ილია მეორე - "დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ ჩვენთან სტუმრად მყოფ მუსლიმებს თავისთვის ელოცათ"

ილია მეორე - "დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ ჩვენთან სტუმრად მყოფ მუსლიმებს თავისთვის ელოცათ"

სამთაწყაროს მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა სამთაწყაროელმა, მუსლიმმა სულიკო ცინცაძემ განაცხადა, მათსა და მართლმადიდებლებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.

"ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე განცხადებით, ქრისტიან და მუსლიმ ხალხს შორის წლების განმავლობაში არსებობს ურთიერთსიყვარული. "ჩვენს შორის დაბრკოლება არ ყოფილა და ჩვენ ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ ვუშლით", - აღნიშნა სულიკო ცინცაძემ.

მართლმადიდებელი ქრისტიანის, თემო ჯაიანის განცხადებით კი, სამთაწყაროში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობაა. "მუსლიმებს არავინ უკრძალავს ლოცვას, პირიქით, როდესაც მათი დღესასწაულებია, გვეპატიჟებიან და ჩვენც ვეპატიჟებით ქრისტიანულ დღესასწაულებზე და არავითარი დაპირისპირება არ არსებობს", - აღნიშნა თემო ჯაიანმა.

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ კი სამთაწყაროს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მუსლიმ და ქართველ ხალხს შორის უთანხმოებაზე იყო საუბარი. უწმინდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.

"მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. "ჩვენთვის ერთიც და მეორეც შვილები ხართ და არავის დავაჩაგვრინებთ. ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ. თქვენ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ. მინდა გითხრათ, რომ დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე თქვენს სოფელში და პირადად მოვინახულო სამთაწყარო. ხელოვნურ პროვოკატორებს არ უნდა მოუსმინოთ. ღვთის მადლით, მშვიდად უნდა ვიყოთ და ღმერთი ვადიდოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს