რისი ფობია აქვს ექსტრიმის მოყვარულ ანი გიუნტერს

რისი ფობია აქვს ექსტრიმის მოყვარულ ანი გიუნტერს

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ამბობს, რომ მისთვის ისეთ ადგილას დასვენება, სადაც ზღვა, ტბა ან აუზი მაინც არ არის, წარმოუდგენელია. უყვარს მოგზაურობა და უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, საიდანაც თითქმის ყოველთვის ჩამოაქვს სუვენირები მეგობრებისთვის.

ზაფხული და დასვენება

- ბავშვები აბასთუმანში უკვე დავასვენე, სადაც კვირაში ორჯერ ჩავდიოდი, რადგან მენატრებოდნენ, მათ გარეშე ვერ ვძლებდი. ახლა პატარების სიონში წაყვანას ვაპირებ. დასვენება ერთია, გართობა - მეორე, ბავშვებთან ერთად სადმე წასვლა კი სულ სხვა რამ არის. ადრე თუ კარავშიც შემეძლო დასვენება და მეგობრებთან ერთად ლაშქრობებშიც დავდიოდი, ახლა პირველ რიგში, კომფორტს ვაქცევ ყურადღებას... მე და კახამ საზღვარგარეთ "გაძრომა" ერთადერთხელ შევძელით - პრაღასა და ბარსელონაში გახლდით, მაგრამ ბავშვების გარეშე ყოფნა გაგვიჭირდა. ხიფათი აქაც არ მაკლია, მაგრამ ზოგადად, დასვენების დროს უცნაური რაღაცები მემართება. მაგალითად, საზღვარგარეთ ყოფნისას ქუჩებში ვიკარგები. ახლა უკვე ჭკუა ვისწავლე და პასპორტის, სასტუმროს მისამართის დაზეპირების გარეშე არსად მივდივარ. ზამთარში მე და კახა გუდაურში, ბაკურიანში ან ისეთ ადგილას მივდივართ, საიდანაც ბავშვების გამო მალე დაბრუნებას მოვახერხებთ.

მოგზაურობა

- მეგობრებთან ერთად მოგზაურობა, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია, მათთან ერთად არსად წავსულვარ და მინდა, ეს დანაკლისი ავინაზღაურო. წელს ალბათ ბათუმს ან ქობულეთს ვესტუმრები... 5 წლის წინ, "რუსთავი 2"-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ვიმოგზაურე და თითქმის ყველა რეგიონი ათვისებული მაქვს - ასეთი მოგზაურობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომწონს, როცა სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს, სამზარეულოს ვეცნობი და ხალხის ხასიათზე საკუთარი აზრი მექმნება.

ჯომარდობა და ექსტრიმი

- ვიდრე გავთხოვდებოდი, ჯომარდობაში მონაწილეობა ვცადე, მაგრამ მაშინ ჩემი მონაცემები სათანადოდ ვერ შეაფასეს და ხუმრობდნენ, - ნიჩაბი ისე უჭირავს, როგორც ფუნჯი და ჰგონია, მაკიაჟს იკეთებსო. ამ დროს, მე მეგონა, ნიჩბებს მამაკაცურად ვუსვამდი (იცინის). ყოველ შემთხვევაში, სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მონაწილეობაზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ ვფრთხილობ ხოლმე. სიმაღლის შიში რომ არ მქონდეს, ზღვაზე პარაშუტით გადმოვხტებოდი და ალბათ რაიმესაც დავიშავებდი. მთაც ძალიან მიყვარს. ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე კარგად რაჭა მახსენდება.

წყალი - ზაფხულის განუყოფელი ნაწილი

- იქ, სადაც წყალი არ არის, ჩემთვის დასვენება წარმოუდგენელია. პატარაობიდან კარგად ვცურავ და მხოლოდ ხმელეთზე, ბუნებაში ხეტიალი ჩემთვის დასვენებასთან არ ასოცირდება. ჰამაკში წოლა და წიგნის კითხვა კარგია, მაგრამ არა უმეტეს - 48 საათისა. როცა ერთსა და იმავე პეიზაჟს ვუყურებ, სილამაზეც კი ჩემთვის აუტანლად იქცევა ხოლმე...

საზაფხულო ბანაკი და მავნე ბავშვების ცელქობები

- თინეიჯერობისას შავიზღვისპირა გერმანულ ბანაკებში დავდიოდი და მასთან დაკავშირებული მოგონებებიც, რა თქმა უნდა, მაქვს. ყველაზე დიდ სიამოვნებას სადმე გაპარვა გვანიჭებდა. მოგეხსენებათ, ასეთ ბანაკებში ყოველთვის რეჟიმია, დაგეგმილ დროს უნდა იკვებო და ა.შ. მე კი ყოველთვის მინდოდა, ეს განრიგი დამერღვია. ერთი მხრივ, დისციპლინას გვაჩვევდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, ბავშვებს სულ გვინდოდა რაღაც გაგვეფუჭებინა. ისეთი პატიოსანი გოგოს სახელი მქონდა, რომ როცა რაღაცას ვაფუჭებდი, ჩემზე ეჭვს არავინ იღებდა და ეს გარკვეულწილად მწყინდა კიდეც (იცინის)...

ლაშქრობებისა და ტყეში ხეტიალის ხიბლი

- მოვიტყუები, თუ გეტყვით, რომ რამდენიმე დღე კარავში მიცხოვრია, მაგრამ ბუნებაში გასვლა და ტყეში ერთი ან ორდღიანი ხეტიალი მომწონს. ზოგადად, მზეს ვერ ვიტან; ახლა მგონი, ალერგიაც მაქვს და ჩემთვის გარუჯვა, მზის გულზე წოლა არ შეიძლება. ამიტომაც არის, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას ტყე-ღრეებში სიარული, კლდეებზე ძრომიალი მანიჭებს. ქვეწარმავლების არ მეშინია. სხვათა შორის, სანათესავოში ერთი ბავშვი გვყავს, რომელსაც გველებისა და ხვლიკების დანახვაზე თვალები უბრწყინდება, ფოტოებს უღებს. მართალია, მე მათი დანახვა ასე არ მიხარია, მაგრამ შიშიც არ მაქვს. ტყეში სეირნობა, სოკოს კრეფა ძალიან მომწონს და უარს არც თევზაობაზე ვამბობ. ერთადერთი, რასაც ვერასდროს დავამუღამებ, ნადირობაა. ვერ ვხვდები, ამისგან სიამოვნება როგორ უნდა მივიღო?..

საოცნებო ქვეყანა

- საოცნებო ქვეყანა არ მაქვს... მსურს, იტალიის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერო და ამ ქვეყანაში წასვლას ვაპირებდი კიდეც, მაგრამ ჩემს მეგობარს გარკვეული პრობლემები შეექმნა და ვეღარ წავედით... მიმაჩნია, რომ როცა საზღვარგარეთ მიდიხარ, იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები აუცილებლად უნდა ნახო, მუზეუმები, არქიტექტურული ძეგლები დაათვალიერო.

ზაფხული და ინტერნეტი

- ბავშვობისას, როცა სადღაც მივდიოდი, ახალ ნაცნობებს შევიძენდი, რაიმეს ვიყიდდი, ვიღაც შემიყვარდებოდა თუ ვინმე გამეპრანჭებოდა, მთელი ზაფხულის შთაბეჭდილებებს, ემოციებს ვაგროვებდი, მერე კი ერთი სული მქონდა, ეს ყველაფერი მეგობრებისთვის გამეზიარებინა. ახლა, როცა ინტერნეტი და "ფეისბუკი" არსებობს, ადამიანებს საკუთარი ემოციების სხვებისთვის გაზიარება იმწუთასვე შეუძლიათ. ვირტუალური სამყაროს

წყალობით იოლად გაიგებთ, ვის როდის და რა ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია, სად გაცურა, რა მიირთვა და ა.შ.

საზაფხულო გარდერობი

- ქალაქიდან გამგზავრების წინ, როგორც წესი, საზღვაო სამოსს ვყიდულობ. აბა, გამოსასვლელი კაბების ყიდვას რა აზრი აქვს?! ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და გადავწყვიტე, ზაფხულის გარდერობში არანაირი სერიოზული ინვესტიცია არ ჩავდო (იცინის). ჯობია, ფული კომფორტულ დასვენებას მოვახმარო. საერთოდ, გარდერობის განახლება ბუნებრივად ხდება ხოლმე; საზაფხულო ნივთი შეიძლება, ზამთარშიც კი შევიძინო, თუ ფასდაკლებისას მომეწონება... საცურაო კოსტიუმი უკვე შევარჩიე. "კუპალნიკი" მოდური უნდა იყოს, მაგრამ მთავარია, გიხდებოდეს...

შოპინგი - საზღვარგარეთ

- საზღვარგარეთ ყოფნისას ვცდილობ, რაიმე განსხვავებული შევიძინო და არა ისეთი, როგორიც აქ ზოგიერთ ბრენდულ მაღაზიაში შეგვხვდება. რომ გითხრათ, - ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნისას ვხამდები და შოპინგომანია მემართება-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ვფიქრობ, შოპინგი მაინც, მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია - ყველა ქვეყნიდან მომაქვს თუნდაც, პატარა ნივთი, რომლის დანახვაც მომავალში ტკბილ მოგონებებს აღმიძრავს; მოგზაურობისას მეგობრისთვის რაიმე სუვენირს ვყიდულობ და ესეც სიამოვნებას მანიჭებს...

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები