2013 წლის 1-ელ ივლისს გიორგი არველაძე, რომელიც ამ დრომდე "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ბანკის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. წინა გენერალური დირექტორი, ლადო გურგენიძე ამჟამად "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარეა და ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლომდე დაიკავებს.
"ლიბერთი ბანკის" მმართველობაში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა: ლექსო ლიპარტელიანი, რომელიც ამ დრომდე კორპორატიულ საბანკო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, საკრედიტო რისკებს გაუწევს ხელმღვანელობას, რაც ამ დრომდე ლადო გურგენიძის ფუნქციებში შედიოდა.
დავით ვერულაშვილი "ლიბერთი ბანკის" კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის ხელმღვანელად დაინიშნა და 2013 წლის ბოლოსთვის მისი გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშვნა იგეგმება.
სანდრო რთველაძე, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა და "ლიბერთი ბანკის" ახალი ბაზრების, არხებისა და კლიენტების მიმართულებას კურირებს, ასევე გააგრძელებს ბანკის კორპორატიული საბანკო დეპარტამენტის თანადირექტორობას.
არმენ მათევოსიანი, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა საცალო საბანკო საქმიანობის მიმართულებით დამატებით ზედამხედველობას გაუწევს ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, რომელსაც ამ დრომდე ლადო გურგენიძე კურირებდა.
გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ წულაია 2013 წლის მეორე ნახევრიდან შეასრულებს დამატებით ფუნქციებს ბანკში.
"ამიერიდან ჩემი ყოველდღიური ფუნქციების დიდ ნაწილს გადაინაწილებენ გიორგი, ლექსო და სანდრო, რის შედეგადაც მე მექნება მეტი შესაძლებლობა ყურადღება გავამახვილო ბანკის სტრატეგიულ განვითარებასა და კაპიტალის მოზიდვაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი, რომელიც 2009 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს ბანკში, შეძლებს სათანადოდ გააგრძელოს ბანკის მართვა. ცვლილებები თანამიმდევრულად განხორციელდება და ვინაიდან ჩვენ ყველას ერთიანი ხედვა და ღირებულებები გვაქვს, "ლიბერთი ბანკი" გააგრძელებს განვითარების არსებულ კურსს", - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ლადო გურგენიძემ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9