გულმა მაინც უერთგულა!

გულმა მაინც უერთგულა!

"მე ვარ მისანი ხარი წიქარა,

შენი დვრიტა ვარ,

მამულ-დედულო,

ზღაპრიდან მისთვის

გამოვიპარე,

რომ გემსახურო და

გიერთგულო"...

შოთა ნიშნიანიძე

"პალიტრა L"-ისა და ჟურნალ "გზის" ერთობლივი პროექტი "ჩემი რჩეული" დასასრულს უახლოვდება, ოღონდ მანამდე, ჩვენი ეპოქის კიდევ ორი შესანიშნავი პოეტის - შოთა ნიშნიანიძისა და ანა კალანდაძის თითო ტომები დაამშვენებს თქვენს რჩეულ ქართულ მწერლობას.

"გზის" ამ ნომერთან ერთად XX საუკუნის ბევრისთვის საყვარელი ქართველი პოეტის - შოთა ნიშნიანიძის ერთტომეულს შემოგთავაზებთ.

პოეტი 1929 წლის 18 მარტს თბილისში, ქსენია და გიორგი ნიშნიანიძეების ოჯახში დაიბადა, 8 წლის ასაკიდან კი, ადრიანად დაქვრივებული სამშვილიანი დისთვის შვება რომ მიეცა, უშვილო დეიდა ვერა ზრდიდა.

ძალიან ცელქი ყოფილა და გაკვეთილების მომზადებაც ეზარებოდა, მაგრამ კითხვა უზომოდ უყვარდა და შესაბამისად, ახლომახლო ბიბლიოთეკებსაც თურმე ხშირად სტუმრობდა. პირველი ლექსი მეცხრეკლასელ შოთა ნიშნიანიძეს ტატო ბარათაშვილზე დაუწერია ქართულის მასწავლებლის, იოსებ ჭარელიშვილის წაქეზებით, მეთერთმეტე კლასში ყოფნისას კი უკვე საკმაოდ ბევრი პატარ-პატარა ლირიკული ლექსი ჰქონია დაგროვილი. მის ოჯახში სტუმრად მყოფ ბიძაშვილს, იოსებ ნონეშვილთან მიუყვანია და მასაც, მომავალი პოეტის რამდენიმე ლექსი გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" დაუბეჭდავს...

შოთა ნიშნიანიძის მეუღლეს, ქალბატონ თამარ ჩიჯავაძეს პოეტთან შეხვედრისა და თანაცხოვრების ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ:

- ქალთა სკოლის მოსწავლეები ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში კონცერტს ვესწრებოდით. შოთა დარბაზში ერთ ჩვენს ნაცნობ ბიჭს შემოჰყვა. სკოლის მოსწავლე კი ყოფილა, მაგრამ იმხელა ჩანდა, გამიკვირდა, ნეტავ, ეს კაცი ვინ არის-მეთქი? - გავიფიქრე. შოთას კიდევ ისეთი პატარა მოვჩვენებივარ, ალბათ მეზობლის გოგოა და კონცერტზე უფროსებმა წამოიყვანესო, - უფიქრია. მეორედ ერთი წლის შემდეგ, საახალწლო სუფრასთან შევხვდით, კარგად მოვილხინეთ და დილით სახლამდე გამაცილა - ორთაჭალაში ვცხოვრობდი. რამდენიმე დღის შემდეგ კი სკოლასთან დამხვდა და ლექსებით სავსე თორმეტფურცლიანი რვეული გადმომცა. სამწუხაროდ, რვეული დავკარგე და იმ ლექსებიდან მეხსიერებას მხოლოდ ერთი სტროფი შემორჩა: "ორთაჭალაში მარტო ნუ ივლი, თეთრო თოლია, იყავი ფრთხილი, არვის ეგონო პატარა ანა, არ აგედევნოს ბესიკის ჩრდილი"...

შოთა ხომ დეიდასთან და ბიძასთან იზრდებოდა, ამიტომ ბიძამ თავის გვარზე - მამაგეიშვილზე გადაიყვანა. საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში მაინც ნიშნიანიძედ იცნობდნენ. ლექსებიც ნიშნიანიძის გვარით გამოაქვეყნა. მეც ნიშნიანიძედ გამაცნო თავი. ერთხელ "ახალგაზრდა კომუნისტმა" არჩევნებში პირველად მონაწილე ახალგაზრდების ფოტოები დაბეჭდა, მათ შორის შოთასიც იყო. სურათს ქვეშ "შოთა მამაგეიშვილი" ეწერა. იმხანად ახალგაზრდებმა გაცნობისას რატომღაც გვარისა და სახელის შეცვლა იცოდნენ. ვიფიქრე, "იმანაც" იცრუა-მეთქი და განაწყენებული დიდხანს ხმას არ ვცემდი (იღიმის).

შოთამ სკოლა 1947 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით კი ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ ასევე ადვილად გაირიცხა ლექციების გაცდენის გამო, პირველი სემესტრის დამთავრებამდე. გაცდენების მიზეზი ომის მონაწილის "ბათინკები" ყოფილა - ეს ოხერი "ბათინკები" მერვე თუ მეცხრე კლასში მიყიდეს, მაგრამ ისეთი გამძლე აღმოჩნდა, საშველი არ დაადგა მის გაცვეთას; არადა, ახალიც არ მიყიდეს, მეც გავბრაზდი და ლექციებზე აღარ დავდიოდიო, - თავს იმართლებდა შოთა. ამის გამო შეწუხებული ვერა დეიდა დეკანის მოადგილესთან მისულა და ტირილით უთხოვია: ნუ დამიღუპავთ, ბატონო, ბაღანასო. გულაჩუყებულ დეკანის მოადგილეს უთქვამს, შემოიყვანეთო... და კარში გახიდული ლამის ორმეტრიანი, ულვაშდამშვენებული "ბაღანა" რომ დაუნახავს, ახარხარებული, კინაღამ სკამიდან გადავარდნილა. ვერა დეიდა კი სასტიკი უარით გაუსტუმრებია. მეორე წელს ახალფეხსაცმლიანმა შოთამ ხელახლა ჩააბარა მისაღები გამოცდები იმავე ფაკულტეტზე. არც რეპეტიტორი დასჭირვებია, არც პროტექცია, არც ქრთამი. ეგაა, გერმანული ენის გამოცდაზე კურიოზი შეემთხვა: გამოცდაზე სულ ბოლოს გასულა. გამომცდელები საშინლად დაღლილები და არაქათგამოცლილები მსხდარან. შოთასთვის პატარა არაკის - "დერ მან უნდ ეზელ"-ის თარგმნა დაუვალებიათ. "დერ მან" კაცს რომ ნიშნავდა, შოთას სცოდნია, - "ეზელ" ქალის მეტი რა უნდა იყოსო, - და დაუფიქრებლად უთარგმნია: "კაცი და ქალი". გამომცდელი, დედით გერმანელი სირაძის ქალი ახარხარებულა: - რა ზუსტად თარგმნა, ქალები ხომ მართლა ვირები ვართო (იცინის)... იჯდა თურმე შოთა დარცხვენილი და ჩაჭრის მოლოდინში, მაგრამ საერთო სიცილ-ხარხარის შემდეგ გამომცდელს უკითხავს: რა ნიშანი გყოფნისო? - ოთხიანიო, ჩაუბურტყუნებია შოთას. - რას იტყვით, ჩვენი გამხიარულებისთვის ოთხიანი ხომ ეკუთვნისო? - კოლეგებისთვის უკითხავს და ყველას ერთსულოვანი თანხმობა რომ მიუღია, შოთასთვის სანუკვარი ოთხიანიც დაუწერია. მე შოთას არც გარიცხვა ვიცოდი, მით უმეტეს - არც ხელახლა ჩარიცხვის ამბავი. უნივერსიტეტის სამდივნოს ფანჯრის წინ ვიდექი სტუდბილეთის ასაღებად. ყვავილებით მოჩითული ლამაზი ახალი კაბა მეცვა, რაც ახალგაზრდა მდივანს არ გამოჰპარვია და, - რა ლამაზი კაბა გაცვიაო, - მითხრა. "რა, გოგო არ არის ლამაზი?" - მომესმა შორიახლოდან. მივიხედე და ბიჭებში მდგარი გაღიმებული შოთა შემრჩა ხელთ. ისე დავიმორცხვე, მისალმებაც ვერ მოვახერხე. მეორე დღეს ამხანაგს ლექსი გამოატანა: "შურთხის ფრთებზე დაკვართული ყვავილების ჩუქურთმა,/ ნაფერები, ზღვაფერები, ვით ღიმილი შუქურთა,/ შენს კაბაზე მოსულან და აკინძულან ვარდებად,/ ყვავილებს თუ გოგო უყვარს, მე არ შემიყვარდება?" ერთხელ, შოთამ დერეფანში რომ გაიარა, ბიჭებმა მე გადმომხედეს და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. ის დღე იყო და ის დღე - მესამე კურსამდე შოთასთვის ხმა არ გამიცია...

- როდის დაქორწინდით?

- უნივერსიტეტი 1953 წელს დავამთავრეთ. კარგა ხანს სამსახური ვერც ერთმა ვერ ვიშოვეთ და შეუღლებას არ ვაპირებდით, ვიდრე დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება არ გვექნებოდა. მთელ დღეებს საჯარო ბიბლიოთეკაში ვატარებდით. გვიანობამდე, ხშირად ბიბლიოთეკის დაკეტვამდე ვისხედით და ვკითხულობდით. 1956 წელს დავქორწინდით და 1957 წელს ნათია შეგვეძინა. 14 კვადრატულ მეტრ ოთახში ვცხოვრობდით და ისე გვქონდა ავეჯით გადაჭედილი, ნათიამ ფეხი საწოლებზე აიდგა და კარგა ხანს ზამბარიანი თოჯინასავით დადიოდა (იცინის). ერთი შეხედვით "გრუბი" შოთა ბავშვთან მშვენივრად ურთიერთობდა. პატარა ნათიასთვის დიდი სიამოვნება მამამისის კისერზე ჯდომა და მისი "ქოჩრის" ვარცხნა იყო. შოთას კი ამ მომენტში თავისუფლად შეეძლო წიგნის კითხვა. იშვიათად, მაგრამ მაინც, თუ ძალიან იცელქებდა და იხმაურებდა ნათია, მაშინ კი უჯავრდებოდა, მაგრამ ეს გაჯავრება უცებ გაქარწყლდებოდა ხოლმე, როგორც კი ნათია ოვანეს შირაზის ერთი ლექსის შოთასეულ თარგმანს იტყოდა ხმამაღლა. ეს ლექსი მე ვასწავლე საგანგებოდ, ასეთი შემთხვევისთვის: "სადაც ბავშვის ხმა არ ისმის,/ იგი სახლი საზარია,/ ზარს რომ ენა ამოართვან,/ აბა, იგი რა ზარია?" (იცინის)... ნათიას დღეს თვითონ ჰყავს შვილები - ლუკა და თამუნა. შვილიშვილები შოთასთან მორიდებულად იყვნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ზედმეტი ხვევნა-კოცნით არ ანებივრებდა, - მოდით, მოდითო, დაუძახებდა, ორივეს ერთად ჩაისვამდა კალთაში, ერთი-ორჯერ კეფაზე აკოცებდა და მორჩა...

- როგორც ვიცი, ბატონ შოთას სიმსივნე დაუდგინეს და უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა სიმსივნით კი არ დაიღუპა, გულმა უმტყუნა...

- გერმანელი პროფესორი ოპერაციას 10 საათის განმავლობაში უკეთებდა. მესამე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა - სისხლდენა დაეწყო. შეიძლება, კვლავ ოპერაცია დასჭირვებოდა, რომლის კეთილად დასრულების მცირე იმედსაც ვერ გვაძლევდნენ. ხატების წინ დაჩოქილნი, მე და ნათია მთელი ღამის განმავლობაში ვევედრებოდით ღმერთს შოთას გადარჩენას. მაშინ გვისმინა უფალმა და ორი თვე გვაჩუქა შოთას სიცოცხლე. ეს, ჩვენ გვაჩუქა, თორემ შოთასთვის ამას სიცოცხლე აღარ ერქვა... უკანასკნელ დღეს მითხრა: სახლი და ჩემი საწოლი მომენატრაო. რაკი გვიანი იყო, ხვალ დილითვე წავიდეთ-მეთქი, დავპირდი და ძალიან გაუხარდა. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ მე დამინდო, თორემ გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას... დილამდე არ დაგვჭირდა მოცდა... იმ ღამესვე წამოვიყვანეთ საკაცით, მაგრამ თავის მონატრებულ საწოლში აღარ დაწოლილა... დიდ ოთახში, ტახტზე დავაწვინეთ, მშვიდად და უშფოთველად, სამუდამოდ ჩაძინებული... შოთას ცხედართან მდგომმა ბატონმა რაულ მანაგაძემ მითხრა: ვიცოდით, ეს რომ მოხდებოდა, მაგრამ ასე მალე არ ველოდით, გულმა უღალატაო. მე კი ვიტყვი, რომ გულმა კი არ უღალატა, ის საშინელი ტანჯვა-წამება აარიდა, რაც ელოდა თურმე. "გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე", - ჯერ კიდევ როდის ითხოვდა შოთა და მართლა უერთგულა - სააქაომდე მიჰყვა და უკეთესი მომავლის იმედის ნაპერწკალი გაატანა თან... წლებით ადრე მის გულს ექიმებმა "მოტორი უწოდეს", მაგრამ ასეთმა გულმაც ვერ დაიტია ჩვენს ქვეყანაში 1990-იან წლებში დატრიალებული ჯოჯოხეთი, გაცვდა და გაილია - შოთა 1999 წელს გარდაიცვალა.

ეპილოგის მაგიერ: "შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ სიკვდილი გამიადვილა, შოთა! ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, შენ შემომეგებები დამფრთხალსა და შეშინებულს, რატომღაც მგონია, წვიმიანი ამინდი იქნება. შენ როგორიც აქ გქონდა, ისეთი გრძელი და ფართხუნა "პლაში" გეცმევა. კეფიდან შუბლზე ჩამოიფოცხავ დასველებულ "ქოჩორს" და ვითომ არაფერი, მეტყვი: "თამუ! მოხვედი?" - თამარ ჩიჯავაძე...

P.S. შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს