წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლომპიელმა გოგონამ ბიოლოგიურ დედას საქართველოში ჩამოაკითხა

 წარმოშობით ქართველმა ამერიკელმა პარაოლომპიელმა გოგონამ ბიოლოგიურ დედას საქართველოში ჩამოაკითხა

ცნობილი ამერიკელი მოცურავის, ოლიმპიური ჩემპიონის, ელიზაბეტ სტოუნის ქართული წარმომავლობა პრესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. აშშ-ში გაშვილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველი გოგონა, რომელმაც პარაოლიმპიურ თამაშებზე არაერთი მედალი მოიპოვა, 23 წლის ასაკში საქართველოში ჩამოვიდა და ბიოლოგიურ დედას შეხვდა.

შეხვედრა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტების დახმარებით შედგა, რომლებიც საქართველოდან გაშვილებული ჩემპიონის ბედით ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდნენ.

ელიზაბეტ სტოუნი, იგივე ქეთევან ხურციძე, მშობლიურ სოფელ დიხაშხოს თავად ესტუმრა ბიოლოგიური ოჯახის გასაცნობად.

"ჩემს ძმასა და დას, ლაშასა და თეონას შევხვდი. სოფლამდე მათი მანქანით ვიმგზავრეთ. ერთ ენაზე ვერ ვსაუბრობთ, თუმცა თეონას (ელიზაბეტის ბიოლოგიური და) მთელი გზა ჩემი ხელი ეკავა. სახლამდე რომ მივედით, თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობა იქ დამხვდა. ეზოში ბიოლოგიური დედა, ლიანა დავინახე. თვალი მომკრა თუ არა, მაშინვე ტირილი დაიწყო", - ასე იხსენებს ოჯახთან შეხვედრას ცნობილი მოცურავე.

ლიანა ხურციძემ საკუთარი ქალიშვილის დედობილის მიმართ მადლიერება გამოთქვა.

"როგორც იქნა, ვეღირსე მის ნახვას. დიდი მადლობა მის მშივილებელს, რომელემაც შვილთან შეხვედრის საშუალება მომცა" , - აცხადებს ლიანა ხურციძე, რომელსაც ელიზაბეტის დედობილმა შვილის ფოტოალბომი აჩუქა. მასში ქეთინოს ბავშვობის სხვადასხვა პერიოდში გადაღებული სურათებია თავმოყრილი.

"ელიზაბეტს ბავშვობიდანვე შთავაგონე, რომ წარმოშობით საქართველოდან იყო და ჩემს ამოცანად დავისახე, რომ თავისი წარმომავლობით ეამაყა. ამისათვის ყველაფერს ვაკეთებდი. საერთაშორისო შეჯიბრებებზე რომ გამოდიოდა, ხელში ორი დროშა მეკავა, ამერიკული და ქართული", - ამბობს ელიზაბეტის დედობილი, ლინდა სტოუნი.

ელიზაბეტის თქმით, ის გულის სიღრმემდე შეძრა ნათესავებთან შეხვედრამ, რაზეც თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა.

"სინამდვილეში ერთი მიზეზით ვარ აქ, - მინდა ყველას გავაგებინო, რომ ჩემს ოჯახზე გაბრაზებული არ ვარ, მინდა ისინიც დამშვიდნენ, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს და იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა", - აცხადებს ელიზაბეტ სტოუნი.

ხურციძეები და სტოუნები თარჯიმანის მეშვეობით ურთიერთობდნენ. სამომავლოდ კი ენების შესწავლას გეგმავენ, რომ უშუალო ურთიერთობა შეძლონ.

დედა-შვილი სტოუნები კი უკვე შეუდგნენ თანხის შეგროვებას, რომ 2 წლის შემდეგ ისევ ესტუმრონ საქართველოს.

ელიზაბეთი 1990 წელს დაიბადა დაავადებით, რომელიც მედიცინაში თეძოს ძვლის პროქსიმალური კერის დეფიციტის სახელითაა ცნობილი. როგორც ქალბატონი ლიანა აცხადებს, ექიმებმა და ოჯახის მეგობრებმა მისი მეუღლე დაარწმუნეს, რომ ქეთევანის გადასარჩენად უკეთესი იქნებოდა, ბავშვთა სახლში ჩაებარებინათ.

ქეთევან ხურციძე ბავშვთა თავშესაფრიდან მიჩიგანელმა ფსიქოთერაპევტმა ლინდა სტოუნმა იშვილა და აშშ-ში ჩაიყვანა. რამდენიმე თვეში ოთხი წლის გოგონას კიდურის პირველი პროთეზი გაუკეთეს.

მომზადებულია svoboda.org-ის მიხედვით.