Hammad Zaman-ის მუქარა "რეზონანსის" ჟურნალისტის "ფეისბუკის" გვერდზე

Hammad Zaman-ის მუქარა "რეზონანსის" ჟურნალისტის "ფეისბუკის" გვერდზე

რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ვინმე "ჰამმად ზამანის" მიერ 6 ივნისს გამოგზავნილი შეტყობინება ჩემი "ფეისბუკის" გვერდზე მხოლოდ ორი დღის წინ აღმოვაჩინე. შეტყობინება სულ სამი წინადადებისაგან შედგება. პირველი ორი წინადადება ინგლისურად წერია და მუქარას გამოხატავს: "ჩვენ ყველა ქართველ ჯვაროსანს გავანადგურებთ, ჯიჰადი მოდის საქართველოსთვის", - მწერს გამომგზავნი. მესამე წინადადება არაბული შრიფტითაა დაწერილი, რომელიც გუგლის მეშვეობით დაახლოებით ასე ვთარგმნე: "არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალაჰისა".

"ჰამმად ზამანი" მიგზავნის იმ ვიდეო-რგოლის ლინკსაც, რომელიც 5 ივნისს "იუთუბზე" ატვირთა და ინტერნეტით გაავრცელა, და რომელსაც შსს ამჟამადაც იძიებს.

ამ, ასე ვთქვათ, ვირტუალური ტერორისტის შეტყობინება თავის დროზე რომ მენახა, ალბათ უფრო მძაფრი რეაქცია მექნებოდა, რადგანაც ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში, ქართულ ბაზაზე მომხდარმა ტერაქტმა შვიდი ჯარისკაცი იმსხვერპლა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა ამ ვიდეოს ქართული წარმომავლობის შესახებ, მეც მშვიდად შევხვდი ამ "მუქარას" და გამოძიებას წარვუდგინე.

ამასთან დაკავშირებით შს სამინისტროს კონტრტერორისტულ დეპარტამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკითხვის დეტალების გამხელისგან თავს ვიკავებ. მინდა, ამ სტატიაში მხოლოდ ჩემი ვერსია და ვარაუდი გამოვთქვა, თუ რატომ შემარჩია ვირტუალურმა "თალიბმა" მუქარის ადრესატად.

ვიდეორგოლის შემქმნელის ქართული წარმომავლობის ვერსიას კიდევ მეტად ამყარებს მუქარის ჩემთვის გამოგზავნის ფაქტიც. ორიოდე სიტყვით აღვწერ ჩემს "ფეისბუკის" გვერდს. მთავარ ფოტოებად მიდევს სამხედრო წვრთნების დროს პოლიგონზე საბრძოლო აღჭურვილობაში გადაღებული საკუთარი სურათები. თვითონ გვერდი დატვირთული მაქვს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ფოტოებით, და საერთოდ, აისაფის თემასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალით. ყოველივე ეს აღნიშნული მისიისადმი ჩემს მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას ადასტურებს. პოსტებსა და კომენტარებში კი მუდმივად აღვნიშნავ, რომ ვემზადები ავღანეთში წასასვლელად და ჟურნალისტის ამპლუაში მისიის გასაშუქებლად.

ამასთანავე, არ დამიმალავს, რომ ვმუშაობ საკმაოდ სერიოზულ მედია-პროექტზე ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით და ამ პროექტის თაობაზე ინფორმაცია გააჩნია ბევრს სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურას. რამდენადაც ამ ავანტიურის ერთ-ერთი მიზანი ხალხის დაშინება და დაპანიკებაა, არ გამოვრიცხავ, რომ მუქარის ადრესატად ჩემი შერჩევის მიზანი იყო, რომ მედია-საშუალებით გარკვეული პანიკა ამეტეხა.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, "ვირტუალური ტერორისტ(ებ)ის" კლიპში ჯარისკაცები, რომელთაც ისინი განადგურებით ემუქრებიან, ჩემი "ფეისბუკის" მეგობრები არიან და მათთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. "ჰამმად ზამანის" აზრით, ალბათ უფრო მეტად დავპანიკდებოდი, როცა კლიპში ჩემს ახლობელ ჯარისკაცებს ვნახავდი. ალბათ ამიტომაც "იუთუბზე" ატვირთული ორი ვიდეო-რგოლიდან მხოლოდ ის გამომიგზავნეს, სადაც ჩემი ნაცნობი ჯარისკაცები ჩანდნენ.

ივნისის დასაწყისში, მაშინ, როცა "ჯიჰადის კლიპები" გავრცელდა, და იქ ჩემი ახლობელი ჯარისკაცები ვიხილე, დაუყოვნებლივ ვიპოვე და ვკითხე, ნახეს თუ არა თავიანთი თავი ვიდეო-რგოლში. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი ჩემგან გაიგეს და ლინკის გადაგზავნა მთხოვეს. ასე რომ, მათი პირველი რეაქციისა და ემოციის მოწმე და გამზიარებელი სწორედ მე ვიყავი. მათი უსაფრთხოების მიზნით, ყოველი შემთხვევისთვის, მათ სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, მხოლოდ იმ ფრაზებს მოვიყვან, რომლებიც მათ კლიპის ნახვისთანავე მითხრეს. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, მხოლოდ გამეცინა და მეტი არაფერი, რით დავიმსახურე ნეტავ, კლიპში რომ მომახვედრესო? მეორემაც, ასევე, ხუმრობით მომიგო, "თალიბებს" აქეთ ჩამოსვლით არ შევაწუხებ, სექტემბერში იქით ვეახლებიო. მესამეს კი უფრო რადიკალური რეაქცია ჰქონდა: "მალე წავალ ავღანეთში და მაგათ ვაჩვენებ, ვინ არიან ქართველები".

არ ვიცი, როდის და როგორს, მაგრამ ალბათ საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის. მანამდე კი თავს უფლებას ვაძლევ, ხმამაღლა განვაცხადო, "ვირტუალურმა ტერორისტებმა" დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. მათ ვერც ჯარის დაპანიკება შეძლეს და ვერც - საქართველოს მოსახლეობის. ჩემი აზრით, ვერც ის მოახერხეს, რომ ნატოსა და აისაფის მისიასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოების განწყობა ძირეულად შეეცვალათ.

ზაირა მიქატაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები