"ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა"

"ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა"

რეზო თაბუკაშვილი ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ, რომლის სახელსაც ბევრი კარგი საქმე უკავშირდება. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა დაუბრუნდა... ბატონი რეზოს მეუღლე სილამაზით განთქმული ქალბატონი, მსახიობი მედეა ჯაფარიძე გახლდათ. ეს წყვილი გასული საუკუნის თბილისში მართლაც, გამორჩეული იყო და მათი სიყვარულის შესახებ ლეგენდები დადიოდა... აი, რას ამბობს მშობლების შესახებ მათი ერთადერთი ვაჟი - მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილ:

- წილად მერგო ბედნიერება, ოჯახში უზარმაზარი სიყვარული დამენახა. ჩემი მშობლები ძალიან ლამაზი და დინამიკური ცხოვრებით ცხოვრობდნენ... შორიდან ალბათ ისე ჩანდა, რომ ისინი ღვთისგან დაჯილდოებული და ბედითაც განებივრებულები იყვნენ, რადგან ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ მათ იოლი ცხოვრება ნამდვილად არ ჰქონდათ. იყო უამრავი უმადურობა, გულისტკენა, უსამართლობა... სამაგიეროდ, ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ უკიდეგანო სიყვარული გვქონდა...

დედა არ იყო მხოლოდ რომანტიკული ფერია, როგორი კლიშეც მის მიმართ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაჩნდა. მას გასაოცრად ტრაგიკული, რთული ბავშვობა და ყმაწვილქალობა ჰქონდა. სრულიად არ გააჩნდა მსახიობისა და ლამაზი ქალისთვის დამახასიათებელი ელემენტარული ეგოიზმი. ძლიერი, უშიშარი, პრინციპული და მასშტაბურად მოაზროვნე პიროვნება გახლდათ... ცდილობდა ყოფილიყო ძალზე მკაცრი. მიუხედავად იმისა, რომ ბრძენი ქალი იყო, იოლად ვატყუებდი... როცა საქმე პრინციპულ საკითხებს შეეხებოდა, მაშინ მამაზე უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენდა...

მამამ გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, საკუთარ დაბადების დღეზე ის ადამიანები დამაპატიჟებინა, რომლებმაც ოდესღაც გული ძალიან ატკინეს და რომლებსაც წლების მანძილზე არ ესალმებოდა. მან ყველა შეირიგა, რათა გულზე სიმძიმე არ ჰქონოდა... სხვათა შორის, ზედმეტად თავმდაბალი იყო ყველა ჩემი წინაპარი...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს