გელა დაიაური: "დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი"

გელა დაიაური: "დასამალი არაფერი მაქვს. ცოლს თუ მოვიყვან, ხმამაღლა ვიტყვი"

შვიდ ივლისს გელა დაიაურმა შვილს "ფეისბუქზე" დაბადების დღე ასე მიულოცა. "დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო გაუხარელო, მიწაუღირსებელო შვილო. ხუთი წლის გახდებოდი დღეს. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად მამიკო. როგორ მინდოდა, მამულისთვის გამეზარდე. როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი ტანჯული სამშობლოსი. ვერ მოგიარეთ, ვერ გადაგარჩინეთ. მაპატიე მამიკო. ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი. დედა არ გააბრაზოთ. მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში".

რატომ დატოვა ოჯახმა ხევსურეთი

- იცით, მშობლებს როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი?

- თავიანთი სიყვარულის ამბავი ჩემთვის ნამდვილად არ მოუყოლიათ. ჩვენთან, ხევსურეთში, ასეთ ისტორიებს არ ჰყვებიან. ფიქრობენ, რომ სირცხვილია. ჩემს მშობლებზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მამამ დედა მოიტაცა. დედის მშობლები დიდხანს არ ურიგდებოდნენ და ბოლოს შეურიგდნენ. ეს დაახლოებით 1969 წელს მოხდა. ჩემს მშობლებს პირველი გოგონა ეყოლათ, შორენა. თვეების იყო, რომ გარდაიცვალა. მომდევნო ფიქრია დაიბადა და მერე მე გავჩნდი. სანამ დავიბადებოდი, მამამ სახელი მუცელში დამარქვა. მაშინ ექოსკოპია ხომ არ არსებობდა. მამამ თქვა, ბიჭი მეყოლება და გელას დავარქმევო. დედამ თერთმეტი შვილი გააჩინა, მაგრამ ორი შვილი დაეღუპა და ცხრა დედმამიშვილი ვართ.

- ძალიან მდიდარი ხართ.

- რა თქმა უნდა, დედმამიშვილებზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. შორენა, როგორც გითხარით, გარდაიცვალა, მერე გაჩნდა ფიქრია, მერე - მე, მამუკა, ხათუნა, ზვიადი, ალუდა, მერე დაიბადა თაია და ცხრა წლის გარდაიცვალა, მოგვიანებით გაჩნდა თორღვა, დაია და დავითო. სამივე და გათხოვილია. ძმებიდან ორი დაოჯახებულია და სამიც დასაოჯახებელი.

- ჰგავხართ დედმამიშვილები ერთმანეთს?

- მამუკას მამსგავსებენ ძალიან. თორღვაც მგავს. ძმებსა და მამასთან სურათი მთაში მაქვს გადაღებული. მამას წინ ხრიდოლის ფედარაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილია, იმ დღეს ძმად გაგვეფიცა.

- მშობლებს რა პროფესია აქვთ?

- დედა დიასახლისია, მამა მეუ­რნეობას მისდევს. 2002 წელს გადმოსახლდნენ კახე­თში. დედასა და მამასთან ფოტოები კახეთში მაქვს გადაღებული. შვილებმა სხვადასხვა სამსახური ვიშოვეთ და დავიფანტეთ. ზამთარში შვიდი თვის განმავლობაში იკეტებოდა პირიქითა ხევსურეთში გზა. რამდენჯერმე ოჯახის წევრი გახდა ცუდად და ბეწვზე ჩამოასწრო შვეულმფრენმა. ამინდი რომ გაფუჭებულიყო, შეიძლება ამას შესწირვოდა რომელიმეს სიცოცხლე. ბოლოს მამამ თქვა, მართალია, ძალიან მინდა ხევსურეთში ცხოვრება, მაგრამ თუ ჩემი ოჯახის წევრს შევწირავ ამ ყველაფერს, ხევსურეთში ცხოვრება არაფრად მიღირსო. ახმეტის რაიონის სოფელ არაშენდაში ვიყიდეთ სახლი. იქ ჩემი სიძე ცხოვრობდა. გავიგეთ, რომ ოსები მიდიოდნენ და სახლს ყიდდნენ. ბარში ჩამოვსახლდით. მომდევნო სურათზე დედასა და და-ძმებთან ვარ. ყველას ფოტო ერთად რომ გვქონდეს გადაღებული ასეთი, მგონი, არ არსებობს. თუ არის, ხევსურეთში გვექნება დარჩენილი.

- პირიქითა ხევსურეთში იშვიათად დადი­ხართ?

- წარმოშობით მუცოდან ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქ მაქვს გატარებული. სტუდენტობის დროს ოთხი წელი ვცხოვრობდი თბილისში. მანამდე სულ ხევსურეთში ვიყავი. მერე შატილის რწმუნებული გავხდი. შემდეგ საკრებულოში გადმომიყვანეს. ხევსურეთის წარმომადგენელი დეპუტატი გავხდი და იძულებული ვიყავი თბილისში მეცხოვრა. ბოლო რამდენიმე წელია, შეიძლება წლის განმავლობაში ექვსეჯრ ან შვიდჯერ ჩავიდე. შატილობა რომ იმართება, მაშინ ბევრი რამის ორგანიზებაა საჭირო და სულ იქ ვარ. ჩემი ოჯახის წევრების საფლავები იქაა და გარდაცვალების დღეებზე ასვლა მიწევს. ვცდილობ, ხევსურეთს არ მოვწყდე, მაგრამ ისეთი სამსახური მაქვს, ძირითადად თბილისში მიწევს ყოფნა. 1980-81 წლებში შატილის დაწყებით სკოლებში ვიყავი. მერე ორი წელი დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის დაწყებით სკოლაში დავდიოდი. ამ სკოლაში ბებიას ძმა ასწავლიდა. მოსწავლეები აკლდებოდა და ჩემებს სთხოვა, შვილი მათხოვეთო. ორი წელი იმ სკოლაში დავდიოდი. 1984 წლიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი. სხვა სკოლა უფროსკლასელებისთვის არ არსებობდა და მთელი ხევსურეთის ბავშვები იქ დავდიოდით. ორმოცდაათი კილომეტრით იყო ჩვენგან დაშორებული ბარისახოს სკოლა-ინტერნატი და ცხრა თვის განმავლობაში ოჯახს ვწყდებოდით. თუმცა მოგვიანებით გაიხსნა სკოლა უფროსკლასელებისთვის და ჩემმა რამდენიმე დედმამიშვილმა მოასწრო შატილის სკოლაში ესწავლა. კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. კომაროვში მინდოდა მესწავლა. ჩავაბარე გამოცდები და მთაში წავედი. პასუხის გასაგებად ჩემი მასწავლებელი მივიდა. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ერთი ქულა დამაკლდა კომაროვში ჩასაბარებლად. ცოტა ხნის წინ მოვინახულე ჩემი მასწავლებელი, რომელიც დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას. მითხრა, ნეტავ, კომაროვის სკოლის დირექტორი დღესაც ცოცხალიაო. გამიკვირდა მისგან ასეთი ნათქვამი. ძალიან კაცთმოყვარე ადამიანია. ახლაღა მომიყვა, ჩემს ბავშვობაში რაც მოხდა. მასწავლებელს როდესაც უნახავს ჩემი ნაწერი, დირექტორთან შესულა და უკითხავს, რატომ არ მიმიღეს სკოლაში. დირექტორს ჩემს ნაწერზე უთქვამს, ძალიან კარგი ბავშვი ყოფილა და მომავალ წელს მოიყვანეთო. თუ მაგარი ნაშრომი აქვს, წელსვე მიიღეთო, უთქვამს ჩემს მასწავლებელს. დირექტორი არ დათანხმებია, ადგილები აღარაა და მაშინ საერთოდ არ მივიღებო. არ ვიცი, ადგილები გაყიდული იყო თუ რა მოხდა. თურმე იმ წელსვე შემეძლო კომაროვის მოსწავ­ლე გავმხდარიყავი. ჩემს მასწავლებელს უთქვამს, ქრთამისტი ხარ, ბიძია, შენო და წამოსულა. გამიხარდა, ეს ამბავი ახლა მაინც რომ გავიგე. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ვერ ჩავაბარე. სკოლა რომ დავამთავრე, "გეპეიში" სამშენებლო-საინჟინროზე ჩავაბარე და ფიზიკაში ჩავიჭერი. მეორე წელს უნივერსიტეტში სამშენებლოზე ვაბარებდი და მაშინაც ჩავიჭერი. მთაში წავედი და ექვსი წელი არ ჩამოვსულვარ. სახლში ბიბლიოთეკა მქონდა. სულ ვკითხულობდი და ლექსებს ვწერდი. მერე ბიძაჩემი ჩამოვიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, გამოუშვით ეს კაცი, ნიჭიერი ადამიანიაო. ჩამოვედი თბილისში, სამი თვე მოვემზადე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე, კავკასიური ენების სპეციალობით. პროფესიით ლინგვისტი ვარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი