17 აგვისტოს რადიო "პალიტრა" 5 წლის გახდა

17 აგვისტოს რადიო "პალიტრა" 5 წლის გახდა

"მე ვუსმენ პალიტრას - 103.9" - ხშირად იხილავთ ავტომობილს ამ წარწერით უკანა მინაზე. რადიო "პალიტრა" დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოა, რასაც მრავალფეროვანი გადაცემებისა და დახვეწილი მუსიკის ეთერში გასვლის წყალობით მიაღწია. ტალღის - 103.9 ეთერში გასვლა 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება: "პალიტრამ" მაუწყებლობა საინფორმაციო გადაცემით, 2008 წლის 17 აგვისტოს დაიწყო.

"პალიტრამედიის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ბაია ცანავა ეთერში გასვლას "ტრაგიკულ ისტორიას" უწოდებს. ამჟამად, როგორც რადიოს დირექტორი, ზაზა ქანთარია აღნიშნავს, "პალიტრა" თავის სიტყვას ამბობს და მომავლისთვის უფრო დიდი გეგმები აქვს დასახული, ხოლო საზოგადოებრივი პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ რადიო "პალიტრას" უკვე 5 წელია, ქვეყნის მაჯისცემაზე უდევს ხელი და უდიდესი მისია - საქართველოს სამსახურში დგომა აკისრია.

ბაია ცანავა, "პალიტრამედიის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი:

- ომის დაწყების პერიოდში ახალ საეთერო ბაზას ვამზადებდით. გადაწყვეტილი იყო, რომ როგორც ყველაფერი ახალი მედიაში, "პალიტრის" მუშაობის დაწყება და მსმენელის წინაშე განახლებული ეთერით წარდგომა სექტემბრიდან მომხდარიყო. განვითარდა ცნობილი მოვლენები ანუ დაიწყო საომარი მოქმედებები და "პალიტრამედიის" ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და საჭირო იყო, ეთერში დაუყოვნებლივ გავსულიყავით. ფაქტობრივად, ეთერში გასვლის პარალელურად ხდებოდა საეთერო ბაზაში ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისად, მაუწყებლობა ძალიან რთული იყო. კარგად მახსოვს, იმ დროს, როცა თბილისის თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდა, რადიო "პალიტრის" ტექნიკური ჯგუფი ანძაზე იმყოფებოდა და გადამცემის დამონტაჟება მიმდინარეობდა. ამის გაკეთება ფიზიკურად ძალიან სახიფათო იყო... ეთერში საინფორმაციო გამოშვებით გავედით. გვქონდა სლოგანი: "ინფორმაცია რეალურ დროში". საინფორმაციო გამოშვება ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე გადიოდა, არ გვქონია განსაზღვრული დრო, სრული საათი ან ნახევარი საათი. ფაქტობრივად, 24-საათიან სამაუწყებლო რეჟიმში ვმუშაობდით. ალბათ, ის სიყვარული და ნდობა, რაც რადიო "პალიტრას" აქვს, სწორედ იმ დროიდან მოჰყვება, როცა ერთ-ერთი მედიასაშუალება ვიყავით, რომელიც მსმენელს ინფორმაციას ოპერატიულად და ძალიან ფრთხილად აწვდიდა, რადგან გარდა იმისა, რომ სანდოობა არსებობდა, იყო გარკვეული თემები, რომლებიც საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიგვეწოდებინა სახელმწიფო ინტერესებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. მთელი გუნდი დაუღალავად შრომობდა. ფაქტობრივად, არა მხოლოდ იმ 5 დღის, არამედ ომის შემდგომი თვე-ნახევრის განმავლობაში ოფისიდან არ გამოვსულვართ, ვმუშაობდით იმისთვის, რომ რადიომსმენელისთვის რეალურად სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. იმ დროისთვის, როგორც ჩვენ, ისევე ჩვენი მსმენელი ძალზე შეშფოთებული და აღელვებული იყო იმით, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდებოდა. აი, ასეთი ტრაგიკული ისტორიაა ამ რადიოს ეთერში გასვლა, თუმცა ეს გუნდისთვის დიდი გამოცდა იყო. იყო ბევრი ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ ერთად სხვა, ძალიან სერიოზული გამოცდები ჩავაბარეთ, მაგალითად - 26 მაისის მოვლენები, ფოტორეპორტიორების დაკავების საქმე, წინასაარჩევნო პერიოდი. მიხარია, რომ "პალიტრა" ძალიან ბევრი მსმენელისთვის საყვარელი რადიოა, ისეთივე წარმატებული, კარგი და რეიტინგული, როგორიც 5 წლის წინ ჩამოყალიბდა. ის თავად ძალიან წარმატებული მედიასახლის ნაწილია: "პალიტრამედიას" აქვს ბევრი რეიტინგული გამოცემა: გაზეთი "კვირის პალიტრა", საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", რომელიც ძალიან მიყვარს. ეს გამართული, აწყობილი მედიასახლია და დიდი პერსპექტივები აქვს. რაც მთავარია, "პალიტრა" ყველა ჟურნალისტისთვის, პროდიუსერისა და რედაქტორისთვის სრულ თავისუფლებას იძლევა, ეს კი უმთავრესია. ასე იყო მთელი მისი არსებობის მანძილზე და ვიცი, რომ ახლაც ასეა. ეს შორიდან უფრო კარგად ჩანს, რადგან ამ მედიასახლს არ წარმოვადგენ და კარგად ვგრძნობ, რომ იქ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ჩემი მუშაობის დროს, წლების განმავლობაში იყო, რაც ძალიან მახარებს. ვულოცავ რადიო "პალიტრას" 5 წლის იუბილეს!

ზაზა ქანთარია, რადიო "პალიტრისა" და ტელევიზია "პალიტრა TV"-ს დირექტორი:

- "პალიტრაში" საქმიანობა 2012 წელს, ნოემბრის დასაწყისში დავიწყე. დამხვდა რადიო და ტელევიზია, მაგრამ ეს უკანასკნელი ეთერში "გლობალ TV"-ის საშუალებით გადიოდა, აგრეთვე, ვებგვერდზე, დღევანდელთან შედარებით, დაბალი ხარისხით იტვირთებოდა. ჩემი მოსვლის შემდგომ ტექნიკური განვითარება, სხვადასხვა საკაბელო ქსელში ჩართვა დავიწყეთ, რადგანაც სიხშირე არ გვქონდა. საკაბელოებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ, ხარისხი ავამაღლეთ და სატელევიზიო ხარისხზე დავსვით, ამის შემდეგ მაუწყებლობა დავიწყეთ.

- ყველა გადაცემა, რომელიც "რადიოს" ეთერშია, "პალიტრა TV"-ზეც გადის. ხომ არ აპირებთ, რომ შემდგომში, რადიო და ტელეპროგრამები უფრო მეტად გამიჯნოთ ერთმანეთისგან?

- ამ ეტაპზე ეს ორი საშუალება - ტელევიზია და რადიო განუყრელი "მეგობრები" არიან. სამომავლო გეგმები დიდი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. გვინდა, რომ ტელევიზია განვითარდეს. შეგნებულად არ მსურს, წინასწარ ვისაუბრო იმ დეტალებზე, რომლებიც მომავლის პერსპექტივაა როგორც რადიოსთვის, ასევე ტელევიზიისთვის. ჩვენი გეგმები ძალიან საინტერესოა, მართვის სისტემისა და შინაარსობრივი დატვირთვის თვალსაზრისით, მათ განხორციელებას დრო სჭირდება, მაგრამ დიდი გეგმები გვაქვს დასახული და ჩვენი ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველაფერი იქნება. მთავარია, ჯერ ე.წ. სატელევიზიო იმიჯი შევქმნათ და განვითარებაზე შემდეგ ვიფიქროთ. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, - თუ ამ მოკლე ხანში რა შეგვემატა განსხვავებული და ახალი, - მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, რა თქმა უნდა - უკეთესობისკენ. ანალოგიური სიურპრიზები მსმენელს აუცილებლად ექნება მომავალში, რადგან ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ალბათ ყველაფერი ნელ-ნელა ხდება და ამიტომ შეიძლება, ეს შეუმჩნეველი იყოს. ჩვენი რადიო თავის სიტყვას ამბობს, როგორც საინფორმაციო, ასევე - მუსიკალური კუთხით და მომავალში კიდევ უფრო მეტს იტყვის.

- რადიო "პალიტრას" ძალიან ბევრი პოლიტიკური გადაცემა აქვს, რომელთა მიმართ მსმენელები დიდ ინტერესს გამოხატავენ, მაგრამ ხომ არ გგონიათ, რომ რადიო ამ მხრივ ცოტათი გადატვირთულია და გასართობი სეგმენტი "იჩაგრება"?

თამარ ცაგარეიშვილი, რადიო "პალიტრის" საზოგადოებრივი პროგრამების ხელმძღვანელი:

- ერთი შეხედვით, ეს ნამდვილად ასეა. ზოგადად, ჩვენ ქვეყნის მაჯისცემაზე გვედო და გვიდევს ხელი. ქვეყანაში სიტუაცია ჯერ კიდევ ვერ დალაგდა, რომ ჩვენს პრიორიტეტად გართობა იქცეს. იქ, სადაც პრიორიტეტი გართობაა, ნაკლები პრობლემა არსებობს. ჩვენთან პრობლემა მეტია და ამდენად, გართობა ნაკლებად პრიორიტეტულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სეგმენტის ამუშავებისკენ არ მივიწევთ. ზოგადად, პოლიტიკური გადაცემები მეტ ფიქრს, ანალიზს, ჩვენ გარშემო არსებული პრობლემების ჩაწვდომას მოითხოვს. ამიტომ, ჩვენი თვალთახედვით, ეს ჩვენს მსმენელს გაცილებით მეტად სჭირდებოდა, ვიდრე - გართობა. ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს და ამ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 22 წელია გასული, ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით. ჩამოყალიბების პროცესისთვის ხელშეწყობა უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის. სწორედ ამიტომაა, რომ რადიოსთვის ძალიან დაკვირვებით ვარჩევთ წამყვანებს, თემებს. ეს იმისთვის კეთდება, რომ მაყურებელს, მსმენელს რეალობის აღქმაში, გააზრებასა და ცივილიზებული ნაბიჯების გადადგმაში დავეხმაროთ.

- აღნიშნეთ, რომ ძალიან დაკვირვებით არჩევთ კადრებს. კონკრეტულად, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ ჟურნალისტებისა და ამა თუ იმ გადაცემის წამყვანების შერჩევისას?

- პირველ რიგში, ეს არის კომპეტენტურობა იმ საკითხებში, რასაც ისინი აშუქებენ. ასევე - პროფესიონალიზმი და მათი ავტორიტეტი. ეთერში გამოსვლისა და გადაცემის წაყვანის უფლება უნდა გქონდეს: უფლების ქონაში ის იგულისხმება, რომ როდესაც შენს სახელსა და გვარს გაიგონებენ, არ უნდა თქვან, რომ შენი აზრი არ აინტერესებთ, რადგან არაპროფესიონალად გთვლიან. კადრებს ძირითადად, ამ პრიორიტეტების მიხედვით ვარჩევთ.

- რადიო "პალიტრის" ლოზუნგზე გკითხავთ: "სიმართლე უმთავრესია" - ზუსტად ეს სიტყვები გამოხატავს ძალიან მარტივად ჟურნალისტიკის მიზანს...

- დიახ, ეს სიტყვები იმ მრწამსს გამოხატავს, საითაც მივდივართ. ახლა 5 წლის ვართ და ახალი ლოზუნგიც შემოგვემატა: "პალიტრა" - შენი სანდო თანამგზავრი". ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვენდოთ, იმიტომ, რომ ინფორმაცია ისე არ მოიპოვება, მიხვიდე და სადღაც, ხის ძირში იპოვო, აიღო და რაც გინდა, ის გადასცე. ოპერატიულობა და სანდოობა - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. 5 წელი ძალიან რთული იყო, რადგან მაუწყებლობა ომის დროს დავიწყეთ. შემდეგაც გრძელდებოდა ომი - ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთთან და არა მხოლოდ ტერიტორიების შესანარჩუნებლად, არამედ - ადამიანების უფლებების დაცვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთელი 5 წლის განმავლობაში ამ ომში ვართ და ის ჯერ არ დასრულებულა. სანამ არ მოვა ისეთი ხელისუფლება, როცა ჩვენ მოგვეცემა უფლება, ხელები დავიკრიფოთ და გართობაზე ვიფიქროთ, მანამ ალბათ, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მრწამსი, კრედო და არა ლოზუნგი, არ შეიცვლება. უნდა ვიდგეთ იმის სამსახურში, რაც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.

იხილეთ ვიდეო

ეკა აბაშიძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები