ახალი Toyota Corolla - "ლეგენდარული სედანი" უკვე საქართველოშია

ახალი Toyota Corolla - "ლეგენდარული სედანი" უკვე საქართველოშია

მისი პირველი თაობა 47 წლის წინ შეიქმნა. დიზაინი და ფუნქციები დღეს იმდენად შეცვლილია, რომ შესაძლოა, პირველსა და ბოლო თაობას შორის მსგავსება ვერც კი აღმოაჩინოთ. 47 წლის განმავლობაში 11 თაობა "შეიცვალა". უკანასკნელს, რომელსაც თავად კომპანიაში "ლეგენდარულს" უწოდებენ, ავტომანქანის მოყვარულები ჯერ არ იცნობენ - Toyota Corolla-ს მეთერთმეტე თაობის სედანი საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს. გუშინ, სასტუმრო "რედისონში" მისი პრეზენტაცია გაიმართა, დღეს კი "ლეგენდარული სედანის" სახელით ცნობილი ავტომობილის მახასიათებლების პირადად გაცნობის საშუალება მედიის წარმომადგენლებს მიეცათ - მხოლოდ ჟურნალისტებისთვის "Toyota"-მ რუსთავის ავტოდრომზე ე.წ. "ტესტ დრაივი" მოაწყო.

"პირველი, რაც ახალ "Corolla-ს წინა თაობების ავტომანქანებისგან განასხვავებს არის ის, რომ აშკარად მეტია კომფორტი. გარდა ამისა, საგრძნობი განსხვავებაა ინტერიერში - გაცილებით მაღალი ხარისხის პლასტმასი და სხვა მასალაა გამოყენებული. აქვს სპორტული რეჟიმიც, რომელიც ავტოდრომზე პირადად გამოვცადე და მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტი დინამიკა იგრძნობოდა", - განუცხადა "ამბები.გე"-ს ე.წ. ”ტესტ დრაივში” მონაწილე, ჟურნალ "ავტო ბილდის" მთავარმა რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ.

რადიო "იმედის" წამყვან ზაზა ჭითანავას შეფასებით, ძველ მოდელსა და მეთერთმეტე თაობის Toyota Corolla-ს შორის განსხვავება "აშკარად იგრძნობა". მისი თქმით, ეს განსაკუთრებით გამოიხატება გადაცემათა კოლოფის "თავისებურებაში" - აქვს სპორტ რეჟიმი, რომელიც საშუალებას იძლევა, მანქანა მორგებულად ატარო მაღალ სიჩქარეზე.

"მეთერთმეტე თაობის ”სედანიც” გავატარე მოსახვევში მაღალ სიჩქარეზე და ძველი მოდელიც. აშკარა იყო სხვაობა. რა თქმა უნდა, წინა თაობის Corolla-ც ძალიან კარგია, მაგრამ ეს ბევრად უფრო შეკრულია. ყველამ ვიცით, ტექნოლოგიებთან იაპონელების დამოკიდებულება - ამ შემთხვევაში მეთერთმეტე თაობის ”სედანში” თანამედროვე ტექნოლოგიები კარგადაა ასახული. ამის გამო ეს ავტომანქანა გაცილებით მობილური და კომფორტულია. Toyota აგრძელებს თავის სტილში მუშაობას", - აღნიშნა "ამბები.გე"-სთან საუბარში ზაზა ჭითანავამ.

დიზაინი, კომფორტი, ეკონომიკურობა, უსაფრთხოება და გაუმჯობესებული ფუნქციები - "ლეგენდარული სედანის" ძირითად უპირატესობებს ასე განსაზღვრავენ თავად კომპანიაში. ამბობენ, რომ მეთერთმეტე თაობის Corolla-ში აეროდინამიკა და ელეგანტურობა ერთიანდება.

"წინა მხარე დაბალი ცხაურით Corolla-ს დიზაინს თავდაჯერებას მატებს. სრულყოფილი დახვეწილობისთვის ავტომობილის სილუეტი მოიცავს მკაფიო ხაზებს, რომლებიც ყველა გზით მძლავრ კიჩოს უერთდება: ამ ყოველივეს მთავარი ღირსება კი ისაა, რომ ამით დიზაინი არა მარტო მოხდენილი, არამედ თვალისმომჭრელიცაა. რაც შეეხება ინტერიერს, იმისთვის რომ გემოვნებიანმა ავტომოყვარულებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, გამოყენებულია რბილი მასალები, ხოლო მაჩვენებელთა დაფა ფორტეპიანოს შავი ფერის დეტალებითა და ლურჯი განათებით, პრემიუმ-ხარისხშია შესრულებული. ამასთან, "ლეგენდარული სედანის" ინტერიერი თავის კლასში ყველაზე დიდი სივრცით გამოირჩევა და მომხმარებელს გაუმჯობესებულ კომფორტს სთავაზობს. ჯდომის პოზიციის გაუმჯობესება განსაკუთრებით უკანა სავარძელზე იგრძნობა: თავისუფლად გადაადგილება ახალი Corolla-თი გარანტირებულია", - აცხადებენ კომპანიაში.

Corolla -ს მეთერთმეტე თაობის სედანის უპირატესობებზე საუბრისას Toyota-ს ხელმძღვანელობა აქცენტს დიდ საბარგულსა და პრაქტიკულ სათავსოებზეც აკეთებს - მისი 452 ლიტრიანი მოცულობა საშუალებას მოგცემთ მარტივად დაატიოთ და გაანაწილოთ თქვენი ბარგი.

Toyota Corolla-ს ახალთახალი სედანის გაყიდვა საქართველოში 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. მისი რეალიზაცია მოხდება მსოფლიოს კიდევ 150-ზე მეტ ქვეყანაში. ელეგანტური დიზაინისა და მაქსიმალური კომფორტულობის გარდა, "ლეგენდარული სედანის" ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისიცაა, რომ სიამოვნებას საწვავის ხარჯის გაზრდის გარეშე მიიღებთ.

ლელა ბაღდავაძე

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი