"დექსუსი" ერთ-ერთი პარტნიორის, ივანე ცაგურიას დაკავებით გაკვირვებულია. უკვირთ იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი არც ადრე უთქვამთ და ახლაც მზად არიან.
მიზანი სიმართლის დადგენაა - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი კილაურიძე.
ელოდებიან, რომ პარტნიორი სასამართლო პროცესის შემდეგ დაუბრუნდებათ - ეს მათი ხედვით, ყველაზე ლოგიკური დასასრულია.
"ჩვენში ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ივანე ცაგურია დაკავებულია. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, მომხდარიყო მისი დაკითხვა, თუმცა ბრალი ისე წაუყენეს, რომ ის დაკითხული არ იყო. ჩვენ ვთვლით, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოა იქიდან გამომდინარეც, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია იმ ეპიზოდზე, რომელიც გამოძიებისთვის საინტერესოა. ასევე, იგი არაერთხელ ყოფილა საზღვარგარეთ და შემდეგ უკან დაბრუნებულა, ანუ არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ იგი დატოვებდა ქვეყანას და გამოძიებას მიემალებოდა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ამ ყველაფრის ლოგიკური დასასრული უნდა იყოს სასამართლო პროცესის შემდეგ ივანე ცაგურიას გათავისუფლება, რათა იგი დაუბრუნდეს ოფისს და განაგრძოს საქმიანობა", - ამბობს კილაურიძე.
"ცენტრ პოინტის" ირგვლივ შექმნილი ვითარება, "დექსუსის" გადასახედიდან, იურიდიულთან ერთად არანაკლებ საინტერესო ფინანსურ ასპექტებს მოიცავს.
კერძოდ, საუბარია მილიონობით დოლარზე, რომლის ბედიც ამ ეტაპზე გაურკვეველია. "დექსუსის" ხელმძღვანელობა გამოძიების მსვლელობის პროცესში კიდევ ბევრი კითხვის გაჩენას პროგნოზირებს.
"ძაან ცოდვა ვარ ხალხნო" - შესჩივლა მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს გული 94 მილიონი დოლარის "მართვაში გადაცემულმა აქტივებმა" დაწყვიტა.
94 მილიონის აქტივების მიღებას "დექსუსი" არ ადასტურებს. სამაგიეროდ, ასახელებს 130 მილიონის ვალდებულებებს, რომელიც რჩეულიშვილს არსად უხსენებია.
"94 მილიონის აქტივები კი არ გადმოგვცეს, ეს არის ციფრი, რომელიც ჩვენ დავთვალეთ და მათ ვუთხარით, რომ ამ კომპანიის პოტენციალი შემოსავლების კუთხით შეიძლებოდა ამდენი ყოფილიყო რეაბილიტაციის ფარგლებში. თუმცა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც რეალურად საზოგადოებას არ აწვდიან, არის ის, რომ 94 მილიონს მოჰყვებოდა 130 მილიონი დოლარის ვალდებულებები. უარყოფითი ბალანსი გამოდის 36 მილიონი. ჩვენი ამოცანა იყო, ეს 36 მილიონის უარყოფითი ბალანსი როგორმე ამოგვეხსნა, რომ შემოსავალი გატოლებოდა ხარჯებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია თავის ვალდებულებებს გაისტუმრებდა. უარყოფითი ბალანსის შესავსებად მომხმარებელს ვთხოვეთ, 16 მილიონი დაემატებინათ თანხების სახით და რჩებოდა კიდევ 20 მილიონი დოლარი, რომლის ამოღებას ღირებულების გაზრდით ვაპირებდით", - აცხადებს კილაურიძე.
ღირებულების გაზრდაში "დექსუსი" პროექტის კორექტირების და საძირკველის გამაგრების შედეგად რომელიმე პროექტზე ერთი ან ორი სართულის დამატებას გულისხმობდა.
კონტრაქტის ვადები - ძირითად 40 თვეს + 24 დამატებითი თვე. დამატებით დროს "დექსუსი" რეაბილიტაციის პროცესის შესაბამისად გამოიყენებდა და კონტრაქტის თანახმად, მეორე მხარე ვალდებული იყო, ამაზე ხელი მოეწერა.
მმართველი კომპანიას ძირითადი დროის ამოწურვაც არ დასცალდა. 30 თვის თავზე კონტრაქტი გაწყდა.
"ჩვენ 30 თვე ვმართეთ კომპანია, ანუ კონტრაქტი 10 თვით ადრე გაწყდა. ამ პერიოდის განმავლობაში 6250 კლიენტიდან, რომელთაგან 250 ინვესტის კლიენტი და 6000 მენაშენე იყო, 4000-ს მშენებლობა დაუსრულდა. რამდენიმე პროექტი იყო, რომლის დასრულება ვერ მოვასწარით, მგარამ შინაარსობრივად მათი თემა გადაწყვეტილი იყო და პროექტების დასასრულებლად ტექნიკური დეტალების გადაწყვეტა რჩებოდა. დარჩა 2000 კლიენტი, ანუ რეალურად, 2/3-ის რეაბილიტაცია 30 თვის განმავლობაში მოვახერხეთ. შემდეგი 10 თვის განმავლობაში ჩვენ 100%-ს ბუნებრივია ვერ შევძლებდით და სავარაუდოდ არც ეს დამატებითი ორი წელი დაგვჭირდებოდა. ჩვენ ალბათ მოვითხოვდით კიდევ ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელებას, რომ დასრულებულიყო დანარჩენი მშენებლობა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ მარტის დასაწყისში ცალმხრივად, ისე, რომ ჩვენთვის ცნობილი არ იყო, კონტრაქტი გაწყდა",- ყვება ირაკლი კილაურიძე.
საინტერესო დეტალები "ცენტრ პოინტის" წარსულიდან - "დექსუსის" ცნობით, 2003-2010 წლამდე "ცენტრ პოინტში" შესულია 235 მილიონი დოლარი.
გაანგარიშების თანახმად, მშენებლობაზე, მიწების ყიდვასა და ხელფასებზე დახარჯულია 115 მილიონი.
სად წავიდა დარჩენილი 120 მილიონი, ამას დღეს პროკურატურა იძიებს.
"მარტო ერთი პროექტით ჩანს, რომ ბრალი წარდგენილია 24 მილიონის გაფლანგვაზე. დანარჩენი თანხები ალბათ სხვა კომპანიებშია. შესაბამისად, კიხვები, რატომ მოხვდა "ცენტრ პოინტი" ამ მდგომარეობაში, ამოწურულია. მეორე საკითხია, როგორ შევძელით ამ თანხების რეაბილიტაცია ჩვენი კონტრაქტის ფარგლებში. ჩვენი მისამართით ხშირად ისმის თანხების გაფლანგვის ბრალდება. ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც "დექსუსი" იღებდა "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის ფარგლებში, აქვს თავისი დასაბუთება და ლოგიკა. არც ერთი თეთრი ჩვენი მართვისას არ გახარჯულა ნაღდი ანგარიშსწორებით. ლურსმანსაც კი გადარიცხვით ვყიდულობდით, რადგან ვიცოდით, რომ მსგავსი კითხვის ნიშნები მომავალში გაჩნდებოდა. ბანკის ამონაწერები ყველაზე უკეთ აჩვენებს, არის თუ არა თუნდაც ერთი თეთრი არამიზნობრივად გახარჯული", - ამბობს ირაკლი კილაურიძე.
როგორ გაფორმდა კონტრაქტი - "ცენტრ პოინტი" და "დექსუსი" "ერთმანეთს ეძებდნენ". რჩეულიშვილებს მმართველი გუნდის პოვნა სურდათ, კილაურიძეს დამ ის პარტნიორებს - პრობლემური კომპანიების რეაბილიტაცია. მხარეები ერთმანეთს თბილისის მერიამ შეახვედრა და გიგი უგულავამ გააცნო. კომერციულ საკითხებზე დამოუკიდებლად მოილაპარაკეს.
"ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა მოხდა მერიის დახმარებით და მერიის როლი ამაში იყო მხოლოდ ის, რომ ერთმანეთი გაგვაცნეს ამ თემიდან გამომდინარე, რის შემდეგაც გვითხრეს, რომ კომერციულ ურთიერთობებზე დამოუკიდებლად მოგველაპარაკებინა. იმ შეხვედრაზე უგულავაც იყო. მე როგორც ვიცი, თავად რჩეულიშვილებმა მიმართეს მერიას, რომ დახმარებოდნენ მათ მმართველი კომპანიის პოვნაში. დახლოებით ერთი თვის განმავლობაში შევისწავლეთ კომპანია, რის შემდეგაც დავდეთ მართვის ხელშეკრულება. კომპანიის წართმევაზე რომ ყოფილიყო საუბარი, მართვის ხელშეკრულება დაიდებოდა რჩეულიშვილებთან?! ამავდროულად, ჩვენ მათ ყოველკვარტალურად ვუგზავნიდით ანგარიშს, რა ხდებოდა კომპანიაში - როგორც ფინანსურს, ისე - შინაარსობრივს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ეს კომპანია მათ უკან უნდა დაბრუნებოდათ. შესაბამისად, ვფიქრობ, ზედმეტი კითხვის ნიშნები ვერ იქნება", - ამბობს კილაურიძე.
რატომ "დექსუსი" - "იმიტომ, რომ წარმატებული მენეჯერები ჰყავდა". მმართველი კომპანიის მთავარი აქტივი არის ის, ვინ მართავს მას - აცხადებს ირაკლი კილაურიძე.
"მმართველი კომპანიის მთავარი აქტივი არ არის ის, რა უდევს ანგარიშზე. მმართველი კომპანიის მთავარი აქტივი არის ის, ვინ მართავს მას და ვინ არიან მისი დამფუძნებლები. ამ პერიოდში მე ცალკე კომპანია მქონდა, გიორგი ქანანაშვილს და ივანე ცაგურიას - ცალკე. ორივე კომპანია დაინტერესებული ვიყავით პრობლემური კომპანიების რეაბილიტაციით. ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი ბიზნესის კეთების კარგი შესაძლებლობა არსებობდა და დროში მოხდა დამთხვევა - არსებობდა ჩვენიც და "ცენტრ პოინტის" ინტერესიც. თბილისი პატარა ქალაქია, ყველამ იცის ვინ არიან წარმატებული მენეჯერები და ვის რისი გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, ალბათ ამის მიხედვით გაგვიწიეს რეკომენდაცია", - ყვება კილაურიძე.
ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან - ადეიშვილთან და ქადაგიძესთან საქმიან ურთიერთობებს "დექსუსი" არ ადასტურებს. თუმცა არ მალავს, რომ მართვის პერიოდში ურთიერთობდა იმ სახელმწიფო ორგანოებთან, რომლებიც საჭირო იყო რეაბილიტაციისთვის. ურთიერთობების ინტენსივობით თბილისის მერია პირველია.
"საქართველოში დღეს დაახლოებით 20 დეველოპერია და ყველას აქვს ურთიერთობა მერთან და მერიასთან. ბიზნესია ისეთი, რომ არ შეიძლება, აწარმოო მშენებლობა ქალაქში და არ გქონდეს ურთიერთობა ქალაქის მერთან და მუნიციპალიტეტთან. კომპანიას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მერიასთან. გიორგი ქადაგიძეს მე ვიცნობ სკოლიდან, ბიზნესის სკოლა გვაქვს ერთად დამთავრებული, ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო. იგი ასევე არის, ჩემი პარტნიორის, ვანიკო ცაგურიას ახლო მეგობარი და ამ ურთიერთობას საქმიანი ურთიერთობა არ ჰქვია", - ამბობს კილაურიძე.
ხანგრძლივი გამოძიება გრძელდება. მხარეები პროკურატურას თანამშრომლობის ხელს უწვდიან. რით დასრულდება პროცესი, ძნელი სათქმელია. კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის სამართლებრივი დავა პასუხი არ არის. ისინი კუთვნილ ბინებს ელოდებიან.