ბერტა ხაფავას ტკივილი და სახელით გამოწვეული დისკომფორტი

ბერტა ხაფავას ტკივილი და სახელით გამოწვეული დისკომფორტი

"არც ერთი თეატრის საუკეთესო მსახიობი არ დარჩენილა, რომელთან ერთადაც არ მიმუშავია", - გვითხრა ქალბატონმა ბერტა ხაფავამ, რომელიც მოგეხსენებათ, ერთი პერიოდი მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან სხვა მსახიობებთან ერთად გაათავისუფლეს. შემდეგ, საყვარელ თეატრში დაბრუნებულ მსახიობს მისთვის მოულოდნელად, ვარსკვლავი გაუხსნეს... ამჟამად ქალბატონ ბერტას კვლავ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს, მაგრამ იმ ადამიანების ცუდად მოხსენიებისგან ვერ იკავებს თავს, ვინც თავის დროზე ეს სიამოვნება წაართვა...

- დედაჩემის ბიძაშვილები ვაკეში ცხოვრობდნენ. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. სანათესავოში თუკი ვინმე ჰყავდათ, ყველა მათთან იზრდებოდა, მათ დააკვალიანეს, უნივერსიტეტი დაამთავრებინეს... დედა რომ გათხოვდა, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად ბიძაშვილებთან ჩამოვიდა. ჩემი მშობლები თბილისში სწავლობდნენ - ორივემ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ვერაზე პატარა ბინა იყიდეს. 3 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად იქ გადავედით.

- დედ-მამა წარმოშობით საიდან იყვნენ?

- აბაშიდან. "კრუგში" მეგრელი ვარ (იღიმის). "ბერტა" მატრაკვეცა მეგრელებმა დამარქვეს. იმ პერიოდში, დედაჩემის მეგობარს "მადამ ბოვარი" წაუკითხავს და ჩემთვის სახელი ამ ნაწარმოების გავლენით შეურჩევიათ. ნეტავ, თბილისში ბერტა კიდევ ვინმეს ჰქვია?..

- თქვენი სახელი ბავშვობაში დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდათ?

- ყოველთვის! ეს სახელი ახლაც მეჯავრება, საშინლად არ მიყვარს! ადრე მოდური სახელები იყო: მზია, მანანა... მე კი ბერტა მერქვა!

- ამბობენ, სახელი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო...

- როგორც წავიკითხე, "ბერტა" კარგ გავლენას არ ახდენს, ადამიანის ცხოვრებას ქვემოთ "ქაჩავს" (იღიმის)...

- თუკი სახელი ასეთ დისკომფორტს გიქმნით, მის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?

- არა. სკოლის ასაკში ჩემი სახელი განსაკუთრებულად არ მიყვარდა. მერე ნათლიებმა ნათელა დამარქვეს, მაგრამ არ შემრჩა: ასე არავინ მომმართავდა და ეს სახელი "დაიკარგა"...

- როგორი მოსწავლე იყავით?

- 54-ე სკოლაში ვსწავლობდი. რისი ჩადენა აზრადაც არ მომივიდოდა, იმასაც მე მაბრალებდნენ, - ასეთი ბედი მქონდა. ბავშვებმა რამდენჯერმე საკლასო ჟურნალი მოიპარეს და დახიეს, ეს კი, რა თქმა უნდა, ბერტას "ბრალი" იყო... რატომღაც, ლიდერად მიმიჩნევდნენ და ამის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ძალიან მაღალი და უზომოდ გამხდარი, "წოწოლიკა" ვიყავი. მკერდი რომ წამომეზარდა, ამის მრცხვენოდა და კუზიანივით მოკუნტული დავდიოდი. გაკვეთილი ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მის მოსაყოლად დაფასთან არ გავდიოდი, კომპლექსი მქონდა...

- ეს კომპლექსი როგორ დასძლიეთ?

- მერე სხვა სკოლაში გადავედი. ჩემს მშობლებს სურდათ, სამედიცინო განათლება მიმეღო. მაშინ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად მუშაობის ორწლიანი სტაჟი უნდა გქონოდა. ონკოლოგიის ცენტრში მომაწყვეს, პარალელურად, ვსწავლობდი. ონკოლოგიურში მუშაობას არავის ვუსურვებ, საშინელებაა! იქ სანიტრად გამაფორმეს. ოპერაციებზეც შევდიოდი, მაგრამ გული მიმდიოდა და ღამეებს ტირილში ვათევდი. ამბობდნენ, - ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავსო? სხვა საავადმყოფოში რომ მოვხვედრილიყავი, შეიძლება, ასეთი რამ არ დამმართოდა. საშინელება იყო უკვე განწირული ავადმყოფების ყურება... მერე გავიზარდე, "დავგოგოვდი"...

- და ალბათ თაყვანისმცემლებიც გაგიჩნდათ...

- არა... მახსოვს, სკოლიდან რუსთაველამდე გამოვიდოდით და იქაურობისთვის 3 "კრუგი" რომ არ დაგვერტყა, არ შეიძლებოდა.. "ბირჟაზე" ბიჭები იდგნენ, მათ ჩვენებურად ვეპრანჭებოდით, მაგრამ ვინ შემოგვხედავდა? ბავშვები ვიყავით, "დავღოღავდით"... ბიჭებს თვალში რომ "ამოვუვიდოდით", სახლებში მივდიოდით (იცინის).

- ექიმის პროფესიაზე ონკოლოგიურში მუშაობამ აგაღებინათ ხელი?

- არა. ახლა ოპერაციასაც გავაკეთებდი, მაგრამ მაშინ სხვას ნემსს რომ უკეთებდნენ, გული მიმდიოდა... შემდეგ ჩემი მშობლები გაიყარნენ. ჰოდა, შემთხვევით ვისარგებლე და სადაც მინდოდა, იქ "ვცვითე" თავი, მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტში იმ წელსვე ვერ ჩავაბარე; ბედი მეორე წელსაც ვცადე და სტუდენტი გავხდი. არაჩვეულებრივი პედაგოგი - ალექსანდრე მიქელაძე შემხვდა. "ცოცხალი ენციკლოპედია" გახლდათ, ღმერთმა აცხონოს!.. ჩემი კურსელები იყვნენ: გურამ ფირცხალავა, როსტომ ლორთქიფანიძე (რომელიც დღეს პატარა სამების ეკლესიაში მამაოა), გივი ქოჩლაძე... ჩემი მშობლები თეატრალური სფეროსგან ძალიან შორს იდგნენ, ოჯახში "თეთრი ყვავივით" ვიყავი. კარგა ხანს სამუშაო არ მქონდა, მერე 1 წელი გორის თეატრში ვმუშაობდი...

- გაყრის შემდეგ, მშობლები სათანადო ყურადღებას არ გაქცევდნენ?

- ჩემთვის არც ერთს ეცალა და არც - მეორეს. დედა ძალიან დაითრგუნა...

- ამ ფაქტმა თქვენზე როგორ იმოქმედა?

- ძალიან განვიცადე. მეგონა, პირველი და უკანასკნელი ვიყავი, ვისი მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ. როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინ მივხვდი, რომ ბევრი ყოფილა მსგავს სიტუაციაში და "დავწყნარდი" (იღიმის).

- სტუდენტობისას განსაკუთრებული მეგობრობა ვისთან გაკავშირებდათ?

- მე და ნათელა მაჭავარიანი ერთსა და იმავე სკოლაში დავდიოდით, ინსტიტუტშიც ერთსა და იმავე ჯგუფში მოვხვდით და თეატრშიც დღემდე ერთად ვართ.

- ცოტა ხნის წინ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარსკვლავი გაგიხსნეს...

- მანამდე თეატრიდან გამაგდეს, არავის ვჭირდებოდი... თეატრიდან ჯერ 10 კაცი გამოგვიშვეს, შემდეგ - კიდევ 46. მაშინდელმა მმართველმა მიშა ანთაძემ "ქართული დასის" ყველა წევრი მოიშორა. ამ კაცმა "ბალაგანი" შექმნა. თეატრთან კავშირი არ ჰქონია: ნაცნობ-მეგობრობით, თბილისის დოკუმენტური კინოსარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. კინოსტუდიაში რაღაცას "ჩალიჩობდა". ამბობდა, - მწერალიც ვარო. მოკლედ, ყველაფერი "თვითონ არის"! ფულის "გასაკეთებლად" თეატრში ბავშვთა გასართობი ცენტრის მსგავსი რაღაც შექმნა. სულ მეპარებოდა ეჭვი, რომ ამ კაცის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამოგზავნა შემთხვევითი არ იყო: ივანიშვილმა გაარემონტა, არაჩვეულებრივი აპარატურით აღჭურვა და ალბათ, ნიკა რურუას ერთი სული ჰქონდა, შენობას როდის გაყიდდა. ანთაძე "საძოვარზე" გაუშვეს. მას მილიონ-ნახევარი ლარი აქვს შეჭმული, მაგრამ არ იჭერენ. ეს ადამიანი ფულის გამო ყველაფერს იკადრებს. მისი შერჩეული სპექტაკლების გამო თეატრს მაყურებელი აღარ ჰყავდა. მერე ისეთი ლაპარაკი "წავიდა", თითქოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი საჭირო აღარ იყო. ამბობდნენ, - საზღვარგარეთ ასეთი თეატრი არ არისო. არ მესმის, თუ რაღაც განსხვავებული გვაქვს, რატომ უნდა დავკარგოთ? უცხოელებს შურდათ, - რა ბედნიერებაა, ასეთი თეატრი რომ გაქვთო! რურუამ კი რა ქნა? - თეატრიდან საერთოდ გამოგვიშვა. საკუთარ თავზე იმხელა წარმოდგენა ჰქონდა, რომ გიგა ლორთქიფანიძეც კი არ მიიღო, რომელიც ჩვენი გაშვების გამო თეატრიდან წავიდა... მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაბრუნებულს ვარსკვლავი გამიხსნეს. თურმე, გადასაგდები არ ვყოფილვარ, როგორც ეს მიშა ანთაძეს, სააკაშვილის ბებიას და ნიკა რურუას ეგონათ...

- თეატრში ახლა როგორი სიტუაციაა?

- "ავგიას თავლაა" დატოვებული. დიმიტრი ხვთისიაშვილი იქაურობას ნელ-ნელა "ალაგებს". პატიოსანი კაცია, ღმერთმა გაახაროს მისი გამჩენი!..

- გათავისუფლებული მსახიობებიდან ყველანი დაბრუნდით?

- ვინც ანთაძემ გაგვიშვა, ყველა დავბრუნდით... ახლა თეატრში სინჯები ანუ ე.წ. კასტინგი (ჩვენ ხომ მატრაკვეცები ვართ: უცხოური სიტყვები უნდა გამოვიყენოთ!) ტარდება...

- კინოეკრანზე თქვენი პირველი როლის შესახებ გვიამბეთ...

- სპექტაკლში - "მერი პოპინსი" რომ ვითამაშე, თურმე ელდარ შენგელაიას (რომელიც "სამანიშვილის დედინაცვალში" პლატონის როლის შემსრულებელს ეძებდა) ოთარ იოსელიანისთვის უთქვამს: ბერტა ხაფავა ნახე, პლატონის როლსაც ითამაშებს, ისეთიაო (იცინის)! "სამანიშვილის დედინაცვალში" მელანოს როლზე დამამტკიცეს. გადაღების დაწყებამდე თენგიზ აბულაძემ "ნატვრის ხეში", შეთეს დედის როლისთვის გამსინჯა, მაგრამ ამ პერსონაჟისთვის ძალიან ახალგაზრდა ვიყავი... პირველი როლი მაინც "ნატვრის ხეში" შევასრულე - მარიტას ტალახის გუნდა პირველმა ვესროლე. სულ მეუბნებოდნენ, - არ გრცხვენია, მარიტა ტალახისთვის რომ გაიმეტეო?!

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, "ვარდენის ევოლუციაში" პრეზიდენტის ბებიის როლი შეასრულეთ. სამუშაოდ საინტერესო იყო?

- ძალიან! პრეზიდენტის ბებიაზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ პრესის ფურცლებიდან მივმართავდი: მოდი და ნახე, შენმა პროტეჟემ (ანთაძეს სააკაშვილის ბებია მფარველობდა) თეატრი რა დღეში ჩააგდო, შვილიშვილები მოიყვანე და ეს სპექტაკლები მათ უჩვენე-მეთქი. ანთაძე თეატრს "საბალახოდ მიაბეს", - ჭამე, შვილო, რაც გინდაო. მან სამუშაოდ 30 კაცი მოიყვანა: პირველი ცოლის შვილი, მესამე ცოლის და, დისშვილები, ძმისშვილები... დეიდაშვილის ქმარს "მესამე თეატრის დირექტორი" დაარქვა - აბა, ხელფასი ხომ უნდა მიეცა?! სამუშაო ადგილებს ხელოვნურად ქმნიდა. ადრე ვთქვი კიდეც, - ამდენი თანამშრომელი ოპერისა და ბალეტის თეატრს არ ჰყავს-მეთქი. თურმე, "ბალაგანი" ხელს აძლევდათ: სააკაშვილის დედამ მთელი ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ ლარად ჩაიგდო ხელში და პრეზიდენტს თეატრის ბებიისთვის მიცემა გაუჭირდებოდა თუ რა?!

- პერიოდულად სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" გიღებენ...

- ყველაზე ხშირად ამ სერიალს ვუყურებ. ძალიან კარგი ბავშვები მუშაობენ. ხალასები არიან. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მაგალითად, სერიალი - "შუა ქალაქში" თავიდან კარგად აეწყო, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოსაბეზრებელია...

- თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვით?

- ქმარ-შვილი არ მყავს. მთელი ჩემი ცხოვრება თეატრი, შემოქმედებაა და ესეც წამართვეს. ჰოდა, როგორ არ ვლანძღო ეს ხალხი?! ამჟამად მე, ჩემი და, სიძე და დისშვილი ერთად ვცხოვრობთ...

- გული არ გწყდებათ, საკუთარი ოჯახი რომ არ შექმენით?

- არა. გიორგი (დისშვილი) ჩემს მუცელში არ მჯდარა, თორემ "ჩემია": მე გავზარდე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დამ შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა, ძალიან ცუდად იყო და 6 თვე ბავშვს ხელი ვერ მოჰკიდა. თავად გიორგიც ამბობს, - 2 დედა მყავსო... ბევრი მიყვარდა, ბევრს ვუყვარდი; სულ გატაცებული ვიყავი, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ამის გამო თავს ვერ მოვიკლავ (იღიმის).

- არაფერი რატომ არ გამოვიდა? პრობლემა რა იყო?

- ალბათ მეც უხასიათო ვიყავი, სათქმელს ყველას პირში "ვარეხვებდი". თანაც, ვინც მე მინდოდა, ის არ მთხოულობდა, ვინც არ მინდოდა, იმას არ გავყვებოდი და დავრჩი ასე...

- ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი რომ გქონდეთ, რამეს შეცვლიდით?

- არა. ერთ-ერთ შოუში ვთქვი: ახალგაზრდობაში ასაკით ჩემზე ბევრად უფროსი კაცი მიყვარდა, ჩემი ბოლო სიყვარული კი ჩემზე ბევრად უმცროსი იყო-მეთქი. თეატრში მისულს ერთმა მითხრა: რა იყო, შოუში შენი ბოზობის ამბავს რომ ჰყვებიო (იცინის)?.. იყო პერიოდი, როცა ჩემ შესახებ გავრცელებულ ჭორებს განვიცდიდი. მაგალითად, ერთხელ ისეთ კაცთან "დამაკავშირეს", რომელსაც "გამარჯობითაც" არ ვიცნობდი, ერთხელ კი გორში ჩასულს გაოცებულები შემხვდნენ, - ცოცხალი ხარო?!. თურმე, ჭორი გავრცელებულა, რომ მოვკვდი...

- ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ინტერვიუსთვის დიდი მადლობა!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)