მიშკა ცინცაძე - "ქალის გამო მიჩხუბია"

მიშკა ცინცაძე - "ქალის გამო მიჩხუბია"

"იმ წიგნების წაკითხვა მიყვარს, რომლის მიხედვითაც ფილმებია გადაღებული. უმეტეს შემთხვევაში, წიგნიდან მეტი ემოცია მოდის, ვიდრე - ფილმიდან", - ამბობს "კომედი ჯგუფის" მსახიობი, მიშკა ცინცაძე. შვებულების პერიოდში წასაკითხი წიგნი უკვე შეიძინა. ამბობს, რომ კითხვაში ხელს კომპიუტერი უშლის. რომ არა - ინტერნეტი, გაცილებით კარგი მკითხველი იქნებოდა.

პრეამბულის მაგიერ

- მიშკა, ამ რუბრიკაში სტუმრობას ჩემი რესპონდენტები ხშირად გამოცდაზე გასვლას ადარებენ. შეგიძლია, გამოცდებთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი გაიხსენო?

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ჯგუფში 50 სტუდენტი ვიყავით და აქედან 48 გოგო იყო. გამოცდაზე გასვლისას ძალიან ვნერვიულობდით. ბიჭებმა სითამამისთვის ცოტა ალკოჰოლი მივიღეთ, მერე ვიფიქრეთ, ცოტა კიდევ მივამატოთო და გამოცდაზე კარგად შემთვრალები გავედით. გაგვიმართლა, იმ დღეს "ოთხიანები" მივიღეთ.

- როგორი მკითხველი ხარ?

- ვერ ვიტყვი, რომ ბევრს ვკითხულობ. წიგნების მტერი - ინტერნეტი დიდ დროს მართმევს. შვებულებაში რომ გავალ, ერთ წიგნს მაინც აუცილებლად წავიკითხავ.

- უკვე შერჩეული გაქვს?

- შერჩეულიც და შეძენილიც. ეს არის ინგლისელი მწერლის, კენ კიზის რომანი - "გუგულის ბუდეზე სხვამ გადაიფრინა", რომლის მიხედვითაც მილოშ ფორმანმა ფილმი - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" გადაიღო. საერთოდ, იმ წიგნების წაკითხვა მიყვარს, რომლის მიხედვითაც ფილმებია გადაღებული.

- რომელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს?

- ხშირ შემთხვევაში წიგნიდან მეტი ემოცია მოდის.

- რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

- ტომ სოიერთან.

- რთული და დამღლელი არ იქნებოდა?

- თავგადასავლები მიყვარს. ვფიქრობ, მასთან და ჰეკლბერი ფინთან მეგობრობა საინტერესო იქნებოდა.

- მსოფლიოში ცნობილი თეატრის - "გლობუსის" თავზე ფრიალებდა დროშა. რა ეწერა მასზე?

- არ მახსოვს.

- "მთელი მსოფლიო სცენაა". რომელი ფერი ითვლება ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- სამგლოვიარო ფერი ინდოეთსა და ჩინეთშიც მგონი, თეთრია, ხომ?

- ნამდვილად ასეა. ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები, მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლეზე.

- დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ დამერწმუნებინა ჩემი ცოლი, ჩემზე..."

- ვერ დავასრულებ.

- "...ჩემზე დაქორწინებულიყო". შენ ჯერ ვერავინ დაარწმუნე თუ მცდელობაც არ გქონია?

- მცდელობა არ მქონია. ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. არის პატარ-პატარა მოწონებები. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- "ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში, ამიტომ სჭირდება ქალი - ყველაზე სახიფათო სათამაშო". ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- ნიცშე. ეთანხმები?

- რა თქმა უნდა, ქალი სახიფათო სათამაშოა.

- ქალის გამო ხიფათს გადაჰყრიხარ?

- კი და მიჩხუბია კიდეც.

- რამდენი თანავარსკვლავედია გალაქტიკაში?

- არ ვიცი.

- 88. რომელი ქვეყანა შედგება 3900 კუნძულისგან?

- იაპონია.

- ერთ-ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით, ეს არის ადგილი, სადაც გაყრა წინ უსწრებს ქორწინებას. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- ლექსიკონი. რომელი ნივთიერება სწევს თოვლის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- აზრზე არ ვარ.

- მე მგონია, რომ იცი.

- მართლა?

- მოყინული გზების დასადნობად რას აკეთებენ?

- მარილს ყრიან. დავიბენი, სწორი პასუხია მარილი.

- რისი შიშია ჩეროფობია?

- არ ვიცი.

- გართობის.

- ასეთი ფობიაც არსებობს?

- უამრავი უცნაური ფობია არსებობს. თავად რისი შიში გაქვს?

- კარგად ვცურავ, მაგრამ ზღვაში ღრმად ვერ შევდივარ, ფეხქვეშ მიწას აუცილებლად უნდა ვგრძნობდე.

- როგორ სჯიდნენ XVII საუკუნეში ინგლისში სინოპტიკოსებს, რომელთა პროგნოზიც არ მართლდებოდა?

- არ ვიცი, მკაცრი კანონი ჰქონდათ?

- მათ სიკვდილით სჯიდნენ.

- რა სასტიკები ყოფილან.

- აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: "არავითარი ტალანტი არ გამაჩნია. მე მაქვს მხოლოდ ის, რაც ყველა ბავშვს ახასიათებს". რა თვისებას გულისხმობდა მეცნიერი?

- ცნობისმოყვარეობას.

- ამის გამო გი დე მოპასანი საყვარელი ქალაქის დატოვებას აპირებდა. სწორედ იმ პერიოდში, საფრანგეთის მთავრობამ მიიღო წერილი, რომელსაც ხელს ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი აწერდა. ისინი წინააღმდეგი იყვნენ პროექტისა, რომელიც შემდეგ მაინც განხორციელდა. რის შესახებაა ლაპარაკი?

- ეიფელის კოშკზე, არა? ეს კოშკი ბევრ ფრანგს არ მოსწონდა.

- "ფესვები", "ლონდრე", "დათა თუთაშხია", "სიყვარული ყველას უნდა" - ამ ფილმებიდან რომელში არ მონაწილეობს გივი ბერიკაშვილი?

- "ფესვებში".

- ის ცხელ გარემოში ბინადრობს, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგაც. მეცნიერებმა მის ორგანიზმში ყველაზე საშიში ბაქტერია და ვირუსი შეიყვანეს, მაგრამ მასზე არ იმოქმედა... ის ცოცხალი რჩება და მოძრაობს რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130-ჯერ აღემატება ადამიანის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ხიფათის დროს ის თავს თავისივე შხამით იკლავს. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- მორიელზე. რა რეაქცია ჰქონდა ხრუშჩოვს, როდესაც 1960 წელს ფილიპინელმა ლორენცო სუმულონგმა საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაცია შესთავაზა?

- არ მახსოვს.

- ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე აბრახუნა. რომელი შტატი იყიდა ამერიკამ რუსეთისგან?

- ალასკა.

- რა საკითხს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ 1871 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი "გამოცანები"?

- მამათა და შვილთა ბრძოლას.

- მისი მშენებლობა იმპერატორმა ცინში ჰუანდიმ ჰუნებისგან (ცენტრალური აზიის ცხენოსანი მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე ტომების გაერთიანება) თავის დასაცავად დაიწყო. რის მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს)

- ეს მსოფლიოში ცნობილი ნაგებობაა, მინიშნებაც კი არ არის საჭირო.

- ჩინეთის დიდი კედელი.

- გამოიცანი. ეს ქალბატონი ისტორიაში თავისი სხეულის ნაწილის გამოსახულების გამო შევიდა. სურათზე ხელის მტევნის ძვლები და თითზე საქორწინო ბეჭედი იყო გამოსახული. დაასახელე მისი მეუღლის გვარი, რომლის პრაქტიკაში ეს პირველი სურათი იყო.

- ვერ გიპასუხებ.

- რენტგენი. "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს, მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია". რომელი ქართველი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ოტია იოსელიანი.

- აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია "ბათუ"?

- "გამზრდელის".

- რომელი ზღვის სანაპიროზეა ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?

- ხმელთაშუა ზღვის.

- რომელი სახელმწიფოს დედაქალაქია ბეირუთი?

- არ ვიცი.

- ლიბანის. ბრაზილიის დედაქალაქი რომელია?

- ბრაზილია.

- ამ სახელმწიფოს მთელი კონტინენტი უკავია. მისი ტერიტორიის თითქმის ნახევარი ზღვის დონიდან 300 მეტრზე დაბლაა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, მაინც ყველაზე მშრალ კონტინენტად ითვლება.

- ავსტრალია.

- რას ნიშნავს არაბული სიტყვა "აშუღი"?

- მიჯნურს, შეყვარებულს.

- "მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,/ ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც/ და ამოვწურო ეს სიმარტოვე,/ ეს ფორიაქი ამოუხსნელი./ გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,/ რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი./ მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს/ - კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით!" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ოთარ ჭილაძე.

- დაბოლოს, დაასრულე ბუასტის ცნობილი გამონათქვამი: "ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს..."

- ვერ დავასრულებ.

- "...უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები