თეონა ცხომელიძე - "რუსთავი 2"-ში დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს

თეონა ცხომელიძე - "რუსთავი 2"-ში დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს

ცხრა წელია, რაც საკუთარი თავი ჟურნალისტიკას მიუძღვნა. პოლიტიკური რეალობა იცვლება, პოლიტიკოსები ნაკლებად, ძირითადად, თანამდებობებს იცვლიან. მაგალითად, თეონა ცხომელიძის პირველი რესპონდენტი ნინო ბურჯანაძე იყო, ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსით. დღეს ბურჯანაძე ოპოზიციაშია, თეონა - ისევ ჟურნალისტიკაში. პოლიტიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს ყოველთვის ბევრი მოსაყოლი აქვთ, გამონაკლისი არც "კურიერის" ერთ-ერთი გამოცდილი კადრი აღმოჩნდა.

- პროფესიით ტელერეჟისორი ვარ, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში პრაქტიკაზე მივედი. მეგონა, რომელიმე გადაცემაში ჩემი პროფესიით გავივლიდი სტაჟირებას, თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ საინფორმაციო სამსახურში მოვხვდი. იქამდე არასოდეს მიფიქრია ჟურნალისტობაზე და აბიტურიენტობისას, როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვფიქრობდი, რეჟისორობა ის საქმე იყო, რომლის კეთებაც მინდოდა. ახლა მიმაჩნია, მაშინ ძალიან გამიმართლა, ამ გაუგებრობაში რომ მოვყევი. ორი წლის შემდეგ, 2006 წელს გადმოვედი "რუსთავი 2"-ში და მალევე დავრწმუნდი, რომ ყველაზე საინტერესო საქმე და სამსახური მაქვს.

- ყველაზე ხშირად რომელ თემებზე მუშაობთ?

- პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, ხშირად მიწევს პარლამენტში ყოფნა. ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ამ საკითხების გაშუქებისას ვგრძნობ... დღემდე ვიძაბები და ვნერვიულობ, თუ საქმე კრიმინალს შეეხება.

- განსაკუთრებულად რომელი სიუჟეტის მომზადებას გაიხსენებდით?

- რთულია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. დღემდე ძალიან მძიმედ მახსენდება ოთხი წლის წინანდელი ამბავი. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი და ამ ფონზე კიდევ უფრო ემოციური იყო ეს ყველაფერი. დილას დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ექვსი წლის ბავშვი დაიკარგა. გადაღებაზე წავედი, მშობლებსა და პოლიციასთან ერთად ვეძებდი სადღაც ნანგრევებში. იპოვეს და ბავშვი, სამწუხაროდ, მოკლული აღმოჩნდა. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. ემოციებთან გამკლავება მოკლე დროში მომიხდა. 20 წუთში ჩართვა მქონდა და ახლაც არ ვიცი, როგორ მოვახერხე მაშინ მშვიდი გამომეტყველების მიღება.

- პირველი ცნობილი რესპონდენტი გაიხსენეთ, რომლის ჩაწერაზეც ბევრი ინერვიულეთ...

- პირველი რესპონდენტის ჩაწერიდან ძალიან დიდი დროა გასული, უკვე ცხრა წელი, თუმცა როგორც მახსოვს, ეს იყო ნინო ბურჯანაძე, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და მარტოს მომიწია ჩაწერამ. ვნერვიულობდი, რომ რამე არ შემშლოდა. კითხვა ფურცელზე დავწერე და კაბინეტში შესვლამდე ვიზეპირებდი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ქალბატონი ნინო ვერც მიხვდა, რომ ის ჩემი პირველი რესპონდენტი იყო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები