რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართა

რუსეთში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება გაიმართა

წელს რუსეთმა მსხვილი სამხედრო წვრთნების ჩატარებას მოუხშირა. პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, უეცარი სამხედრო შემოწმებები დასავლეთის, სამხრეთის და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში ჩატარდა. ამჯერად მასშტაბური შემოწმება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში მიმდინარეობს. შესაბამისი განკარგულება პუტინმა თავდაცვის მინისტრს უშუალოდ შემოწმების დაწყებამდე 12 ივლისს გააცნო. მომდევნო დღეს, 13 ივლისს გამთენიისას, საბრძოლო განგაში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში დისლოცირებულ ყველა სამხედრო ნაწილში გამოცხადდა.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ეს რუსეთში ჩატარებული ყველაზე ფართომასშტაბიანი და მსხვილი სამხედრო სწავლებაა. მასში მონაწილეობას 160,000-მდე ჯარისკაცი, 5000-მდე ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სახის ჯავშანტექნიკა, 130 სხვადასხვა დანიშნულების თვითმფრინავი და შვეულმფრენი და 70-მდე სამხედრო და დამხმარე ხომალდი ღებულობს. ექსპერტების ნაწილი მსგავს მანევრებს ძალის დემონსტრირებით ხსნის. თავად რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

იაპონიას, რომელიც საკმაოდ თანამედროვე არმიას ფლობს, რუსეთთან გარკვეული ტერიტორიული უთანხმოება აქვს. გასათვალისწინებელია, რომ სადაო კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მშვიდობიანი ხელშეკრულება არ არსებობს. აშკარა პოლიტიკური დაძაბულობა კი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელიწადია არსებობს. გარდა ამისა, ცალკეულ სირთულეებს შორეულ აღმოსავლეთში რუსეთსა და მის ინეტრესებს ჩინეთიც უქმნის. მზარდი ეკონომიკისა და ძლიერი არმიის წყალობით, ჩინეთი ამ რეგიონში თავის გავლენას ყოველწლიურად აფართოებს.

სწავლების მსვლელობისას, საბრძოლო სროლების (ისინი ერთდროულად 5 პოლიგონზე მიმდინარეობენ) და საჰაერო იერიშების გარდა, აქტიურად მუშავდება შეთანხმებული მუშაობა სამოქალაქო სტრუქტურებთან, სხვადასხვა სახის საჯარისო ნაწილებს შორის, ჯარების დროული და ეფექტური გადასროლა, ფართო ტერიტორიაზე თავდაცვისა და შეტევის ეფექტური მანევრები.

2025 წლამდე გაწერილ რუსეთის არმიის რეფორმირებისა და გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში, მსგავსი შემოწმებების ჩატარება სავსებით გამართლებულია. ასეთ სწავლებებს რეფორმის სუსტი წერტილების გამოვლენა შეუძლია. და ამავდროულად რუსეთის თავდაცვის უწყების განახლებულ შემადგენლობას არმიის სუსტ და ძლიერ მხარეებზე მიუთითებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dokwar.ru-ს მიხედვით