ზალიკო ბერგერი: "ჩოხოსნებათან ქეიფს რა სჯობია? მათ სუფრაზე თამადაც კი ვყოფილვარ"

ზალიკო ბერგერი: "ჩოხოსნებათან ქეიფს რა სჯობია? მათ სუფრაზე თამადაც კი ვყოფილვარ"

"ცოტა ხნის წინ იტალიაში გახლდით, კარგად დავისვენე. თან ჩემი აქსესუარების დასამზადებლად საუკეთესო მასალები შევიძინე. ამასთან, იქ მეგობრებიც მოვინახულე", - ამბობს დიზაინერი ზალიკო ბეგერი. კმაყოფილია იმით, რომ მეგობარ დიზაინერებთან ერთად რომი, ფლორენცია და იტალიის სამხრეთი მოინახულა, ამინდებიც კარგი იყო, თან, მაღაზიებში "სეილებიც" დაემთხვა და თბილისში დამძიმებული ბარგით დავბრუნდი, - აღნიშნავს ბერგერი. ასეთ დასვენებულსა და კმაყოფილ ზალიკოს სასაუბრო თემად განსხვავებული სასმისივით ქართული სუფრისა და მის ტრადიციებზე საუბარი შევთავაზეთ.  

- ცნობილია, რომ ქართული ტრადიციული სუფრის ხშირი სტუმარი ხარ. ქართულ სუფრასთან თამადაც კი ყოფილხარ. რას გვეტყვი ზოგადად ქართული სუფრის ტრადიციების შესახებ?

- ქართული სუფრა ნამდვილად მიყვარს, ეს ოჯახიდან მომდევს. ჩემებს სუფრასთან მოლხენა უყვართ, მაგრამ სასმელის უაზროდ დალევა - არა. რატომ უნდა დავლიო უაზროდ, როდესაც ქართველებმა შესანიშნავი ქეიფი და სადრეგრძელოები ვიცით. ისიც ყოფილა, რომ მითამადია კიდეც, მაგრამ ხშირი თამადა ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ქორწილში გამოძახებით არ მითამადია! ასეთებიც ხომ არიან?…თან, რომ ვყოფილიყავი, ძალიან ძვირი ვიქნებოდი, სამაგიეროდ, დასამახსოვრებელი ქორწილი კი იქნებოდა...

- ძვირს მოითხოვდი?

- თავისთავად. მათზე ნაკლები ვარ, ვინც სათამადოდ გამოძახებით დადის? მითხარით, ვისზე ნაკლები თამადა ვიქნებოდი?

- ისიც ცნობილია, რომ ჩოხოსნებთან მეგობრობ და მათ ტრადიციულ სუფრას ხშირად სტუმრობ. რითი დაიმსახურე ამ ადამიანების პატივისცემა?

- ჩოხოსნებთან ვმეგობრობ. ისინი ნამდვილი, ტრადიციული ქართველები არიან და ტრადიციულ სუფრაზე მათთან ერთად ყოფნას რა სჯობს? სადრეგრძელოსაც შესაბამისი ხმის ტემბრითა და ლექსით შეზავებულს რომ ამბობენ. აბა, ისე კი არ არის, გაწელილი სადღეგრძელოები რომ იციან ხოლმე და უაზრო ლექსებს რომ ამბობენ. მათთან ასეთ რამეს ვერ ნახავ. მოკლედ, მაგარია ჩოხოსნებთან ქეიფი.

- მათ სუფრასთან თამადაც ყოფილხარ?

- დიდ სუფრაზე არა, მაგრამ შინაურობაში კი ავურჩევივარ თამადად. სისულელეებს არ ვილაპარაკობ და სუფრას წესის მიხედვით, თანმიმდევრულად მივყვები. აუცილებელი სადრეგრძელო არავის უნდა მოაკლო და თუკი ვინმეს რაიმე გამორჩეულის თქმა უნდა, ამის საშუალებაც უნდა მისცე.

- როგორც თამადა, მკაცრი ხარ?

- როცა სადღეგრძელოს ამბობ და იმ დროს სუფრის წევრები ლაპარაკობენ, ყაყანებენ და არ გისმენენ, შეიძლება შემოვუძახო...

- ქართულ სუფრასთან ხანგრძლივი ქეიფი, ერთი შეხედვით, დიზაინერს არ უნდა გსიამოვნებდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. რით ხსნი ამას?

- ეს, ალბათ, როგორც გითხარი, ოჯახიდან მომყვება... ვისაც ქართული სუფრა, ქეიფი არ უყვარს, მიმაჩნია, რომ ცუდად გაიზარდა. ეტყობა, მის სიახლოვეს ქართული ქეიფი არ ყოფილა.

პირველი "ფეშენ ვიკი" რომ ჩატარდა, მეც ვმონაწილეობდი, მერე სუფრასთან აღმოვჩნდი. იმ "ავთერ-ფართს" მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ და იქ თამადობა მიკროფონით მომიხდა. ქართული "ფეშენის" თამადაო, - ჩემზე თქვეს.

- რამდენის დალევა შეგიძლია?

- ჩოხოსნებთან ახალი დამეგობრებული ვიყავი, რომ მათ სუფრასთან მოვხვდი. რამდენი სადრეგრძელოც დალიეს, მეც იმდენი შევსვი. ძალიან ბევრი დავლიეთ. მერე მათ მიეძინათ, მე ასე თუ ისე, ფხიზელი ვიყავი და ქეიფი სხვაგან გავაგრძელე... არა, ცოტას ნამდვილად არ ვსვამ. ღვინოს მხოლოდ ქართულ სუფრასთან გეახლებით, ისე კი უმეტესად ვისკის მივირთმევ.

- ქართულ სუფრაზე რა "ფეშენ" ელემნტი შეგაქვს?

- მე რომ ვარ ქართულ სუფრაზე, უკვე "ფეშენ" ელემენტი არ არის? მეტი რაღა გინდა?

- საყვარელი სადეგრძელო თუ გაქვს?

- ბევრია ასეთი, განსაკუთებით კი, ალბათ, სიკეთის სადღეგრძელოს ვსვამ. ისე, ყველა ტრადიციული სადღეგრძელო კარგია.

- სუფრასთან ლექსს თუ ამბობ ან თუ მღერი?

- არა, სიმღერის ნიჭი არ მაქვს და ამისკენ არც ვიქაჩები. არც ლექსები მაქვს სუფრისთვის გაზეპირებული. ქართული პოეზია კი ძალიან მიყვარს.

- სუფრიდან თუ გაპარულხარ სხვისი თამადობის პერიოდში?

- თუ სადღაც მეჩქარება და მელოდებიან, შეიძლება, გავიპარო. ქართული სუფრა თავისი შესაბამისი საჭმელით, სასმელითა და სათქმელით საოცარი რამ არის. ასე კლუბში ვერ იქეიფებ და არც უნდა იქეიფო...

- განსხვავებული სასმისების შესმა თუ გიყვარს?

- ერთ-ერთ გადაცემაში ჩემი ჩოხოსნებთან ქეიფი უნდა გადაეღოთ და რესტორანში შევიკრიბეთ. ღვინის ნაცვლად, მოდი, წყალი ჩავუსხათ, რომ არ დათვრესო, - თქვეს. რას ამბობთ, ღვინო ჩამისხით-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ ოპერატორმა რაღაც ვერ გადაიღო და კიდევ მომიწია მეორე ყანწის დალევა. მე მშვენივრად ვიყავი, მაგრამ კორესპონდენტი და ოპერატორი ისე დათვრნენ, რესტორნიდან ოთხით გავიდნენ...

- თუ გახსოვს ყველაზე უცნაური სასმისი, რითაც დაგილევია?

- უცნაური ბევრი მინახავს, მაგრამ ჩემთვის განსხვავებული დიდი ლუდის ბოთლი ყოფილა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის