თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა

თბი­ლი­სის ათი ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა

ამჯერად თბილისის ისტორიული შენობების შესახებ მოგითხრობთ. საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ათეულის შედგენა არ გაგვჭირვებია, რადგან დედაქალაქში მრავლადაა უძველესი შენობა, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ.

რუსთაველის თეატრი. თეატრი კორნელი ტატიშჩევისა და ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტის მიხედვით ეკლექტიზებულ ბაროკოს სტილში 1899-1901 წლებში "არტისტული საზოგადოებისათვის" აშენდა. 1949 წლის 9 ივნისს თეატრი დაიწვა, გადარჩა მხოლოდ პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით, შენობა მალევე აღადგინეს. მისი კომპლექსური რეკონსტრუქცია 1982-87 წლები ჩატარდა. სარესტავრაციო საქმეს სათავეში არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი ჩაუდგა. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. ამჟამად თეატრს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზი აქვს: დიდი (786 ადგილი), მცირე (300 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი), ასევე საკონფერენციო და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი "სამეჯლისო დარბაზი", "მცირე ფოიე" და "პატარა სასტუმრო ოთახი".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა. 1851 წელს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის არისტოკრატები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ ოპერის გახსნას. შენობა 800 მაყურებელს იტევდა და თავისი არქიტექტურით ევროპის თეატრებისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო. სამწუხაროდ, ოპერისა და ბალეტის ძველი შენობა ხანძარმა გაანადგურა. ახალი ოპერისა და ბალეტის შენობის მშენებლობა 16 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1896 წელს დასრულდა. ღია კონკურსზე წარმოდგენილი ოთხი პროექტიდან, პეტერბურგელი არქიტექტორის, ვალენტინ შრეტერის პროექტმა გაიმარჯვა.

კონსერვატორია. არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის მიერ მოდერნის სტილში დაპროექტებულ ულამაზეს შენობაში 1904 წლიდან ქალაქის ყველაზე უძველესი მუსიკალური სასწავლებელი იყო განთავსებული. 1917 წელს შენობა ახლად დაარსებულ კონსერვატორიას გადაეცა.

მწერალთა სახლი. ერთ-ერთი უძველესი შენობა, არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად მიჩნეული, სოლოლაკში მდებარე მწერალთა კავშირის სახლია. შენობა 1928 წლამდე ღვინის ქარხნის მფლობელისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი იყო. შენობა 1905 წელს არქიტექტორმა კორნელი ტატიშჩევმა ააშენა. მავრიტანული დარბაზი, სპარსული ოთახი ბუხრითა და ჭრელი ჭერით, ფანჯრებისა და კარების ფერადი მინები, ლამაზი ხის კიბე საოცარ ჰარმონიას ქმნის.

უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის მთავარი, პირველი კორპუსი ექვსი წლის განმავლობაში შემოწირულობებით შენდებოდა. მშენებლობა 1900 წლის ოქტომბერში დაიწყეს და 1906 წელს დაასრულეს. შენობის დაპროექტება ახალგაზრდა არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს დაავალეს. კავკასიაში, პირველი უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს დაარსდა".

საკრებულო. თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის დასაწყისშია აგებული. შენობამ მას შემდეგ მრავალჯერ განიცადა რეკონსტრუქცია. ორსართულიანი ნაგებობის პირველ სართულზე, 1879 წლამდე ქალაქის პოლიციის განყოფილება იყო განთავსებული, მეორე სართული ქალაქის მთავარი პოლიციის კანცელარიას ეკავა. 1882-1884 წლებში შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. არქიტექტორმა პავლე შტერნმა შენობა ერთი სართულით აამაღლა. 1886 წელს აშენდა სხდომის დარბაზი, რომელსაც "წითელ დარბაზს" უწოდებენ".

უზენაესი სასამართლო. საქართველოს უზენაესი სასამართლო კლასიკური არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, რომელიც 1894 წელს არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აშენდა და მისი ფუნქცია თავიდანვე განსაზღვრული იყო. ორი ურთიერთპარალელური კორპუსი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ შენობას მთლიანობაში ჯვრის ფორმა აქვს.

მარჯანიშვილის თეატრი. 1901 წელს ძმებმა ზუბალაშვილებმა, მამის ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით აეშენებინათ სახალხო სახლი. თეატრის მშენებლობა 1902 წლის 7 ნოემბერს დაიწყო, არქიტექტორ კრიჩინსკის პროექტით და 1907 წელს დასრულდა, თუმცა ის 1909 წელს გახსნეს. შენობის საძირკველში ჩატანებულია ლითონის ფირფიტა, რუსული წარწერით: "კ.ი".. 1930 წელს სახალხო სახლში, ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა მეორე სახელმწიფო ქართულმა თეატრმა. მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს, სახალხო სახლს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა.

ცირკი. ცირკი არქიტექტორების ნიკოლოზ ნეპრინცევის, ვლადიმერ ურუშაძისა და სტეფანე სატუნცის პროექტით 1940 წელს აშენდა. 2000-ადგილიანი მაყურებელთა დარბაზი საყრდენი სვეტების გარეშეა. ეს ქმნის სივრცისა და კომპაქტურობის შთაბეჭდილებას. შენობა წრიული ფორმისაა და ჰორიზონტალის მიხედვით, სამ ნაწილად იყოფა.

დინამო-არენა. სტადიონის პირველი პროექტი 1932-1935 წლებში განხორციელდა არჩილ ქურდიანისა და ჰენრიხ გრინევსკის თანამონაწილეობით. იმ პერიოდის თბილისისთვის ეს იყო სრულიად ახალი ტიპის ნაგებობა. 35.000 გულშემატკივრისთვის გათვალისწინებული სტადიონი მაყურებელს ვერ იტევდა. მიუხედავად ამისა, სტადიონმა პირველადი სახით თითქმის 40 წელი იარსება. ახალი სტადიონი 80 000 მაყურებელზეა გათვლილი. 59 კიბე-გასასვლელი სტადიონის 10-15 წუთში დაცლას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ სტადიონის ყველა სკამს ერთ მწკრივად განვალაგებთ, ის დაახლოებით 25 კილომეტრზე გაიჭიმება. ოდნავ ოვალური, თასისებური სტადიონის ტრიბუნები 40 მეტრ სიმაღლეზე ადის.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია