საინტერესო ფაქტები წიგნებზე

საინტერესო ფაქტები წიგნებზე

ჯეფრი ჩოსერის "კენტერბერული მოთხრობების" ორიგინალი სარეკორდო თანხად - 4.621.500 ფუნტად გაიყიდა ლონდონში, კრისტის აუქციონზე. წიგნი 1998 წლის 8 ივლისს ასე ძვირად კერძო კოლექციონერმა შეიძინა. ცნობისთვის: ეს გახლდათ პირველი საავტორო ნამუშევარი, რომელიც უილიამ ქაქსტონმა 1477 წელს გამოსცა ინგლისში.

ლუის კეროლის პოპულარული ნაწარმოების - "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" იშვიათი გამოცემები ნიუ-იორკის აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ ფაქტით წიგნი სხვადასხვა პერიოდში გაყიდულ საბავშვო გამოცემებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად იქცა. წიგნი წარმოადგენს თვით კეროლის სამუშაო ასლს, რასაც საგანგებოდ პატარა მკითხველისთვის გამარტივებული ტექსტის მოსამზადებლად ამუშავებდა. 1865 წლიდან დღემდე ნაწარმოების პირველი გამოცემის მხოლოდ 22 ასლია შემორჩენილი. მათგან 17 ინახება ბიბლიოთეკებში და ხუთი კი, იმ ასლის ჩათვლით, ახლახან რომ გაიყიდა, უკვე კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. სხვათა შორის, ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში დაიწყო ლუის კეროლის გასეირნებით ოქსფორდის უნივერსიტეტის რექტორის ქალიშვილებთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლდათ ალისა ლიდელი. ბავშვების თხოვნით კეროლი გზადაგზა თხზავდა ამბებს, რომელსაც მომდევნო დღეებში განაგრძობდა. 2 წლის შემდეგ მწერალმა პატარა ალისას აჩუქა ხელნაწერი, რომელიც 4 თავისგან შედგებოდა და ზედ 7 წლის ალისას ფოტო იყო მიკრული. ხელნაწერს ეწერა: "საშობაო საჩუქარი ძვირფას გოგონას - ზაფხულის დღის მოსაგონრად!"

ალექსანდრე დიუმამ "სამი მუშკეტერის" წერა ერთ-ერთი გაზეთისთვის თავდაპირველად სერიალის ფორმატში დაიწყო და გამომცემელს სტრიქონების რაოდენობით ანაზღაურებას დაჰყაბულდა. ჰონორარის გასაზრდელად დიუმამ ნაწარმოებში "შემოიყვანა" სიტყვაძუნწი პერსონაჟი - ათოსის მსახური გრიმო, რომელიც უმეტესწილად ყველას მოკლედ, - "ჰო" და "არას" პასუხობდა. წიგნის გაგრძელებას - "ოცი წლის შემდეგ" უკვე სიტყვების რაოდენობით მიხედვით უნაზღაურებდნენ, ამიტომ გრიმოც უფრო "მჭევრმეტყველი" გახდა. სხვათა შორის, პირველ ხელნაწერში დ,არტანიანს მწერალმა "ნათანიელი" უწოდა, მაგრამ გამომცემლებმა დაუწუნეს და სახელიც ამოიშალა.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს