თაგორი - პირველი არაევროპელი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა

თაგორი - პირველი არაევროპელი, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა

ინდიელებისთვის თაგორი არა მარტო კლასიკოსი, არამედ მთელი ეპოქაა. "ჰიმანჯალის" ავტორი პირველი იყო არაევროპელებს შორის, რომელმაც 1913 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა.

უძველესი გვარის წარმომადგენელი

რაბინდრანათ თაგორი 1861 წლის 7 მაისს ჩრდილოეთ კალკუტაში, ჯორასანკო თხაკურ ბარის მამულში ბრაჰმან დებენდრანატჰა თაგორისა და შარადა დევის მდიდარ ოჯახში დაიბადა.

რაბინდრანათი დედმამიშვილში ნაბოლარა იყო. თაგორები მსხვილი მიწათმფლობელები და უძველესი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. მწერლის ერთ-ერთი წინაპარი ადი დჰარმის რელიგიის დამაარსებელი გახლდათ.

თაგორის უფროსი ძმა, დვიჯენდრანატჰი, მათემატიკოსი, პოეტი და მუსიკოსი იყო, ორი შუათანა ძმა - ცნობილი ფილოსოფოსები, პოეტები და დრამატურგები.

მისმა ძმისშვილმა კი თანამედროვე ბენგალური ფერ­წე­რული სკოლა დააარსა. თაგორების სახლში გამოჩენილი მწერლები, მუსიკოსები და პოლიტიკოსები ხშირად იკრიბებოდნენ. ასეთ გარემოში იზრდებოდა მომავალი ბრძენი. თაგორი 5 წლის იყო, როდესაც აღმოსავლურ სემინარიაში მიაბარეს სასწავლებლად, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივ სკოლაში გადაიყვანეს, სადაც უკეთესი სწავლის დონე იყო. მიუხედავად ამისა, რაბინდრანატმა კარგი ოჯახური განათლება მიიღო, შეისწავლა არითმეტიკა, გეომეტრია, ისტორია, ინგლისური ენა და სანსკრიტი, აგრეთვე სხვა საგნებიც. გაეცნო უძველესი პერიოდის უდიდესი ინდოელი დრამატურგისა და პოეტის კალიდასის შემოქმედებას.

სწავლისგან თავისუფალ დროს თაგორს მამულის შემოგარენის გარშემო ფეხით სეირნობა უყვარდა.

პოეტად ჩამოყალიბება

მომავალმა მწერალმა ლექსების წერა პატარაობიდანვე დაიწყო. 16 წლის ასაკში პირველი დრამა და ნოველები დაწერა. თავისი პირველი ლექსი მზის ლომის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.

11 წლის ბიჭუნამ მამასთან ერთად კალკუტა დატოვა. რაბინდრანათის მამა, რომელიც შემდგომში ბრაჰმანი გახდა, ინდოეთის წმინდა ადგილების მოსალოცად ხშირად დადიოდა. 1873 წლის 14 თებერვალს მამა-შვილი რამდენიმე თვით ერთად გაემგზავრა სამოგზაუროდ. მათ მოინახულეს შანტინიკეტანის საოჯახო მამული და ამრიტსარში გაჩერდნენ. მომლოცველობითმა მოგზაურობამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ პოეტზე, უფრო ახლოს გაიცნო ქვეყნის ბუნება და ისტორია, ქვეყნის კულტურული ცხოვრება. როდესაც ბი­ჭუნა 14 წლის იყო, დედა გარდაეცვალა. 1877 წელს რაბინდრანატმა მაიტჰილის სტილში გრძელი პოემა დაწერა. 1878 წელს თაგორმა ბრაიტონის საჯარო სკოლაში ჩააბარა. პირველი რამდენიმე თვე ბრაიტონთან ახლოს, ჰოუვაში მდებარე თაგორების კუთვნილ სახლში იცხოვრა. მასთან ერთად მისი ძმისშვილებიც იყვნენ, რომლებიც ინგლისში თაგორის მსგავსად სასწავლებლად ჩავიდნენ. იგი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამართალს სწავლობდა, მაგრამ კოლეჯი მალე მიატოვა და ლიტერატურის შესწავლას შეუდგა - სიამოვნებით გაეცნო კლასიკოსების ნაწარმოებებს. 1880 წელს ბენგალიაში ხარისხის გარეშე დაბრუნდა.

სამაგიეროდ, ინგლისის გაცნობამ და იქ მიღებულმა ცოდნამ დადებითი გავლენა მოახდინა მისი გვიანდელი პერიოდის შემოქმედებაზე როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს