ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი

ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი

ქართველი პოეტი ქალის, ანა კალანდაძის ორტომეულით სრულდება თქვენი და ჩვენი რჩეული ქართველი მწერლების ტომეულების გამოცემა - სერია "ჩემი რჩეული". სიმბოლურიცაა, რომ სწორედ თანამედროვე მწერალი და თანაც პროექტის ერთადერთი ქალბატონი დაასრულებს სერიას, რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ოჯახების თანამგზავრი გახდა, უამრავ ახალდაოჯახებულ წყვილს ბიბლიოთეკა შესძინა, ბევრს კი - ახალი სამყარო. ერთსაც გეტყვით: ვწუხვართ, რომ რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი მწერალი ვერ მოვახვედრეთ თქვენს წიგნის თაროზე, მაგრამ რამდენჯერმე განგიმარტეთ კიდეც, რომ ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა.

გამომცემლობა "პალიტრა L" კი, კვლავ ჟურნალ "გზასთან" ერთად, 1-ლი აგვისტოდან ახალ პროექტს იწყებს - წიგნების სერიას "ჩემი რჩეული მსოფლიო", რომელშიც უცხოელი კლასიკოსების უკვდავ შემოქმედებას მოუყრის თავს. დაიბეჭდება ის ნაწარმოებებიც, დღემდე რომ არ უთარგმნიათ ქართულად და პირველად სწორედ ამ სერიით მიიღებთ. "ჩემი რჩეული მსოფლიო" თითოეულს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და ღირებულებების შემეცნების გზაზე გიწინამძღვრებთ. ეს "ხვალიდან" გელოდებათ, ხოლო დღეს კვლავ "ჩემი რჩეულის" რიგია - "გზასთან" ერთად, ანა კალანდაძის ორტომეულის მეორე ტომს წარმოგიდგენთ, "გზაში" კი პოეზიის დედოფალზე გიამბობთ - მერწმუნეთ, ანა კალანდაძის ძმის მეუღლე, ქალბატონი თინა ყანდარელი ბევრისთვის "უცნობ" ანა კალანდაძეს შეგვახვედრებს.

თინა ყანდარელი:

- 24 წლის ვიყავი, ამ ოჯახში რომ შემოვედი. ანა ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. პირველად რომ ვუნახავვარ, შინ დაბრუნებულს დედისთვის უთქვამს: თინა ფრესკას მოგაგონებსო. ისე კი, მოფერება-მოსიყვარულება არ იცოდა. ერთად ვცხოვრობდით: დედამთილი, ანა, ჩემი მეუღლე და მე. თავდაპირველად ძალიან მორიდებულად ვიყავი და ანასთანაც, როგორც დედამთილთან, უფროსთან, ასე ვურთიერთობდი. ძალიან თავისებური და უცნაური ადამიანი იყო. მოგვიანებით, როცა ძალიან დავახლოვდით, დავმეგობრდით, მივხვდი, რომ ქალი, რომელიც ყვავილის ფერს, ღრუბლის ფორმას, ნიავისა თუ ქარის ქროლას არამიწიერად ხედავს, განიცდის, შეუძლებელია ჩემნაირი ყოფილიყო.

- უცებ გამახსენდა: "ყვავილს შევჩივლებ/ ცისფერთვალებიანს, -/ მე ვდარდობ ნამეტურ,/ მე ვტირი, რამეთუ.../ ძალუმ მყვარებია!"... ქალბატონო თინა, რით გამოიხატებოდა ანა კალანდაძის უცნაურობა, არამიწიერობა? - თითქოს შინ, თუნდაც სამზარეულოში მოფუსფუსე "პოეზია" ვერც წარმომიდგენია.

- არა, არა, სამზარეულოში ნამდვილად არ ფუსფუსებდა (იღიმის). უბრალოდ, დედამისის სიცოცხლეში ოჯახში განსხვავებული გარემო გვქონდა - ჩემი დედამთილი ძალიან მკაცრი ქალი იყო, განსაკუთრებით - ანასადმი. დედამთილი სამზარეულოში რომ იყო და ვთქვათ, ანას მოსწყურდებოდა, ხშირად მე მთხოვდა, - მიდი, რა, წყალი გამოიტანეო, - თვითონ არც კი შევიდოდა. დედამთილის გარდაცვალების შემდეგ, უკვე 11 თვის ქეთევანიც რომ მყავდა, აბსოლუტური გარდატეხა მოხდა ოჯახში. ყველა საოჯახო საქმე ამ პატარა გოგონამ ვიტვირთე და არც კი ვიცი, როგორ გამომივიდა, მაგრამ თითქოს ყველას დედა მე გავხდი (იცინის). ანაც ძალიან გარდაიქმნა: უჩემოდ ლამის ფეხს აღარსად ადგამდა. ჩემი მეორე შვილის - გიორგის დაბადებამაც განსაკუთრებულად დაათბო. ყოველ 3 თებერვალს, წმინდა ანას დღეს, ანაობის აღნიშვნაც კი დავიწყეთ ოჯახში... ერთხანს სხვადასხვა ბინაშიც ვცხოვრობდით, მაგრამ მალევე კომუნისტებმა ეს ბინა მოგვცეს - ჩვენ სამოთახიანი, ანას კი, გვერდით - ოროთახიანი. მას შემდეგ საბოლოოდ გადავეჯაჭვეთ ერთმანეთს.

- მაინც როგორი იყო ქალბატონი ანა?

- ძალიან გულდახურული. შეეძლო, წლობით შეენახა საკუთარი ამბავი და დიდი ხნის შემდეგ ეთქვა. ზედმეტი შეკითხვა-გამოკითხვა არ სიამოვნებდა, არ უყვარდა, როცა რაღაც გინდოდა გეთქმევინებინა, მოძალადეობას ვერ იტანდა და მეც ყოველთვის ვცდილობდი, ზედმეტად არ შემეწუხებინა. მაგრამ მალევე მოვიდა პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად შემომივლიდა, გამიხმობდა ჩვენს ე.წ. ბუდუარში - სამზარეულოში და საათობით ვსაუბრობდით. ყოველთვის ასე იწყებდა: რაღაც უნდა გითხრაო... მერე დააყოლებდა: არა, არ გეტყვიო. - მაშინ რატომ იწყებდი? თუმცა სულაც არც მაინტერესებს-მეთქი, - ვითომ უკმეხად რომ ვუპასუხებდი, გაიღიმებდა და სამზარეულოში გამიყვანდა. ხანდახან ბრაზობდა: ამხელა ქალი შემოვდივარ, ჩემს ამდენ ამბავს გიყვები, შენ კი საკუთარს არაფერს მეუბნებიო. - აბა, არაფერი მაქვს მოსაყოლი-მეთქი, - ვამშვიდებდი. ხანდახან, მოყოლის წინ იტყოდა, - რაღაცას გეტყვი და არსად წამოგცდესო, - არადა, კარგად იცოდა, სიტყვაც არსად დამცდებოდა... ახლაც - ღმერთო, მაპატიე - ამდენს რომ ვლაპარაკობ... ასე მგონია, მისმენს და "იქიდან" მიქნევს თითს (იცინის). საჯაროდ ლაპარაკი უფრო უჭირდა; ერჩივნა, ყველაფერი დაეწერა. ხშირად უთქვამს, - ამქვეყნად არავისი არაფერი შემშურებია, მაგრამ მარიკა ლორთქიფანიძის კი მართლა მშურს: შუაღამეს რომ გააღვიძო და სცენაზე გაიყვანო, ნებისმიერ თემაზე ისე გამოვა სიტყვით, ერთს არ წაიბორძიკებსო. თვითონ კი სახალხოდ ნათქვამი თითოეული ფრაზა, სიტყვა ანერვიულებდა; ღამეებს ათენებდა, სულ ეჭვობდა, რომ რაღაც "ისე" არ გამოუვიდა. ეგ კი არა, რომელიმე ღონისძიებაზე რომ მივიდოდით, იქ მყოფი განა რაიმეს ისმენდა, მხოლოდ ერთს ნერვიულობდა, - სიტყვით გამოსვლა რომ მთხოვონ, რა უნდა ვთქვაო?.. ჟურნალისტებს წინასწარ კითხვარს სთხოვდა, მერე ათასჯერ ჩაასწორებდა პასუხებს, გაატანდა, კვლავ ურეკავდა და გადაასწორებინებდა... საშინელი თვითცენზურა ჰქონდა, თვითგვემაში გადადიოდა. 2007 წლის 14 დეკემბერს ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გრანდიოზული შეხვედრა მოუწყვეს. უკვე შეუძლოდ იყო და გაყოლა მთხოვა. სხვათა შორის, ეს დიდ აუდიტორიასთან მისი ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა... მოკლედ, ულამაზესი საღამო გამოვიდა და ძალიან ბედნიერი იყო ანა, სცენაზე რომ არ დასვეს და დარბაზიდან უწევდა ლაპარაკი. სახალხოდ ასეთი მოლაპარაკე ანა არც არასდროს მინახავს... საერთოდ, თავის საღამოებზე ოჯახის წევრების დასწრება არ უყვარდა, არადა, ძალიან მინდოდა, ჩემს შვილებს, რომელთაც განსაკუთრებულად უყვარდათ მამიდა, ისიც დაენახათ და შეეგრძნოთ, ხალხი როგორ ეტრფოდა ამ ადამიანსა და მის შემოქმედებას. სხვათა შორის, ერთხელ ვუთხარი კიდეც ანას, - შენ ვალდებული ხარ, რომ ეს ბავშვები ყველაფერს დაასწრო-მეთქი. მაინც არ შვრებოდა. ხანდახან ისე წავიდოდა ღონისძიებაზე, არაფერს გვეტყოდა. მე კი ვიცოდი ხოლმე, მაგრამ რადგან თვითონ მალავდა, აღარაფერს ვეუბნებოდი. ალბათ, ესეც რაღაც კომპლექსი იყო...

- როგორ წერდა, ქმნიდა თავის ულამაზეს, უთბილეს ლექსებს ან ახალდაწერილს თუ გაკითხებდათ? რა ჩვევები ახასიათებდა ქალბატონ ანას?

- როდის რას წერდა, არავინ იცოდა. არც ლექსი წაუკითხავს ოდესმე ჩემთვის. 44 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ ერთად და სულ ვეხვეწებოდი, შენი პირველი ლექსი წაგვაკითხე-მეთქი: 11 წლისამ მთვარეზე დაწერა პირველად. გვპირდებოდა, წაგაკითხებთო, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არ გვაჩვენა, ასე რომ, დღემდე არ ვიცით ის ლექსი, რადგან ანას არქივი სრულად არ გაგვიხსნია. საერთოდ, მის ბინაში დაუკითხავად არასდროს შევდიოდით: არც მე, არც ბავშვები, მით უფრო - ძმები. ჩემი მეუღლე კი ვერაფერს ეტყოდა ანას, მე მათხოვნინებდა ხოლმე. ყველას შუამავალი ვიყავი. ქეთი უკვე მეორე კლასში სწავლობდა, როდესაც მის სკოლაში შეიტყვეს, რომ ანას ძმისშვილი იყო, რადგან ამას ხმამაღლა ვერსად ვამბობდით. მისი სახელითა და ავტორიტეტით ვერც ვისარგებლებდით და თითქოს, ვერც ვიამაყებდით, რადგან ანას არ სიამოვნებდა. ჩვენც არასდროს ვაკეთებდით იმას, რაც ანას არ ესიამოვნებოდა.

- ანა კალანდაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები სავსეა სიყვარულით, საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. მაგრამ შეუძლებელია, არავინ ჰყვარებოდა და ვფიქრობ, ვინ უყვარდა, თქვენ გეცოდინებათ.

- ეგეც ანას უცნაურობა იყო: მამაკაცი მას მუზად უნდოდა და არა - ქმრად. თავის სიყვარულს ყველასგან საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ საოცრად ლამაზად აბნევდა ლექსებში. არ გაუმჟღავნებია, ვინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ამოვიცანი ლექსებიდან და რომ ვუთხარი, თითი დამიქნია, თითქოს გამიჯავრდა, თუმცა მივხვდი - არ სწყენია. მერე კი ხშირად მელაპარაკებოდა სიყვარულზე.

- მისი "სიყვარულიც" პოეტი იყო?

- არა (იცინის). ისეთი აბსტრაქტული იყო ეს სიყვარული, ანა მისი ცოლი არასდროს გახდებოდა. საკმაოდ ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ვერაფრით იეჭვებდა, ანას თუ უყვარდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამდენი ლამაზი ლექსი მისთვის იწერებოდა. და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, არაფერი გაუგია... გატაცებები ალბათ მანამდეც ჰქონდა და - მას მერეც. ავიღოთ თუნდაც ლექსები მთის ციკლიდან... ანა ვაჟკაცობას ეტრფოდა და სწორედ მთაში გაიცნო ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი; მთის ლექსებიც მას ეკუთვნოდა.

- ლურჯთვალა, ხომ?

- კი (იცინის)... ჩანს, გახსოვთ: "თეთრი თოვლის ქვეშ ლამაზ ენძელას/

სძინავს უთვალავს.../ როცა ისინი მოიშორებენ/ თოვლის სუდარას,/ მეც მაშინ მოვალ შენთან, მთებში,/ ჩემო ლურჯთვალავ..." ეს იყო ანას სიყვარული, ასეთი ძვირფასი ლექსები რომ დააწერინა... ერთხელ ვუთხარი, შენზე და იმ მამაკაცზე ამბობენ, ერთმანეთი უყვარდათო. - არა, მე არაო... - თან დააყოლა: ისე, კარგი ვინმე კი იყო, თინაო, - უცებ მომიგო.

"ვაჟაო, დილის მზის სხივო./ ხან მთებზე ნისლთა დინებავ,/ შუაფხოდან რომ მიდიხარ,/ გული რად გაგეტირება?/ შენ თუ არ იცი მიზეზი,/ აბა, ვის ეცოდინება?/ გადმოდი, გადმოაშუქე/ ლურჯ თხილიანას კალთები./ რა დაშავდება? არც რაი:/ გნახავ და... გამეხარდები!"

- სახელს ვერ გამიმხელთ?

- არა, არა... ანასი მეშინია კიდევ (იცინის)... დღეს არც ის ადამიანია ცოცხალი. ალბათ ის მომენტიც დადგება, ყველაფერს რომ გამოვაქვეყნებთ და დავწერთ, მაგრამ... ჯერ არა. ანას არქივში წერილს წავაწყდი, იმ კაცის მოწერილს. თურმე მთაში ქეიფობდა და ანას სადღეგრძელოს რომ სვამდა, პეპელა დაფრენილა მის ჭიქაზე... კარგა ხანი იყო გასული, ანას ლექსებს უკვე მერამდენედ ვკითხულობდი და ორ ულამაზეს ლექსს წავაწყდი ამ პეპელაზე: "...ხელს ვინ გახლებს, უკადრისავ?/ თვალნი აგიტირდებიან.../ ეს პეპლები, ეს ფუტკრები/ რაღას გადაგკიდებიან?"...

- დიდხანს იავადმყოფა ქალბატონმა ანამ?

- 2008 წელს ტრადიციულად, ერთად შევხვდით, ჩვენთან. იმ ახალ წელს რატომღაც, ყველამ განსაკუთრებული საჩუქარი გავუმზადეთ. პატარა ბავშვივით გაიხარა. 2 იანვარს, დილით დამირეკა და, - მგონი, გავცივდი და დღეს ლოგინში ვიწვებიო. არ მესიამოვნა, ლოგინი რატომ უნდა დაებედოს-მეთქი?!. მივაკითხე და გამოვიყვანე. დიდხანს ვერ გაჩერდა. მერე ქეთიმ მიაკითხა. წამოსვლისას უთქვამს, - ანამა ("მამიდის" დაძახება არ უყვარდა, ამიტომ ქეთიმ და გიორგიმ მისივე ლექსში იპოვეს სახელი. ხომ გახსოვთ: "ყაყაჩოს "ღვინო სალხინო"/ როგორ არ შესვას ანამა?!"), ცოტა ხნით გავალ და დაძინებამდე ისევ გინახულებო. ნახევარ საათში თვითონ დაგვირეკა, რაღაც უცნაურად დაელაპარაკა ქეთის. ორივენი გავვარდით. ფეხზე იდგა და, - რა მომივიდაო, - კი თქვა რამდენჯერმე, მერე კი... ინსულტი დაემართა, მარჯვენა ხელ-ფეხი და მეტყველების უნარი წაერთვა. 68 დღეს იწვა საავადმყოფოში. ენით აუწერელი საშინელება გავიარეთ. ვერაფერს გვაგებინებდა, მარჯვენა ხელსაც ვერ იყენებდა, რაიმე რომ დაეწერა, მაგრამ რამდენჯერმე გასაოცარი რამ მოხდა: მისი იქ ყოფნის პერიოდში სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა. იმ დღეს რომ მივაკითხე, ამ უმეტყველო ქალმა უეცრად გარკვევით მკითხა: სოფიკო ჭიაურელი როგორ არისო? მერეც, მახსოვს, მასთან ვიტირე. შეწუხება რომ შევატყვე, ვუთხარი: "ანა, ეს სიხარულის ცრემლებია"... - "როდი ვტირი!" - თვითონ დაასრულა... ბოლოს ძალიან დამძიმდა. სულ სასთუმალთან ვეჯექი. ერთხელაც წარმოთქვა: "რა მალე თენდება... რა მალე ღამდება..." ბოლო დღეს კი მითხრა: "თინა, არ მინდა სიკვდილი"... დავამშვიდე: ანა, არ მოგკლავთ, შენ უნდა გაცოცხლოთ. ახალი წამალი გამოსულა და გიორგი მის მოსატანადაა წასული-მეთქი... უეცრად ბორგვა დაიწყო და გიორგის დავურეკე, სასწრაფოდ მოდი-მეთქი. გიორგი ექიმია და განსაკუთრებულად ეიმედებოდა, ამიტომ პალატაში შემოვიდა თუ არა, - იშოვეო? - ჰკითხა. გიშოვეო, - და რაღაც წამალი დაალევინა... ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო. ანა 2008 წლის 11 მარტს გარდაიცვალა.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს