ნიკა არაბიძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებენ

ნიკა არაბიძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებაში ადანაშაულებენ

როგორც ამბობენ, სერგოს თითქმის მთელი ქუთაისი იცნობს. ბოლო დროს, "ქუთაისელი სერგიას" მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები ინტერნეტში გაჩნდა და ერთ-ერთ მათგანში, ვიდეოს მთავარი გმირი "კომედი შოუს" მსახიობ ნიკა არაბიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს, - ტელევიზორში რატომ "გამომაჩინაო"?! ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ზოგ-ზოგიერთებმა აღნიშნეს: სატელევიზიო სკეტჩებში სერგოს პაროდიის გაკეთება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის აბუჩად აგდებას ნიშნავსო. ჩვენ ნიკა არაბიძეს დავუკავშირდით, რომელიც მოგეხსენებათ, თავადაც ქუთაისელი გახლავთ და ალბათ ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ რეალური პიროვნების - სერგოს იმიტაციის გაკეთება მისი იდეა იყო.

- ამ ადამიანის შესახებ გადაღებული ვიდეოები ინტერნეტით გავრცელდა. როცა მათ ვნახულობდით, ყველანი ვხალისობდით, შემდეგ კი გაჩნდა იდეა, სკეტჩი გადაგვეღო. სერგოს გმირს ყველაზე უკეთ ჩემი ხმა მოერგო. მგონი, საკმაოდ კარგი პერსონაჟი გამოვიდა.

- ვიდეოების ნახვამდე, ამ ადამიანს არ იცნობდით?

- კი, კაცო, მანამდეც ვიცნობდი. ამ ადამიანს მე კი არა, თითქმის მთელი ქუთაისი იცნობს, მაგრამ მერწმუნეთ, მასზე სკეტჩის დადგმის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სერგო ინტერნეტში გამოჩნდა.

- ერთ-ერთ ვიდეოში სერგო უშვერი სიტყვებით მოგიხსენიებთ...

- ეს ვიდეო ვიღაცებმა ჩააწერინეს... მოგვიანებით მან სხვა ვიდეოები გამოგვიგზავნა, რომელშიც ამბობს, - ცუდი რაღაცების თქმა არ მინდოდა, მაგრამ მათქმევინეს, ჩამაწერინესო და ა.შ. მას მერე, ეს ადამიანი ვნახე კიდეც...

- სერგოსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- 90-იანი წლებიდან ვიცნობ. ჩემი მეგობარი არ არის, მაგრამ როცა ვხვდები, ისიც მცნობს. საყვედური არასოდეს უთქვამს, - ჩემი პაროდია რატომ გააკეთეო?

- სკეტჩში მის პერსონაჟს სახელი აქვს? "სერგოთი" მიმართავენ ხოლმე?

- სახელი ხანდახან "ჩანს".

- ზოგს თქვენი ხუმრობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მასხრად აგდებად მიაჩნია. მგონი, ტელეკომპანიისთვის საჩივრის წერილის გაგზავნასაც აპირებენ...

- სერგო ჩვეულებრივი ადამიანია. ჩემი აზრით, ამ პაროდიაში ცუდი არაფერია, პირიქით - ბატონი სერგო უფრო მეტად პოპულარული გახდა. ამ პერსონაჟს ყოველთვის კარგად აფასებენ, მაგრამ ხომ იცით, ქვეყანაში მოიძებნება 1-2 ისეთი ადამიანი, რომელსაც მე კი არა, ზოგადად, არავინ და არაფერი მოსწონს...

- სკეტჩების სხვა პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები თუ ჰყავს?

- უმრავლესობას ჰყავს და ამაში ცუდი არაფერია. იმ ადამიანებს, ვინც ხვდება, რომ მათ პაროდიებს ვაკეთებთ, ყოველთვის დადებითი რეაქცია აქვთ. არავის უთქვამს, - ჩემი ხმით რატომ ლაპარაკობო? პირიქით, ბევრს აქვს სურვილი, რომ სკეტჩებში მათი პაროდიები გავაკეთოთ და ხშირად, ამას გვთავაზობენ კიდეც.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები