ვასილ ბარნოვი - ისტორიული რომანის ფუძემდებელი

ვასილ ბარნოვი - ისტორიული რომანის ფუძემდებელი

"ჩემი რჩეულის" სერია დასასრულს უახლოვდება. ერთი პროზაიკოსი და ორი პოეტი დაამშვენებს კიდევ პროექტს, მალე კი ჟურნალ "გზასთან" ერთად ახალ სერიას შემოგთავაზებთ.

ამჟამად ჩვენს ჟურნალთან ერთად, ისტორიული რომანის ფუძემდებლის, ვასილ ბარნოვის შემოქმედებას წარმოგიდგენთ. კარგად იცით, რომ ჩვენი გამოცემა რჩეულთა რჩეულია და კლასიკური გამოცემისგან განსხვავდება. ალბათ ბევრი თქვენგანი გვისაყვედურებთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, ამ შესანიშნავი მწერლის ყველა ნაწარმოები ვერ შევიტანეთ ჩვენს 3-ტომეულში. ჩვენს გამოცემაში ვასილ ბარნოვის მხოლოდ რამდენიმე რომანს შემოგთავაზებთ.

ვასილ ბარნოვი 1856 წლის 3 ივნისს სოფელ კოდაში, მღვდელ ზაქარია ბარნაველის ოჯახში დაიბადა, "ბარნოვი" კი მოგვიანებით დაირქვა ფსევდონიმად. ბარნაველი საეკლესიო გვარი ყოფილა და სოფელ ბარნავიდან იღებს სათავეს. მართალია, სოფელი აღარ არსებობს, ნასოფლარი კი დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.

პოეტური და სათნო სულის ადამიანი ყოფილა ბარნოვი, მშვიდი და თავმდაბალი. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულთან ქალიშვილს გაზაფხულის ყვავილი რომ მიუტანია, სულთმობრძავ მწერალს თვალები გაჰფაციცებია, ბავშვივით გახარებია და უთქვამს, - ია მოსულაო. "ეს მხოლოდ იმ კაცს შეეძლო ეთქვა, ვინც სიცოცხლის მიმწუხრის ჟამსაც ამქვეყნიური არსებობის მშვენიერებით ტკბებოდა და მთელი თავისი შემოქმედებით იმ აზრს ამკვიდრებდა, თუ რა კარგია სიცოცხლე, რა ტკბილია არსებობა, რა ლამაზად შეუქმნია სახიერს ეს ქვეყანაო", - ამბობს ფილოლოგი ამირან გომართელი.

თბილისში, ბარნოვის 16 ნომერში ცხოვრობდა. ამ სახლში ყველას უყვარდა სტუმრობა. საღამოობით აქ მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები და პოეტები იკრიბებოდნენ და მათ ჩაით თვითონ ვასილ ბარნოვი უმასპინძლდებოდა...

მწერალი ვასილ ბარნოვი მშობლებმა ბავშვობიდანვე აზიარეს ისტორიას, მის მწერლად ჩამოყალიბებაში კი ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ისტორიის განხრით სწავლამ. მას ცნობილი რუსი ისტორიკოსები ასწავლიდნენ, რომელთა შორის რუსეთის მეცნიერული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი კლუჩევსკიც იყო.

სტუდენტობისას ბარნოვი საგანგებოდ აკითხავდა მოსკოვის გარეუბანს, სახელწოდებით "ობჟორნი რიადს", სადაც სხვადასხვა ჯურის ადამიანები იკრიბებოდნენ, ადამიანები, რომლებიც სასმელმა გადაიყოლა, არადა, შეიძლებოდა კარგი მეცნიერებიც გამოსულიყვნენ. სწორედ ამ უბანში იპოვა მწერალმა პერსონაჟები მომავალი რომანებისთვის, იქაური ამბები კი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებშიც აღწერა.

ბარნოვის ნაწარმოებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საეკლესიო ცხოვრებასაც და ხშირად, საეკლესიო დოგმებისადმი ხაზგასმით უარყოფით დამოკიდებულებასაც კი გამოხატავს. მწერალი სრულყოფილად აღწერს მონასტრების შიდა ტიპიკონს. მაგალითად, "ტრფობა წამებულში" ბევრ პასაჟს ვხვდებით მონასტრის შიდა საქმიანობის შესახებ. ამასაც თავისი საფუძველი აქვს: ბარნოვი ხშირად სტუმრობდა მოსკოვთან ახლოს არსებულ დედათა და მამათა მონასტრებს. ხადკოვის დედათა მონასტერში ბევრს ესაუბრებოდა დედებს, ამიტომაც არ გასძნელებია ნაწარმოებებში დედათა ცხოვრების წვრილად აღწერა. იქ ბევრი საინტერესო ჩანაწერი გააკეთა და ბევრი პერსონაჟიც შექმნა... რუსეთის სამონასტრო ცხოვრებას კი ეცნობოდა მწერალი, მაგრამ მის ნაწარმოებებში ყველაფერი ქართული სულითა და ხასიათით არის გადმოცემული.

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა ბარნოვმა თბილისის უნივერსიტეტში ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით განაგრძო მუშაობა. ის შუა საუკუნეების ლიტერატურის ისტორიასაც კარგად იცნობდა, ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებსაც და ზოგადად, ისტორიასაც და ეს ცოდნა მოხერხებულად გამოიყენა თავის ნაწარმოებებში. მათი წაკითხვით მკითხველი ეპოქაზეც შეიქმნის წარმოდგენას. ბარნოვი თავის პროზაში საკმაოდ კარგად მიჰყვება ისტორიულ წყაროს, გმირის წყაროსეულ დახასიათებასაც კი არ ცვლის, არ ამახინჯებს, მხოლოდ ამხატვრულებს. რა თქმა უნდა, მის მიერ დახატული სახეები და დიალოგები მოგონილი, გამხატვრულებულია, მაგრამ მთავარი ღერძი მაინც ისტორიული წყაროა.

ბარნოვი არაჩვეულებრივად აღწერს კონკრეტული ეპოქის ეტიკეტს, სამხედრო საქმეს და ამის შედეგად აშკარა ხდება, რომ მწერალი კარგად იცნობს ისტორიის ჟანრებს, ვთქვათ, სამხედრო ისტორიას, საეკლესიოს, პოეტიკურს, რაც საშუალებას აძლევს, ნაწარმოებები საკმაოდ დატვირთოს ინფორმაციით.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "ისტორიული დრამის დამწერს წინ უნდა უძღოდეს დიდი ცოდნა ისტორიისა, დიდი გონებამახვილობა, დიდი განათლება, ღვთივ მომადლებული ნიჭის გარდა, და ჩვენის ფიქრით, ამაოდ ირჯებიან ისინი, ვინც ამისთანა დრამის დაწერას მოუმზადებლად და, მაშასადამე, კადნიერად ეტანებიან". მართალია, ილია, აკაკი და ვაჟა წერდნენ ისტორიულ თემაზე და, რასაკვირველია, მაღალმხატვრულად, მაგრამ მათ ისტორიულ თემაზე რომანები არ დაუწერიათ. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული რომანი ჯერ კიდევ არ იყო სრული ფორმით ჩამოყალიბებული და ამიტომაცაა, რომ ეს ჟანრი მაინც ბარნოვის სახელს უკავშირდება.

P.S. "ის ჰგავდა ადამიანს, რომელიც ძალიან შორიდან მოდიოდა. ის თითქო საუკუნეების სიღრმიდან იყო გამოსული... მას თითქო ბაბილონის კოშკიდან ვარსკვლავიან ცაზე კაცობრიობის ბედისწერა ამოუკითხავს, თითქო პლატონის დიალოგი მოუსმენია ათენის აკადემიის ხეივანში", - წერდა ვასილ ბარნოვზე გერონტი ქიქოძე.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს