ვის უძღვნიდა ზაქრო ინწკირველი ლექსებს

ვის უძღვნიდა ზაქრო ინწკირველი ლექსებს

"კომედი შოუს" სცენარისტი და გენადის როლის შემსრულებელი - ზაქრო ინწკირველი ფიქრზე შეყვარებული ადამიანია. ამბობს, რომ პატარაობისას ხტუნვასა და სირბილს ჭადრაკის თამაში ერჩივნა. "ათ წელიწადზე მეტია, სცენარისტი ვარ და საქმეს ბევრი ფიქრის წყალობით ვაკეთებ. თუ არ დავფიქრდი, ვერაფერს მოვიგონებ..."

- საინტერესოა, პატარას რა გქონდა ამდენი საფიქრალი?

- მაგალითად, მეგობრები ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მათ გვერდით სირბილს მერჩივნა იმაზე მეფიქრა, თუ ვინ რა შეცდომა დაუშვა ან ვინ უკეთ ითამაშა. მარტოს სეირნობა მიყვარდა, კაცს კი ფიქრი ასეთ დროსაც მოგეძალება ხოლმე. მახსოვს, პატარ-პატარა ლექსებს ვწერდი, რომლებსაც დედას ვუძღვნიდი და როცა მისთვის რაიმეს თხოვნა მინდოდა (მაგალითად, კინოში წასვლა ან სხვა რამე), ამას ლექსად ვეუბნებოდი ხოლმე. ჩემს ბავშვობაში ილუსტრირებული და საინტერესო წიგნების დეფიციტი იყო. ჰოდა, საკუთარი ხელით ვაკეთებდი ათასგვარ მისალოც, ჩასაკეც ბარათსა და კონვერტს. კომიქსებს რომ ვნახავდი, ვფიქრობდი, - ძალიან ლამაზია, მაგრამ იქნებ მე უკეთესის შექმნა შემიძლია-მეთქი? ანეკდოტებს ვწერდი. ჩემი პერსონაჟი მყავდა: "სასაცილო მოთხრობების ავტორი" ანუ ს.მ.ა. ჰოდა, ვინაიდან ალკოჰოლის სმა ქართველებისთვის მისაღები და საინტერესო თემა იყო, ამ ს.მ.ა.-ზე ვიგონებდი ათასნაირ ამბავს. ახლა "კალამბურობანა" - ანუ სიტყვის ორაზროვნებაზე შექმნილი თამაშები მიყვარს. მე და კობა ბარათელი ერთმანეთს ხშირად ვეპაექრებით და რაიმე სიტყვას რომ მოვიფიქრებთ, ერთურთს ტელეფონით ვურეკავთ ხოლმე.

- ალბათ კარგი მოსწავლე იყავი...

- სიგიჟემდე მიყვარდა სწავლა. სკოლიდან შინ დაბრუნებული მაშინვე მეცადინეობას ვიწყებდი. დედა სულ მეხვეწებოდა, - ტანისამოსი გამოიცვალე და მერე იმეცადინეო... ჭადრაკმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. ქუთაისში ვარ დაბადებული და იმ საშინელ 80-90-იან წლებში მეგობრებისგან იმით გამოვირჩეოდი, რომ ქურდობა არ მინდოდა და "შავ სამყაროს" არ ვეკარებოდი. ჭადრაკის წყალობით მე და ჩემმა მეგობრებმა მთელი საბჭოთა კავშირი მოვიარეთ.

- ჭადრაკს ახლაც თამაშობ?

- რა თქმა უნდა! კომპიუტერში მაქვს ძალიან ძლიერი პროგრამა და როცა ვუგებ, მიხარია... ადრე ერთი მავნე ჩვევა მქონდა, ფიქრის დროს შუბლთან ხელებს ვიდებდი და თმას ვიხვევდი. შეიძლება, ჩემი "შემელოტება" ამის ბრალიც არის (იცინის). რაც უფრო მეტი საფიქრალი და სანერვიულო მქონდა, მით უფრო მეტად ვიხვევდი თმას.

- დიდი ხანია, მარტო ცხოვრობ...

- ოც წელს რომ გადავაბიჯე, მამას ვუთხარი, - დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება და გავრისკავ-მეთქი. მამა ჩემს ნათქვამს გაგებით მოეკიდა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. თბილისში ჩამოსულმა, თავიდან ბინა ვიქირავე, მაგრამ შემდეგ იმდენს მივაღწიე, რომ უკვე სამი წელია, პატარა "ბუნაგი" მაქვს.

- როგორ იწყება მარტოხელა მამაკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- დღის დაგეგმვითა და ისევ და ისევ, ფიქრით. მაღვიძარა ცხრის ნახევარზე იწყებს რეკვას. ლოგინიდან ადგომის შემდეგ აბაზანას ვიღებ, ჩაის ვსვამ და სამსახურში მივდივარ; ათი საათიდან მუშაობას ვიწყებ.

- როგორ მოხვდი იუმორისტულ გადაცემაში?

- ბავშვობაში იუმორისტული პროგრამების ყურება და ამ ჟანრის წიგნების კითხვა მიყვარდა. სკოლაში სწავლის ბოლო წლებში უკვე დამოუკიდებლად ვქმნიდი იუმორს. სტუდენტობისას მიყვარდა "კავეენზე" სიარული. ერთხელ გამოაცხადეს, რომ ღია ჩემპიონატი იწყებოდა, რომელშიც ნებისმიერს შეეძლო მონაწილეობა. ჰოდა, პირველივე სეზონზე მე, გიორგი ჯანელიძემ, ოთო ლომთაძემ და სხვა მეგობრებმა ისეთ წარმატებას მივაღწიეთ, რომ უნივერსიტეტის ნაკრებში აგვიყვანეს. სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე და წესით, ექიმად უნდა მემუშავა, მაგრამ საკუთარი თავი სულ სხვა სფეროში ვიპოვე.

- ექიმის დიპლომი გაქვს?

- კი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი ვარ. უბრალოდ, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ზოგჯერ ცხოვრებაში მადგება... ღმერთმა იუმორის გარეშე არ მამყოფოს, მაგრამ არ მიყვარს, როცა სუფრასთან მჯდომს მეუბნებიან, - რაიმეს მოჰყევი, გამაცინეო. რადგან იუმორს ვქმნი, ჩემგან სასწაულებს ელიან.

- ტელეეკრანზე გამოჩენა არ გხიბლავს, მაგრამ გენადის როლის მორგება მაინც მოგიხდა...

- გენადი შემთხვევით "დაიბადა". "ვანოს შოუზე" ვმუშაობდით, როცა ოთახში ანდღულაძე შემოვიდა და დამიძახა, - გვერდით დამიდექიო, მერე კი დასძინა: აი, ეს უნდა იყოს ჯულის ქმარიო. ჩემი მოწოდება ამ როლის შესრულება ნამდვილად არ იყო, მაგრამ გუნდის თხოვნა გავითვალისწინე.

- გულის სწორი ხომ არ გყავს? ახლო მომავალში დაოჯახებას ხომ არ აპირებ?

- შეყვარებული არ ვარ. როგორც კი გამოჩნდება ისეთი სერიოზული ადამიანი, რომელიც მაგრძნობინებს, რომ ის "ის" არის, მაშინვე დავოჯახდები. თანდათან წინ მივდივარ და ოჯახის ტვირთის ზიდვა წესით, არ უნდა გამიჭირდეს.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- სამსახურის შემდეგ ვუკავშირდები მეგობრებს და მათთან ერთად გასართობად, სადმე წყნარ ადგილას მივდივარ. ვცდილობ, თავისუფალი დრო არა კოლეგა-მეგობრებთან, არამედ სხვებთან ერთად გავატარო: მყავს ბავშვობის დროინდელი მეგობრები და საღამოობით ერთმანეთს დღის ამბებს ვუზიარებთ...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები