გოგი ხოშტარია: "ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა მანანა იყო"

გოგი ხოშტარია: "ზვიად გამსახურდიას ყველაზე დიდი შეცდომა მანანა იყო"

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს გიორგი ხოშტარია საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. ერთი გუნდის წევრების გზა პრეზიდენტის ბუნკერში ჩასვლამდე რამდენიმე თვით ადრე გაიყარა. მერე ზვიადისტების მიტინგზე ხშირად დადიოდა. შეეცადა ყოფილი პრეზიდენტის დახმარებას, მაგრამ ვერ შეძლო. დღეს იმ წლებს კოშმარულად იხსენებს და ფიქრობს, რომ შეცდომა ყველამ დაუშვა, ვისაც რამე მოეთხოვებოდა.

როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილამდე საქართველოში ყველაზე დიდმა ფილანტროპმა ფული

- ფოტოზე ბაბუაჩემის ძმა აკაკი ხოშტარიაა. ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნება იყო საქართველოში. ბიძინა ივანიშვილამდე ყველაზე დიდი ფილანტროპი გახლდათ. ორმოცდაათი კაცი სწავლობდა მის ხარჯზე გერმანიაში. ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ საქართველოს მაინც ეხმარებოდა. შიმშილობა რომ იყო, პური შემოჰქონდა.

- როგორ იშოვა აკაკი ხოშტარიამ ამდენი ფული?

- მეგრელი აზნაურიშვილი იყო და ბაბუაჩემთან ერთად უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ერთი პერიოდი ოდესაში ბაღის დეკორატორად მუშაობდა. მერე კომერციას მიჰყო ხელი და პირველად მან ჩაიტანა ფოთიდან თურქეთში ნავთობი. რამდენიმე ბანკის მფლობელი გახლდათ, ირანში დიდი გავლენა ჰქონდა. სამამულო ომის დროს მახსოვს, ბაბუაჩემმა ხალიჩა გაყიდა და მხოლოდ ამის წყალობით შიმშილით არ მოვკვდით. ხალიჩა კი ირანის პრემიერ-მინისტრმა აჩუქა აკაკი ხოშტარიას. როდესაც 1914 წელს სარაჯიშვილი გარდაიცვალა, აკაკი ხოშტარია აზერბაიჯანში, ქალაქ ეზელში იყო. სარაჯიშვილის ცოლისძმამ, ფორაქიშვილმა, მისწერა წერილი. სოლოლაკში ყველაზე კარგი სახლია, არ გვინდა, სხვებს ჩაუვარდეთ ხელში და ხომ არ იყიდითო. აკაკი ხოშტარიამ აზერბაიჯანიდან მოსწერა, რაც უნდა ღირდეს, აუცილებლად ვიყიდიო. მოგვიანებით სტალინს უთხრა, მინდა, ჩემი სახელით ეს სახლი ქართველ ხელოვან ხალხს გადავცეო. თვითონ ამ სახლში რაღაც პერიოდი ცხოვრობდა. დიზაინერობის ნიჭი ჰქონდა და თავისი ხელით მოაწყო. შვილი, ისევე როგორც სარაჯიშვილს, არც მას ჰყავდა. შვილობილი აიყვანა, რომელიც პარიზში მიხეილ ბაგრატიონზე გათხოვდა. დედაჩემის ბაბუაც ძალიან ცნობილი პიროვნება იყო. ეფრემ მუსხელიშვილი გენერალი გახლდათ. ფოტო გენერლობამდე აქვს გადაღებული. თურქეთთან ომობდა რუსეთ-თურქეთის ომში. რუსულ წიგნებში ახსენებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პოლკის უფროსს.

- მომდევნო ფოტოზე, როგორც მითხარით, დედათქვენია. დედას რა პროფესია აქვს?

- გამოქვეყნებულია 50 ცნობილი ქართველი ქალის სია და ამ სიაში დედაჩემი, თინათინ ვირსალაძეცაა. დედას შუა საუკუნეების მხატვრებზე აქვს ნამუშევარი. განსაკუთრებით ბევრს ბიზანტიური კედლის მხატვრობაზე წერდა. დედაზე ამბობენ, დიდი მეცნიერი იყოო. მეცნიერებისა და მხატვრობისკენ თუ რამე მიდრეკილება მაქვს, მისგან და მისი ძმისგან, სოლიკო ვირსალაძისგან. ბიძაჩემი თეატრის მხატვარი იყო. "ოტელო" გააფორმა ჭაბუკიანთან ერთად.

- მამა რას საქმიანობდა?

- მამა, მეთოდე ხოშტარია, საგზაო ინჟინერი იყო. სამთავრობო გზები გაჰყავდა. გაგრასა და სოხუმში მუშაობდა ძირითადად. 1938 წლის 26 მაისს 27 წლის ასაკში დახვრიტეს. მისი ძალიან ძველი ფოტო მაქვს შემორჩენილი. დახვრეტის შესახებ ცნობა ახლახან მივიღე. მამა არ მინახავს. დედა ფეხმძიმედ იყო, რომ დაიჭირეს. დედა ასრულებდა ჩემთვის მამის ფუნქციასაც. ბავშვობიდან დავყავდი ისტორიული ძეგლების სანახავად.

მომდევნო ფოტო ერთ-ერთი ძეგლის ნახვისას გვაქვს გადაღებული. ჩემთვის ქართული ძეგლი დედის რძესავითაა. საქართველოში ყველა ხუროთმოძღვრების ძეგლი ბავშვობიდან მაქვს ნანახი. დედა ძალიან გამხდარი, მაგრამ ვაჟკაცი ქალი იყო. რომ გარდაიცვალა, სულ 38 კილოს იწონიდა. მტკიცე ხასიათი ჰქონდა, არასდროს გამტყდარა. არ შევიდა პარტიაში. ჩვენი ოჯახიდან პარტიაში არავინ არ შესულა. მე კომკავშირელიც არ ვყოფილვარ.

- რომელ სკოლაში სწავლობდით, რომ მოახერხეთ და კომკავშირში შესვლაზე უარი თქვით?

- 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. სტალინი უკვე მკვდარი იყო და კომკავშირში შესვლაზე ძალიან დიდი სიმკაცრე აღარ იყო. მოგვიანებით ისტორიის ფაკულტეტზე ერთადერთი სტუდენტი ვიყავი, რომელიც კომკავშირელი არ ვიყავი.

- როგორც ვიცი, კარგად სწავლობდით.

- კარგად სპეციალობებს ვსწავლობდი. პარტისტორიაში ოთხიანი მყავდა.

"მერაბის მოშორება საჭირო იყო, რომ ზვიადი მარტო დარჩენილიყო"

- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?

- ფოტოზე 17 წლ­ის ვარ. ინსტიტუტიდან ექსპედიცია იყო წასული დაღესტანში და დედამ მათ გამაყოლა. სვანეთი და დაღესტანი პირველად მდგომარეობაში მაქვს ნანახი. სვანეთში დედა დისერტაციაზე მუშაობდა. ის კოშმარი, რაც ახლა მესტიაში გააკეთეს, საშინლად არ მომწონს. პირველად რომ ვნახე, ერთი ახალი სახლიც კი არ იყო. ბოლო წლებში საქართველოში სიღნაღიზაცია დაიწყო და ყველაფერი დეკორაციას დაემსგავსა. მცხეთაში რაც ხდება, ის საერთოდ აბსურდია. ძალიან ლამაზი ქალაქი მოკლეს. განსაკუთრებულ კარგ ბიჭობაზე თავი არ დამიდია, მაგრამ სადაც ქვეყანას ვჭირდებოდი, იქ ვიდექი. 9 აპრილსაც თავისუფლების მოედანზე ვიდექი. მეტსაც გეტყვით, 9 მარტსაც კი ვმონაწილეობდი აქციებში, მაგრამ სტალინის თაყვანისმცემელი არ ვყოფილვარ. მინდოდა ქუჩაში გამოსვლა და გამოვედი. სულით ანტიკომუნისტი ვიყავი. მახსოვს, დეიდაჩემმა მკითხა კიდეც, შენ მაინც რამ წაგიყვანა სტალინის დასაცავადო. ჩემთვის მთავარი იყო ქუჩაში გასვლა. თავისუფლებას თრობა მოაქვს. ახლა არ ნიშნავს მიტინგი არაფერს, ლამის ყოველდღე რომ მიტინგებია. მაშინ კი ეს ბევრ რამეს ნიშნავდა.

- მომდევნო ფოტო სად გაქვთ გადაღებული?

- მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლზე ვარ. ზუსტად არც მახსოვს, რომელი ძეგლია. საქართველოში ძეგლი არ არსებობს, ნამყოფი არ ვიყო. აფხაზეთიდან დაწყებული, კახეთით დამთავრებული. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ჩავერთე. ბევრს უკითხავს ჩემთვის, ასეთ კარგ მეცნიერს რა გინდოდა პოლიტიკაშიო. ხე­ლოვნებათმცოდნეობის ფა­კულტეტი არ იყო და ისტო­რიული რომ დავამთავრე, დიპლომი ფიროსმანაშვილზე დავწერე. ხელოვნებათმცოდნე ვარ. ჰელსინკის კავშირის წევრი გავხდი. მისი დამაარსებელი ზვიად გამსახურდია იყო. სულ გამგეობის სამი წევრი ვიყავით. თეიმურაზ ქორიძე, ავთო რცხილაძე და მე. ეროვნულ მოძრაობაში კარიერისთვის არ მივსულვარ. მაშინ იქ მისვლა მთლად უსაფრთხო არ იყო. პარლამენტში რბილ სკამზე არ ჯდებოდი. ზვიადი, ჭანტურია, მერაბ კოსტავა და ვოვა ვეკუა მოკლეს. შმაგი სამნიაშვილი მოკლეს. ვოვა ვეკუა აფხაზეთის ლიდერი იყო. შმაგი - სამაჩაბლოსი. კიდევ ბევრი კარგი ბიჭი მოკლეს. სახლიდან რომ გავდიოდი, დავბრუნდებოდი თუ არა, არ ვიცოდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია