გიორგი აფციაური მამობისთვის ემზადება

გიორგი აფციაური მამობისთვის ემზადება

დიდი ხანი არ არის, რაც გიორგი აფციაური საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გახდა. ისევ გადატვირთული დღის გრაფიკი აქვს, პარალელურად - მხიარულთა და საზრიანთა კლუბს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ეს მისი სფეროა, იუმორის გარეშეც ვერ ძლებს. მომავალში ეკრანზე ხშირად აღარ გამოჩნდება, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

პრეამბულის მაგიერ

-  გიორგი, როგორი მკითხველი ხარ?

-  ნორმალური. არ მჯერა, როცა ამბობენ, წიგნების საკითხავად დრო არ მაქვსო. ამის გაკეთება ყოველ საღამოს, თუნდაც ნახევარი საათით მაინც შეიძლება. ძილის წინ კითხვა მიყვარს.

-  ახლა რას კითხულობ?

-  ამჯერად არც ერთ მხატვრულ ნაწარმოებს არ ვეცნობი, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად ვსწავლობ კონფლიქტოლოგიას. დისერტაციის დასაცავად ვემზადები.

-  რომელ თემაზე მუშაობ?

-  მედიაორგანიზაციის მართვა და საკადრო პოლიტიკა.

-  შენი საყვარელი მწერალი რომელია?

-  აკუტაგავა. ის რასაც წერს, ჩემთვის ძალზე ახლობელია.

-  რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

-  პროსპერ მერიმეს ფორტუნატოსთან ("მატეო ფალკონე"). ამ გმირს მამა კლავს. მასთან ვიმეგობრებდი და რჩევებსაც მივცემდი.

-  გიორგი, მალე უკვე მამა გახდები...

-  ბავშვის დაბადების თარიღი რაც უფრო ახლოვდება, ამაზე უფრო მეტად ვფიქრობ. საოცარი განცდაა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება და არც კი ვიცი, ემოცია სიტყვებით როგორ გადმოვცე.

-  სქესი იცით?

-  ბიჭია.

-  სახელი შეურჩიეთ?

-  ამ საკითხზე ავტონომია სალომეს აქვს, მე არ შევეწინააღმდეგები. რამდენიმე სახელი აქვს შერჩეული, მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელს დაარქმევს.

-  ინდოელების აზრით, მას თავიდან ისე უნდა მოექცე, როგორც მეფეს, შემდეგ - როგორც მონას, ბოლოს - როგორც მეგობარს. ვისზე ამბობენ ამას ინდოელები?

-  ზუსტად არ ვიცი, შეიძლება შვილზე ამბობენ.

-  გამოიცანი.

-  მონასავით რატომ უნდა მოექცე? მათ მოსაზრებაში ეს ნაწილი არ მომწონს.

-  მის ბოლო სართულამდე რომ ახვიდე, 1792 საფეხური უნდა აიარო. რომელ შენობაზეა ლაპარაკი?

-  საქართველოშია?

-  ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია.

-  ეიფელის კოშკი.

-  თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება. რა ემართება წითელ ღვინოს?

-  ძმარდება.

-  მხოლოდ წითელი ღვინო ძმარდება?

-  არა - თეთრიც. პასუხი არ ვიცი.

-  დაძველებისას წითელი ღვინო ღიავდება. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

-  დიდად მოყვარული არ ვარ. ლუდი უფრო მიყვარს.

-  ღვინის დაყენება იცი?

-  არა, მაგრამ საწნახელში ყურძენი არაერთხელ დამიწურავს.

-  რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მდინარე მტკვრის ყველაზე დიდი მონაკვეთი?

-  აზერბაიჯანის.

-  "ქართველებს უყვართ სტუმარი. სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მივედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ... ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას, საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა", - ვკითხულობთ ინგლისელი ქართველოლოგის მოგონებებში. დაასახელე ეს პიროვნება.

-  ვერ გიპასუხებ.

-  მარჯორი უორდროპი. რა ჰქვია ფიჭიან თაფლს?

-  ვერ ვიხსენებ.

-  გოლეული. ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

-  ალბათ - ენა. გამოვიცანი?

-  ახლა კი მიპასუხე, რამდენი სანტიმეტრია 1 გოჯი?

-  დაახლოებით 4-5 სანტიმეტრი.

-  4 სანტიმეტრი. ის ბევრნაირი არსებობს: მეგობრული, ვნებიანი, სამშობლოს, იდეის, პროფესიის...

-  (მაწყვეტინებს) მივხვდი, სიყვარულზეა ლაპარაკი.

-  ვინ არიან აღიარებულნი მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანებად?

-  (ფიქრობს) უნდა გავიხსენო.

-  მიგანიშნებ, ისინი აფრიკაში მდინარე კონგოს აუზში ცხოვრობენ.

-  პიგმეები.

-  სპარსული ანდაზა ამტკიცებს: როცა ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ჭკვიანია... ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

-  როცა არ ეძებს.

-  როცა ჰგონია, რომ სიბრძნე უკვე იპოვა. პოეზია გიყვარს?

-  ამ შემთხვევაში უპირატესობას ვაჟა-ფშაველას ვანიჭებ. მთის კაცია, მის სიტყვაში სხვა ძალა იგრძნობა. მეც მთიული ვარ.

-  გუდამაყარში ხშირად დადიხარ?

-  სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ.

-  "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,/ გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,/ ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,/ დაულეველო სამშობლოვ ჩემო!/ შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,/ როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი/ და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

-  ოთარ ჭილაძე.

-  დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც სცენაზე გოგი გეგეჭკორმა, ხოლო კინოში იმედა კახიანმა განასახიერა.

-  მადროვე (ფიქრობს)... პლატონ სამანიშვილი.

-  ვინ წარმოადგენს სახელმწიფო მბრალდებელს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს?

-  პროკურორი.

-  ისააკ ნიუტონის დაბადების 300 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

-  ნიუტონის ვაშლი.

-  ვარაუდობენ, რომ მილიონობით ხე ამ ცხოველის დარგულია, ოდესღაც დამალა კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდა. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

-  ციყვზე, არა?

-  ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

-  (იცინის) მიწაზე სირბილი.

-  ქალს კომპლიმენტს ხშირად ეუბნები?

-  ძალიან ხშირად.

-  შენი ნათქვამი ყოველთვის გულწრფელია?

-  თითქმის ყოველთვის.

-  სახელმწიფო ტოგოში ერთი უცნაური წესი აქვთ. თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?

-  არ ვიცი, ისჯება?

-  არა.

-  აბა, ცოლად უნდა მოიყვანოს?

-  გამოიცანი.

-  ეს არც წამიკითხავს და არც ვინმესგან მსმენია. სწორ პასუხამდე ინტუიციით მივედი.

-  ინგლისელმა ფილოსოფოსმა მასზე ასეთი განმარტება გააკეთა: "ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობისგან, თბილი პირადი ურთიერთობებისგან, არსებობის ღირსეული საშუალებებისგან და წარმატებული სამსახურისგან". რა განმარტა ასე ფილოსოფოსმა?

-  სიყვარული.

-  ცდები.

-  ბედნიერება.

-  რა თქმა უნდა. რა არის შენთვის ბედნიერება?

-  ის ყველაფერი, რაზეც რასელმა გაამახვილა ყურადღება.

-  ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?

-  სანდრო ჟორჟოლიანმა.

-  დაასახელე ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.

-  ღამურა.

-  რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ "ასკილი მაღალი საზოგადოებიდან"?

-  არ ვიცი.

-  გამოცნობა არ უნდა გაგიჭირდეს, დაფიქრდი, ერთ-ერთ ყვავილზეა ლაპარაკი.

-  ვარდზე?

-  დიახ. ამ ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის შემადგენლობაში შედის. ამ ტყეს ხშირად "მსოფლიოს ფილტვებსაც" უწოდებენ. რომელ ტყეზეა ლაპარაკი?

-  ვერ გეტყვი.

-  ამაზონის ტყე. რომელმა ლიტერატურულმა გმირმა იმოგზაურა ლილიპუტების ქვეყანაში?

-  გულივერმა.

-  რომელ ქვეყანაში იყო ფაშის ტიტული?

-  ოსმალეთში.

-  დემეტრე I, ალექსანდრე I (დიდი), თეიმურაზ I, ერეკლე II. ჩამოთვლილთაგან, რომელი ქართველი მეფე არ აღკვეცილა ბერად?

-  (ფიქრობს) ერეკლე II.

-  ბერძნულ მითოლოგიას კარგად იცნობ?

-  ამაშიც გამომცადე.

-  რომელ ყვავილად გადაიქცა ჭაბუკის გარდაცვლილი სხეული, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს და საკუთარი თავი შეაყვარეს.

-  ნარცისად.

-  დაბოლოს, დაასრულე ცნობილი ქართული ანდაზა: "აღფრთოვანებული არ დაჰპირდე და აღელვებული არ..."

-  ვერ დავასრულებ.

-  "...აღელვებული არ დაემუქრო".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები