არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელები თავისუფლებაში რჩებიან

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელები თავისუფლებაში რჩებიან

"2009 წელი იყო... ახალი წლის მისალოცად მეგობართან წავედი... მოგვიანებით ჩვენს ერთ მეგობარს დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს. ნასვამი იყო, ამიტომ მეც გავყევი. სკოლასთან შევიკრიბეთ... წაკამათდნენ, ჩემი მეგობარი გვერდზე გავიყვანე, მაგრამ ჩხუბი დანარჩენებს შორის მაინც გაგრძელდა. ამ დროს ერთი ბიჭი დაჭრეს და დამნაშავეები გაიქცნენ. მე და ჩემმა მეგობრებმა დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ... შინ ვბრუნდებოდით, როცა ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა გაგვაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ყველანი ცალ-ცალკე ოთახებში მოგვათავსეს. მალე ის ბიჭებიც მოიყვანეს, რომლებიც იქ ჩხუბობდნენ. განყოფილებაში ხელბორკილები მომხსნეს, სახეში და სხეულზე მუშტებსა და წიხლებს მირტყამდნენ... პოლიციელმა, ალექსანდრე ბლიაძემ მარცხენა ყურზე სიგარეტი მომადო და დამწვა. თან ყველანი მაგინებდნენ. წიხლებს მირტყამდა პოლიციის სამმართველოს უფროსი, მამუკა ხვედელიანიც და თან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ცემის დროს ცხვირიდან სისხლი წამომივიდა. ერთმა პოლიციელმა ხელით მიმიყვანა კარამდე და იქ მდგარ პოლიციელს უთხრა, - ტუალეტში დააბანინე და ისევ შემოიყვანეო. ცივმა წყალმა სისხლდენა შემიჩერა, ისევ უკან დამაბრუნეს... კვლავ მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ - მოყევი, რაც მოხდა, რატომ იჩხუბეთო? სიმართლეს ვეუბნებოდი, მაგრამ არ მიჯერებდნენ და მაინც უმოწყალოდ მირტყამდნენ... ცემის დროს სახეზე ხელი მქონდა აფარებული. როგორც კი ხელს ჩამოვწევდი, ან მუშტი მხვდებოდა, ან - ფეხი. ხან დივანზე მიმაგდებდნენ, ხან - იატაკზე.

ამ დროს ერთმა პოლიციელმა თქვა, - მოდი, ბოთლი გავუკეთოთ უკანალშიო. ამის გაგონებაზე გავიბრძოლე, მაგრამ იატაკზე მაინც დამაგდეს, ლიტრანახევრიანი "ფანტის" ბოთლი მომადეს. თავგანწირვით ვიბრძოდი, მაგრამ 4-5 პოლიციელს გაკავებული ვყავდი. ესენი იყვნენ გიორგი ბლიაძე და ჩემ მიერ აღწერილი ორი პოლიციელი, რომელთა ამოცნობა შემიძლია. პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი სხვა ოთახში იყო გასული, როდესაც შარვალი და საცვალი ჩამხადეს და ბოთლი უკანალზე მომადეს. ერთმა პოლიციელმა სურათების გადაღება დაიწყო... ამის მერე კვლავ გააგრძელეს ჩემი ცემა-წამება, ისევ წამომივიდა ცხვირიდან სისხლი. ისევ ის პოლიციელი იხმეს, შემიყვანა საპირფარეშოში და სისხლი ჩამოვიბანე... ორმა პოლიციელმა ხელები გადამიგრიხა და მაგიდაზე გადამხარეს, საცვალი ჩამხადეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს: - "რიჟა, მოდი იხმარეო", ამის გაგონებაზე ისევ ბრძოლა დავიწყე, თან ვეუბნებოდი, - რას აკეთებთ, ადამიანები არ ხართ? ღმერთის არ გწამთ-მეთქი? ამ დროს რიჟამ ანუ გიორგი ბლიაძემ სკამი აიღო და სკამის ერთ-ერთი ფეხი საჯდომზე მომადო... ტკივილი ვიგრძენი, ტირილი და ყვირილი დავიწყე, მაგრამ გიორგი ბლიაძე სკამს ძლიერად მოაწვა და... გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი, სკამის ფეხი უკანალში შემივიდა, ამაზე სიცილი დაიწყეს. რომელიღაც პოლიციელმა თქვა, - "ქალიშვილობა" დაკარგა, მორჩაო. ამ დროს პოლიციელმა, რომელიც ოდნავ ქერა იყო, ფოტოაპარატით კვლავ სურათების გადაღება დაიწყო. გიორგი ბლიაძემ მერე გამოქაჩა სკამის ფეხი, მე იატაკზე დამაგდეს... შარვალი ავიწიე და ბოლოს დივანზე დამსვეს... რამდენიმე წუთში შემოვიდა პოლიციის უფროსი, მამუკა ხვედელიანი და თანამშრომლებს უთხრა: - რა ქენით, უტირეთ დედა? თანამშრომლებმა გადაღებული ფოტოები აჩვენეს, რის შემდეგაც მამუკა ხვედელიანი დამემუქრა, - ხომ იცი, ამას ვინმეს თუ ეტყვი, რა დაგემართება? თუ ბევრს იხტუნავებ, ამ სურათებს ბაკურიანის ცენტრში, სარეკლამო აბრაზე გაგიკრავო.

ამის შემდეგ სხვა ოთახში გამიყვანეს და იქაც მცემეს, მერე თავი დამანებეს, მეთვალყურედ ერთი პოლიციელი მომიჩინეს... მეორე დილის 7 საათამდე იმ ოთახში ვიყავით, მერე გამომძიებელი მოვიდა, დაჭრასთან დაკავშირებით დამკითხა და ისიც მკითხა, სახეზე დაზიანებები რატომ მქონდა. იმის შიშით, რომ პოლიციაში ვიყავი და ყველაფერი არ განმეორებულიყო, მოვატყუე, - ბაკურიანში ჩხუბის დროს დავზიანდი, მოჩხუბარ მეგობრებს ვაშველებდი-მეთქი... დაკითხვის შემდეგ გამომძიებელმა სახლში გამომიშვა. აღნიშნული არავისთვის მითქვამს. ჩემი წამების პროცესი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. სახლში რომ მივედი, ცუდად ვიყავი, მაგრამ ისეთი სამარცხვინო ამბავი იყო, გამხელა ვერავისთან შევძელი. მრცხვენოდა მომხდარის გამო და თან მეშინოდა, პოლიციელებს იგივე ან გაემეორებინათ"... - ეს გახლავთ ფრაგმენტი დაზარალებული ბიჭის ჩვენებიდან.

ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ დაზარალებულმა ახალგაზრდამ წლების წინ თავს გადახდენილი ამაზრზენი ფაქტი ჯერ მეგობრებს მოუყვა და მერე საჩივარი პროკურატურაში შეიტანა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაზარალებული პოლიციის უფროსს, მამუკა ხვედელიანსა და გიორგი ბლიაძეს ამხელდა. ასევე მან ამოიცნო ის ორი პოლიციელი, რომლებიც მის ცემა-წამებაში მონაწილეობდნენ - სერგო სამსონაძე და ალექსანდრე ბლიაძე. დანაშაულში მხილებულები დააკავეს.

მამუკა ხვედელიანი, სერგო სამსონაძე, ალექსანდრე ბლიაძე, გიორგი ბლიაძე და გიორგი ლომიძე სასამართლომ უკვე გაასამართლა. მათ ბრალი ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, პირის დამცირებაში, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ უკანონო დაკავებაში.

საქმის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა, მათი გათავისუფლების პირობით. მოსამართლე მიიჩნევდა, რომ ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. პროკურორმა მოსამართლის ამ შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან მიიჩნია, რომ ბრალდებულთა გათავისუფლება და მათთვის პირობითი მსჯავრის დაწესება არაადეკვატური სასჯელი იქნებოდა, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან მიმართებაში...

3 ივლისს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოჩა ჯეირანაშვილმა მამუკა ხვედელიანის, სერგო სამსონაძის, ალექსანდრე ბლიაძის, გიორგი ბლიაძისა და გიორგი ლომიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ისინი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტს ტაშით შეხვდნენ ბრალდებულების ახლობლები, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილის რეაქცია ნეგატიური იყო. მეორე დღესვე მოსახლეობა სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა, ძალადობაში მხილებული პოლიციელების გათავისუფლება გააპროტესტა და სასამართლოს შენობის მინები დააზიანეს. ისინი ე.წ. მწამებელი პირების უკან, ციხეში შებრუნებას მოითხოვენ და აქციები დღემდე არ წყდება. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აცხადებენ, რომ თავად გაუსწორდებიან გათავისუფლებულ მოძალადე პოლიციელებს.

გივი პაპუაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორი:

- ნოემბერში დავაკავეთ მამუკა ხვედელიანი, თანამზრახველ თანამშრომლებთან ერთად. მათ საკმაოდ მძიმე ბრალდებები წარედგინათ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე. ეს ეხებოდა 2009 წლის ეპიზოდს, როდესაც ხვედელიანის ბრძანებით სასტიკად აწამეს პოლიციაში მიყვანილი სამი პირი და ერთ-ერთს ამ წამების დროს არაადამიანურად მოექცნენ... ეს ყველაფერი პოლიციაში ხდებოდა... მეორე ეპიზოდშიც გვყავდა დაზარალებულები: 26 მაისის აქციის მეორე დღეს, 27 მაისს, აქციაში მყოფი პირები ახალდაბაში არსებულ რესტორან "ბურჯებში" შეიკრიბნენ. პოლიციის უფროსი, მამუკა ხვედელიანი მივიდა იქ და 3 ადამიანი დააკავა. მამუკა ხვედელიანის დავალებით, ბორჯომის პოლიციაში მიყვანილებს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ადმინისტრაციულ კანონდარღვევაში დასდეს ბრალი. პოლიციელებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს... თითოეულს ადმინისტრაციული საქმე შეუკერეს, - თითქოს იჩხუბეს რესტორანში და 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ერთ-ერთს ნეკნები ჩაუმტვრიეს. იქაც დაზარალებულები და ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც მათ ამხელდნენ. დაიკითხნენ ასევე პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს და ეს ფაქტი დაადასტურეს.

გამოძიების დროს პოლიციელი სამსონაძე თავისი სურვილით გამოცხადდა და გამოთქვა დაკითხვის სურვილი. იგი ადვოკატის თანდასწრებით დავკითხეთ, აღიარებითი ჩვენება მოგვცა. ამხელდა ამ დანაშაულში მონაწილეებს და ასევე საკუთარ ბრალეულობაზეც საუბრობდა. გარდა ამისა, ღამის საათებში მოძღვრის თანხლებით პროკურატურაში გამოცხადდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც იმ პერიოდისთვის უკვე წასული იყო პოლიციიდან და მონასტერში აღკვეცილი იყო მორჩილად. მან აღიარებითი ჩვენება მოგვცა და მოითხოვა, დაგვეპატიმრებინა. განაცხადა, - დაპატიმრება ჩემთვის არაფერია, სასჯელი ღმერთისგან მელისო. ეს სწორედ ის კაცი იყო, რომელმაც სკამის ფეხით გააუპატიურა ის მამაკაცი. მან დაასახელა ამ ფაქტში მონაწილე სხვა პირებიც. დაკითხვისას პოლიციიდან წასვლის მიზეზად სწორედ მის მიერ განხორციელებული ქმედება დაასახელა და თქვა, - ეს რომ გამაკეთებინეს, ამიტომ პოლიციიდან წავედი, იქ აღარ დამედგომებოდა და მონასტერში ვარო. ამბობდა, რომ მას პოლიციის უფროსმა, ხვედელიანმა უბრძანა ეს გაეკეთებინა, გააკეთა და მერე ინანა. მოძღვრის თანდასწრებით დავკითხეთ ის და მისი ორი მეგობარი, რომლებთანაც ეს ფაქტი გაამხილა. ბუნებრივია, მოძღვარს ვერ დავკითხავდით, რადგან აღსარების გაცემის უფლება არ აქვს. ბლიაძე დავაკავეთ. წინა სასამართლო სხდომებზე, როცა დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი წყდებოდა, ამ პოლიციელებმა ჩვენება მისცეს. მოძალადემ ისევ განაცხადა პროცესზე, - სიცოცხლის ბოლომდე ამას ვერ ჩამოვირეცხავ და მზად ვარ, პასუხი ვაგოო. ოქმიც არსებობს. სამი პირი უარყოფდა დანაშაულს, ორი - აღიარებდა.

- ბატონო გივი, მაშინ რატომ ვერ შეძელით სასამართლოს დარწმუნება მათ ბრალეულობაში? მით უმეტეს, რომ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და საპროცესო გარიგების გაფორმებასაც ითხოვდნენ.

- სანამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყებოდა, მანამდე რატომღაც ყველამ შეიცვალა პოზიცია. არადა, გვეხვეწებოდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. საქმეში დევს მათი განცხადებები და განხილვის სტადიაში ვიყავით, როცა ჩვენება შეცვალეს. უცებ ადვოკატებმა განაცხადეს, არც ერთს არ აქვს სურვილი, საპროცესო გააფორმოსო. აღიარებითი ჩვენებები უარყვეს ბრალდებულებმა. სამსონაძემ, თავი რომ ემართლებინა, თქვა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.

- საქმეში მათი ჩვენების გარდა სხვა სამხილი არ გქონდათ?

- იყო უამრავი სამხილი. დაზარალებული თანამიმდევრულად ამხელდა მათ დანაშაულის ჩადენაში. წარმოგიდგენიათ, ქართველმა მამაკაცმა დაიბრალოს, რომ გააუპატიურეს? დაზარალებული ამხელს ყველა დამნაშავეს. ასევე სხვა მოწმეებიც ადასტურებენ. ბიჭები რომ დააკავეს, ამბის გასარკვევად პოლიციაში მათი ახლობლები მივიდნენ და აცხადებდნენ, გვესმოდა, პოლიციიდან ყვირილის ხმები რომ გამოდიოდაო. მოწმეებმა ეს ჩვენებები მისცეს სასამართლოს. დაზარალებულს ჩაუტარდა ექსპერტიზა, მაგრამ ვინაიდან დანაშაულიდან 4 წელია გასული, ექსპერტმა არ მოგვცა კატეგორიული დასკვნა. ბრალდებულების ადვოკატები პროცესზე სწორედ ამაზე აპელირებდნენ. აცხადებდნენ, - ჯოხს თუ შეუყვანდნენ დაზარალებულს, მაშინ სწორი ნაწლავიც დაზიანებული იქნებოდა და ეს ახლაც აისახებოდა ექსპერტიზაზეო... თუმცა, ჩვენ მათ გაუპატიურებაში კი არ დავდეთ ბრალი, არამედ - არაადამიანურ მოპყრობაში. როცა დაზარალებული ამბობს, რომ შეუვიდა სკამის ფეხი, ამ შემთხვევაში ადვოკატების აპელირება იმაზე, რომ მას სწორი ნაწლავი დაზიანებული არ ჰქონდა, არასწორია. აქ მთავარია, ფაქტი და არა ის, რა მანძილზე შეუყვანეს ჯოხი. თუ ნაკვალევი არ დარჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. არსებობდა ყველა სამხილი მათი ბრალეულობის დასამტკიცებლად. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით მათ ბრალეულობაში და მერწმუნეთ, პროკურორს საკმაოდ კარგი სიტყვა ჰქონდა და დაასაბუთა ბრალი არგუმენტებით.

- ბატონო გივი, ელოდით ასეთ გადაწყვეტილებას?

- ვაცხადებ, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო! ეს იყო ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც ეხებოდა პოლიციელების მხრიდან ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს და ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ჩვენ ამ განაჩენს გავასაჩივრებთ. განაჩენის გამოტანიდან 25 წუთში, უზენაესი სასამართლოს საიტზე გაჩნდა განცხადება, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და დაზარალებულთა ჩვენებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გამორიცხავდა დაზარალებულთა მიერ მითითებულ ფაქტებსო. მე ვსვამ კითხვას: განაჩენის გამოტანიდან 25 წუთში უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც საქმე არ უნახავს და არ შეუსწავლია, საიდან იცოდა, რა მტკიცებულებები იყო საქმეში და რომელი მტკიცებულება რომელს ეწინააღმდეგებოდა?

ზაზა მირიდაშვილი, მამუკა ხვედელიანის ადვოკატი:

- საქმე ძალიან სუსტი იყო, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რაც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებდა. ჩვენი არგუმენტები პროკურატურის არგუმენტებისგან განსხვავებით, უფრო მყარი აღმოჩნდა და სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება - ისინი გაამართლა. არ ვუწოდებ ტყუილს, მაგრამ არ დავეთანხმები დაზარალებულს.

- დაზარალებული თხზავს, რომ გააუპატიურეს? როგორ წარმოგიდგენიათ, ახალგაზრდა მამაკაცი დაიბრალებს ასეთ რამეს?

- დაზარალებულმა რაც სასამართლოში განაცხადა, ეს არაბუნებრივია. თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ის აუცილებლად გარდაცვლილი იქნებოდა - მას სწორი ნაწლავი დაუზიანდებოდა. ეს დაადასტურეს ექსპერტებმაც. ვერ გეტყვით, იგონებს თუ არა გაუპატიურებას, მაგრამ რასაც აცხადებს, ეს არარეალურია და პროცესზე ვერ დადასტურდა.

- ბატონო ზაზა, თქვენი დასაცავის გათავისუფლება კიდევ ერთმა დაზარალებულმა გააპროტესტა. მამუკა ხვედელიანს მზია კურტანიძე ერთადერთი შვილის მკვლელობაში სდებს ბრალს. საქმე ეხება 2010 წლის 18 აგვისტოს მომხდარ ფაქტს.

- ეს არ არის სიმართლე. ამ საქმეზე დიდი ხანია მიდის გამოძიება და ხვედელიანს რომ ჰქონდეს რაიმე ჩადენილი, ბრალს წაუყენებდნენ. მაშინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ურთიერთსროლისას მოხდა ეს ფაქტი.

- მოსახლეობა აპირებს თავად იძიოს შური გათავისუფლებულ პოლიციელებზე. დაცულია თუ არა მათი უსაფრთხოება?

- მამუკა ხვედელიანი ბორჯომში ერთი საათითაც არ გაჩერებულა. ის თბილისშია. ჭორებს ვერ ავყვებით. თუ რეალური საფრთხე დაემუქრება, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მისასალმებელია. სხვა დროს ასეთი რამ არ ხდებოდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"8 კოლონია მოიარა... თანამოსაკნეებისადმი სისასტიკით გამოირჩეოდა" - რას წერს რუსული მედია ტარიელ ონიანზე