ეკა ამირეჯიბის დღემდე ცნობილი და უცნობი "პროფესიები"

ეკა ამირეჯიბის დღემდე ცნობილი და უცნობი "პროფესიები"

ეკა ამირეჯიბი ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ერთდროულად - ნიჭი, შრომისმოყვარეობა, მონდომება და ნებისყოფაა საჭირო. ამბობს, რომ წარმატებისთვის იოლად და უშრომელად არასოდეს მიუღწევია. მისი აზრით, რაც უფრო მეტად იხარჯები, მიღებული შედეგი უფრო მეტად სასიამოვნო და "აღქმადია...

- ძალიან მიჭირს წინასწარ იმის თქმა, 10 წლის შემდეგ სად ვიქნები და რას გავაკეთებ. ბევრი სფერო მაინტერესებს, ბევრი რამის სწავლა მინდა. შეიძლება, უცებ ფოტოგრაფიაზე გადავერთო ან საკუთარი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული სხვა საქმე ავირჩიო. ამჟამად, ჟურნალისტიკაც და მსახიობობაც ჩემი ნაწილია; სხვაგვარად ვერაფრით გავუძლებდი იმ დღის რეჟიმს, რომლითაც ბოლო რამდენიმე წელია, ვმუშაობ. სერიალსა და კინოში მონაწილეობამ ჩემს მრავალწლიან ოცნებას შეასხა ფრთა. ჟურნალისტიკასაც სულ სხვა ხიბლი აქვს. გარდა ტელევიზიისა, რადიო "ფორტუნაში" საავტორო გადაცემა - "ჰიტების გალერეა" მაქვს და მსმენელს ცნობილი სიმღერების ისტორიას ვაცნობ. ადრე, თითქმის ყოველდღე, სტუდიაში წამყვანად ვმუშაობდი, მოგვიანებით კი, როცა ბევრი სხვა საქმე დამემატა, ეს გადაცემა გავაკეთე. ახლა ყოველდღე მისვლა აღარ მიწევს - გადაცემა ჩანაწერის სახით, ყოველდღიურად გადის.

- ეთერში ყოფნისას, ალბათ მსახიობის გამოცდილებაც გეხმარებათ...

- გარკვეული დოზით, მსახიობობა ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს, თუნდაც იმიტომ, რომ საჭირო დროს გაიღიმოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა საერთოდ არ ეღიმება. ხშირად სულ სხვა რამეზე გეფიქრება, მაგრამ მე საკუთარი თავის დამორჩილებას მივეჩვიე.

- როგორც ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრეთ. პროფესიით არასოდეს გიმუშავიათ?

- პროფესიით არასოდეს მიმუშავია და ალბათ არც ვიმუშავებ, რადგან ეს სფერო "ჩემი" არ არის.

- და ეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გააცნობიერეთ?

- საქართველოში ძალიან ადრე გვიწევს იმის გააზრება, რეალურად რა გვინდა. ყოველთვის მინდოდა თეატრალურში ჩამებარებინა, მაგრამ მშობლების რჩევით და არა მხოლოდ ამის გამო, საერთაშორისო ურთიერთობებს მივანიჭე უპირატესობა. მოგვიანებით მივხვდი: რაც არ გაინტერესებს, იმას ძალით ვერასოდეს გააკეთებ...

- მუსიკალური განათლებაც გაქვს, 12 წელი უკრავდი ფორტეპიანოზე...

- საფორტეპიანო შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ კი ოთხი წელი კოლეჯში ვსწავლობდი. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ცოტა არ იყოს რთულია სცენაზე დაბრუნება, მაგრამ საკუთარი სიამოვნებისთვის რაღაცას ამ მიმართულებითაც აუცილებლად გავაკეთებ. ფორტეპიანოზე ვუკრავდი, რადგან დედაც პიანისტია, ბებიაც, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, ეს საქმე პროფესიად მექცია.

- გიორგი ლიფონავას ფავორიტი ხარ. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, ყოველთვის ვცდილობ, მას მაქსიმალურად ავყვე და მუშაობისას პრობლემებს არ ვუქმნი. რამდენიმე წელია, გიორგისთან ვთანამშრომლობ და ვენდობი; ვიცი, ისეთ საქმეში არ ჩამრთავს, რაც გამაწბილებს. თითქოს, უკვე მისი ოჯახის წევრი ვარ.

- შენი აზრით, წარმატება შემთხვევას მოაქვს თუ ბედისწერის უფრო მეტად გჯერა?

- ბევრი ადამიანისთვის წარმატება საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრას მოაქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ასეთი რამ არ მომხდარა. ყველაფერს ძალიან ბევრი შრომის, მონდომებისა და ნებისყოფის ხარჯზე ვაღწევ. სკოლაშიც კი, ათმაგად უნდა დავხარჯულიყავი, რომ ის ნიშანი მიმეღო, რასაც სხვა მარტივად იღებდა - ამას უკვე მიჩვეული ვარ.

- საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა-არყოფნა შენს მოტივაციაზე აისახება?

- პირად ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდიც მქონია, მაგრამ ოთახში არ ჩავკეტილვარ და სამსახურში სიარული არ მიმიტოვებია; პირიქით, ეს სტიმულს მაძლევს საიმისოდ, რომ უფრო მეტად წარმატებული ვიყო. იშვიათად ხდება ყველაფერი ისე, როგორც ჩვენ გვინდა. როცა სახლში არასოდეს ხარ, მთელი შენი დრო და ენერგია სამსახურს მიაქვს, ზოგჯერ ეს ოჯახში უსიამოვნების წინა პირობა ხდება... გააჩნია, გვერდით ვინ გყავს და რამდენად ეგუება შენს არჩევანს.

- ყოველთვის ფორმაში ხარ.

- არის მომენტი, როცა არ გინდა, გარეგნობაზე ზედმეტად იზრუნო, მაგრამ ამის გაკეთება მაინც გიწევს. საკუთარ თავზე ისედაც ყოველთვის ვზრუნავდი, მაგრამ ახლა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს აუცილებელიც არის.

- რომელ საათზე სრულდება შენი სამუშაო დღე?

- ეს წინასწარ არავინ იცის. ის ერთი თვე, როცა ფილმშიც მიღებდნენ, ჯოჯოხეთური იყო. წარმოიდგინეთ, პარალელურ რეჟიმში ფილმსა და სერიალზე ვმუშაობდით და გარდა ამისა, თითქმის ყოველდღე ეთერში მიწევდა ყოფნა. იყო შემთხვევა, როცა გადაღება დილის 4 საათზე დამთავრებულა, შინ მისულს ტანისამოსი გამომიცვლია და სამსახურში წავსულვარ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანი გამოძინებას ვერ ასწრებს, უძილობა კი ნერვულ სისტემაზეც ცუდად აისახება. სამაგიეროდ, ამ ყველაფრის კომპენსაცია უკვე შექმნილი პროდუქტი და მისი ნახვით გამოწვეული კმაყოფილებაა...

- განტვირთვას როგორ ახერხებ?

- როცა დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს და ვიცი, წინ საშინელი კვირა მელოდება, ფიზიკურად ვეღარ ვფიქრობ სხვა რაღაცებზე. ასეთ დროს უბრალოდ, ვცდილობ, თავი ზედმეტი საქმით აღარ დავიტვირთო. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მუსიკას ვუსმენ, შაბათ-კვირას კი ვცდილობ, ქალაქგარეთ გავიდე. რა ვქნა, ხალხმრავალი ადგილები აღარ მომწონს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები