"მერი შერვაშიძე ჩემი დიდი მამიდა იყო"

"მერი შერვაშიძე ჩემი დიდი მამიდა იყო"

"ვცდილობ, წიგნისთვის დრო შეძლებისდაგვარად გამოვნახო. მართალია, ყოველთვის ვერ ვახერხებ, ვიყო აქტიური მკითხველი, მაგრამ სურვილი და ინტერესი ნამდვილად მაქვს", - ამბობს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია. მისი საყვარელი ავტორების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, მაგრამ მათგან გამორჩეულად ერთი უყვარს. ეს გურამ დოჩანაშვილია.

პრეამბულის მაგიერ

- ზოგჯერ წიგნები და ავტორები მოდაშიც შემოდის. ერთი პერიოდი ყველა ყურბან საიდის რომანზე - "ალი და ნინო" ლაპარაკობდა. მახსოვს, ამ წიგნის წასაკითხად თბილისში ვერ მოვიცალე, დასასვენებლად ზღვაზე რომ წავედი, თან წავიღე. მე და ჩემი მეუღლე მორიგეობით ვკითხულობდით და თან ვირუჯებოდით.

- ბოლოს რომელი ნაწარმოები წაიკითხე?

- გრიგოლ რობაქიძის "ჰიტლერი" და "თაგორი". "მარტოობის ასი წელიწადი" ყველას აქვს წაკითხული.

- წიგნი მოგიპარავს?

- არა, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვები: VIII კლასში ვიყავი. ჩემი 2 ნაცნობის ლაპარაკს შევესწარი, ერთი მეორეს ისეთ ამბავს უყვებოდა, ამ ასაკში განსაკუთრებით რომ გაინტერესებს. ბოლოს წიგნიც დაუსახელა. ის წიგნი სასწრაფოდ ვიშოვე და მალულად წავიკითხე. მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა მიპოვა და არ გამცა, რომ ჩანთაში მედო. ეს წიგნი იყო "ბალთაზარ კოსა". რასაკვირველია, ეს ასაკისთვის შეუფერებელი იყო, მაგრამ ამბავს იმდენად საინტერესოდ ჰყვებოდნენ, რომ აკრძალული წიგნით დავინტერესდი.

- მასწავლებელმა რა გითხრა?

- ეს რომ გაეგოთ, ალბათ სკოლიდანაც გამრიცხავდნენ. მასწავლებელმა წყნარად მითხრა, - ეს საშენო წიგნი არ არის, აჯობებს, სხვა ლიტერატურას გაეცნოო.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ უბრუნდები?

- კი, ეს ჩვევად მაქვს. ადრეულ ასაკში, როცა უცხოელი ავტორების ნაწარმოებებს ვკითხულობდი, პერსონაჟების სახელებს ვერ ვიმახსოვრებდი, ამიტომ მათ ქართულ სახელებს ვარქმევდი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- (პაუზის შემდეგ) მერი შელის ფრანკენშტეინთან. ავტორმა ახალი ტიპის ადამიანი გამოიგონა. პირველად ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე, სიღრმეს ბოლომდე ვერც ჩავწვდი. მასში ერთადაა ბოროტება და სიკეთე. მცირე ხნით მაინც სიამოვნებით ვიმეგობრებდი.

- პოეზია გიყვარს?

- მიყვარს, თავადაც ვწერ, მაგრამ არ ვაქვეყნებ. ზეპირად ნაკლებად მამახსოვრდება. პოეზია ჩემს მეუღლეს უფრო უყვარს.

- მისთვის ლექსიც გექნება მიძღვნილი.

- რა თქმა უნდა. შეყვარებულობის პერიოდში, 5 თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ვუკითხავდი. თეატრიდან ან კინოდან, სახლში რომ მივაცილებდი და მერე შინ დავბრუნდებოდი, ძილის წინ ყოველთვის ერთ მოთხრობას ვუკითხავდი. იშვიათად, სხვა ავტორებსაც გამოვურევდი ხოლმე.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- სახელებს, გვარებსა და ტელეფონის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ კარგად მამახსოვრდება ამბები. ცოტა ხნის წინ მეგობართან ლაპარაკის დროს გამახსენდა: მაშინ 12-13 წლის ვიქნებოდი, მშობლებთან ერთად ღამის მატარებლით ვმგზავრობდი. ჩვენს ვაგონში ბიჭი დაჭრეს. ეს ამბავი დეტალებში მახსოვს და ამდენი წელია, მადარდებს, გადარჩა თუ არა... შემთხვევა შუაღამისას მოხდა, დაჭრილი მამასთან მოვიდა და დახმარება სთხოვა. სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, მამამ სალტე გადაუჭირა, დედამ მატარებელი გააჩერებინა და ჩაიყვანეს. მერე რა მოხდა, არ ვიცი.

- იქნებ წაიკითხოს და გამოგეხმაუროს.

- გამიხარდება.

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ეს რუბრიკა არაერთხელ წამიკითხავს. ძალიან ვღელავ, მგონია, რაც ვიცი, იმასაც ვერ გავიხსენებ (იცინის).

- "აცადეთ მტერს, დაუშვას შეცდომები". რომელი ცნობილი მხედართმთავარია ამ სიტყვების ავტორი?

- მიმანიშნე, რომელი ქვეყნის წარმომადგენელია.

- საფრანგეთის.

- ნაპოლეონი იქნება, გამოვიცანი?

- დიახ. არც თუ ისე შორეულ წარსულში, თბილისში ამ ადამიანის 6 ძეგლი იდგა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- დავაზუსტებ, ქართველია?

- არა.

- ლენინი.

- ვინ გახდა 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- ჩემი დიდი მამიდა - მერი შერვაშიძე.

- ეს როგორ გავიგო?

- მე შერვაშიძე ვარ. მამა და ბიძა მყავს შარაშიები. ბაბუა შერვაშიძე იყო. ბებია და ბაბუა ერთმანეთს დაშორდნენ და როცა ბაბუამ მეორედ იქორწინა, ბებიამ შვილებს გვარი გადაუკეთა, - შარაშიებად დაწერა. ბაბუა 7-8 წლის წინ გარდაიცვალა, აფხაზეთში ცხოვრობდა. მამაჩემის ნახევარძმები და დები ყველანი შერვაშიძეები არიან.

- გვარის დაბრუნება არ გიცდია?

- ჩემმა ბიძაშვილებმა დაიბრუნეს, მე არ მიცდია, 16 წელია, ეკრანზე ვჩანვარ, ხალხი შარაშიად მიცნობს და ახლა ცოტათი მეუხერხულება. მანამდე კი იმიტომ არ გადავიკეთე, რომ ბებია ცოცხალი იყო და მინდოდა, მისთვის პატივი მეცა. გადაწყვეტილი მაქვს, გვარი ჩემს შვილს - ანდრიას დავუბრუნო.

- მან რომი გადაწვა, შემდეგ კი ქრისტიანებს გადააბრალა და ისინი მხეცებს დააგლეჯინა. ვისზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ნერონზე. ვისი სახელობის იყო თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა?

- არ ვიცი.

- კარლ მარქსის. რომელია ყველაზე დიდი ზომის მინანქრის ხატი მსოფლიოში?

- ხახულის ღვთისმშობელი.

- რა ერქვა ქალაქს, რომლის ადგილზეც ახლა მკვდარი ზღვა მდებარეობს?

- სოდომი.

- ალექსანდრე მაკედონელს სხვადასხვა ქვეყანაში ლაშქრობისას თან ახლდა განსწავლული ადამიანების ჯგუფი, ისინი მცენარეებით იყვნენ დაინტერესებულები. აგროვებდნენ და მაკედონელის მასწავლებელთან მიჰქონდათ. ვინ იყო ის ადამიანი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ, ცნობილი ფილოსოფოსი იყო.

- არისტოტელე?

- დიახ. ამ ჩინელმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა კი აღიარება სიკვდილის შემდეგ პოვა. თავდაპირველად მენახირე იყო, შემდეგ სამართლის მინისტრი გახდა.

- ჩინელებიდან ახლა კონფუცი მახსენდება.

- რომელ ომში იყო ჩართული 72 სახელმწიფო?

- II მსოფლიო ომში.

- საქართველოს რომელ მხარეს უწოდებდნენ ძველად თაკვერს?

- გურიას.

- რაჭა-ლეჩხუმს. რას გიწოდებდა ძველი რომაელი, თუ მას მარათონზე შეხვდებოდი?

- არ ვიცი.

- კონკურენტს. რა ერქვა ჯოხს, რომლის დახმარებითაც ძველ რომში საქონელს მიერეკებოდნენ?

- არც ეს ვიცი.

- სტიმული. ეს ნუგბარი ჩინელებმა გამოიგონეს, ევროპაში მის შემომტანად კი მარკო პოლო ითვლება. რომელ ნუგბარზეა ლაპარაკი?

- ვერ გიპასუხებ.

- ნაყინზე. ის მოდაში კოკო შანელმა შემოიტანა. მანამდე სასურველად არ ითვლებოდა. პირიქით, ადამიანის დაბალ წარმომავლობასა და მის მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. ექიმები ამბობდნენ, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია და მოდიდან მალე გადავაო. ის დღესაც მოდაშია. დაასახელე, რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულშია.

- (ფიქრობს) გარუჯვა ხომ არა?

- გამოიცანი. ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ 2 თვით იკეტება. რატომ?

- დეზინფექციას ატარებენ.

- ცხოველებს დამთვალიერებლებისგან ასვენებენ. "ზახრუმა" სპარსული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს...

- რომ მიაძახებენ ხოლმე, - რა და ზახრუმაო, კი გამიგია, მაგრამ რას ნიშნავს, არ ვიცი.

- "არგადარჩენას". რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?

- რუბენსს.

- პოლიტიკაში ეს ჩვეულება ხრუშჩოვმა შემოიტანა, მაგრამ საქმის ნამდვილ "კლასიკოსად" ბრეჟნევი მიიჩნევა. რაზეა ლაპარაკი?

- შეხვედრების დროს ლიდერთა გადაკოცნაზე.

- გოეთე ამბობდა: "არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას..."

- სიმართლედ, მშვენიერებად...

- "...რა მიაჩნია მას სასაცილოდ".

- მართალია, ვეთანხმები.

- ეს ცნობილი ინგლისელი მოღვაწე მემუარებში წერდა, რომ მშობლები მას არასდროს მოჰფერებიან. სამაგიეროდ, ძიძას აღმერთებდა და საკუთარ კაბინეტში, წლების მანძილზე, მისი სურათი ეკიდა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- ჩერჩილზე.

- რა ერქვა ინკების დედაქალაქს?

- არ ვიცი.

- მაჩუ პიკჩუ. ავსტრალიაში ამ ცხოველის რაოდენობა 57 მილიონია.

- კენგურუ.

- ძველ საბერძნეთში ბაზარში მხოლოდ მამაკაცები დადიოდნენ თუ ქალები?

- მამაკაცები. როგორც მახსოვს, წყალიც მხოლოდ მამაკაცებს მოჰქონდათ.

- ვინ იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი?

- როინიშვილი. პირველი სიუჟეტი, რუსო შარაძესთან ერთად, სწორედ მასზე მაქვს გაკეთებული.

- ოსკარ უაილდმა შარვლის ეს ფორმა ქალაქგარეთ გასეირნებისთვის მოიგონა. რას ეძახიან დღეს ამ ფორმას?

- შორტს.

- დაბოლოს, დაასრულე მისივე ცნობილი გამონათქვამი: "ისეთი ჭკვიანი ვარ, ხანდახან საკუთარ ნათქვამსაც ვერ..."

- "...ვერ ვხვდები".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები