახლა ჩვენს რუბრიკას დავუბრუნდეთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვისაუბროთ და იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც ოჯახიდან მიიღე...

- თბილისში, სვანეთის უბანში დავიბადე და გავიზარდე, მამაჩემი, თამაზ კენჭიაშვილი, სამხედრო მოსამსახურე გახლავთ, პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მრავალი ომი აქვს გამოვლილი. აგვისტოს ომი მეხუთე იყო მისთვის. სხვათა შორის, მღერის, ლექსებს წერს. ჩემი ერთ-ერთი სიმღერის "დარიალს მთაში" ლექსი სწორედ მამაჩემს ეკუთვნის. ადრე ანსამბლ "ფაზისში" მღეროდა. დედა, ლალი ასათიანი, საბურთალოზე, ბახტრიონის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა. გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი მშობლები ქარხანაში ერთად მუშაობდნენ. იქ იყო ანსამბლი, რომელშიც ორივე მღეროდა. სწორედ იქ გაუცნიათ ერთმანეთი. დედა მამაზე გაცილებით უკეთ მღერის. ფოლკლორიდან შორს არის, მაგრამ კარგად ესმის ესტრადა. ხმაც კარგი აქვს. დედა პროფესიით ეკონომისტია, ამჟამად "წითელ ჯვარში" მუშაობს, პრეზიდენტის თანაშემწეა. მე და მამა 24 საათს ერთად ვატარებდით. სამსახურში დავყავდი, პოლიგონებზეც მირბენია სამხედრო წვრთნებზე. კარავში მეძინა, თვითონ მინდოდა იქ ყოფნა, არავის დაუძალებია. მამას ჩემთვის არც ეცალა, რიგით ჯარისკაცებში ვიზრდებოდი.

- ჯარი მამასთან გაიარე?

- არა, სხვაგან გამაგდო (იღიმის). იცოდა ვიყალთაბანდებდი და იქ ამას მამას ხათრით მაპატიებდნენ. არ მიყვარს დილით ადრე ადგომა, რეჟიმი, ბრძანებები. ვაზიანში გამაგდო მამამ, წელიწად-ნახევარი მომიწია იქ ყოფნამ. ძალიან დიდი გამოცდილებაა ჯარი. იქ სწავლობ, როგორ უნდა შეინახო და გაიტანო გვერდით მდგომი, დამოუკიდებლობას სწავლობ, შენი ქვეყნის სიყვარულს. იქ სხვანაირად გიყვარს სამშობლო, უფრო მძაფრად, უფრო ძლიერად. დროშის ტარება მიყვარდა ძალიან. იმიტომ არა, რომ წინ მივდიოდი და სხვები უკან მომყვებოდნენ. საქართველოს, ჩემი ქვეყნის დროშა რომ მიმქონდა, ეს მხიბლავდა. იქ სხვანაირი განცდა, სხვანაირი სიყვარულია. იქ არავინ იცოდა, ვისი შვილი ვიყავი. მამის სახელით არასდროს მისარგებლია. სიცხის, შიმშილის, სიცივის დაძლევას სწავლობ ჯარში. დაღლაც აღარ არის უცხო.

- დათო, დედისგან რა გამოცდილება მიიღე?

- დედამ ქალის პატივისცემა, ქალის სიყვარული მასწავლა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ქალი შენი პარტნიორია, მეგობარი თუ ნათესავი, ზოგადად ქალის პატივისცემა მასწავლა. სულ რომ უკანასკნელი კახპა იყოს, შეურაცხყოფას არ მივაყენებ ქალს. დიდი წვლილი მიუძღვის ლალის ჩემს მუსიკალურ განათლებაში. თავიდან ჩემს დას, თათიას ამეცადინებდა ფორტეპიანოზე. მე იატაკზე ვიჯექი და ვუსმენდი. ერთ დღესაც მე წამიმღერა ის მელოდია, რომელსაც თათიას ასწავლიდა და მომაქცია ყურადღება. მას მერე ავმღერდი. დედასი ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ძალიან გაწონასწორებულია. მისი გამოხედვა საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, რა არ მოეწონა. სიმშვიდით დედას ვგავარ, მამისგან კაცთმოყვარეობა გამომყვა. უკეთილშობილესი ადამიანია, თამამად შემიძლია ვთქვა. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. აფხაზეთის ომში ტყვედ ჩაუგდიათ რუსი ჯარისკაცი. საწყალი გაასაზიზღრეს თურმე, ისე სცემეს. მამაჩემს მისთვის ხელი არ დაურტყამს, შორს გასულა და უტირია. მერე მიგდებული, დასისხლიანებული ტყვე ხელში აუყვანია და კარავში დაუწვენია. წყალი მიუწოდებია, უჭმევია. დღეს ის ადამიანი მამაჩემის მეგობარია. სხვათა შორის, ფანდური ჰქონდა წაღებული მამაჩემს ომში და მღეროდნენ, მამას საძმაკაცო ყველა მომღერალია.

- შენ არ მღეროდი ჯარში?

- როგორ არა, ჯარში ჩემი ანსამბლი მქონდა (იცინის). ფოლკლორს ვმღეროდით, "დავითიანი" ერქვა ანსამბლს. ჯარი დამთავრდა და დავიშალეთ კიდეც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია