რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში

რა ჯილდოს ფასად კითხულობდა პაატა შამუგია წიგნებს ბავშვობაში

"წიგნის მოყვარულთა კლუბი" პოეტ პაატა შამუგიას ლიტერატურული გემოვნებით დაინტერესდა. მან შეკითხვებზე პასუხების გაცემა წერილობითი სახით ისურვა. ის რამდენიმე ჟურნალში სტილის რედაქტორი გახლდათ და პასუხები რომ მივიღე, იქვე მომწერა: "თხოვნა მექნება - არ შეიცვალოს არაფერი, სასვენი ნიშანიც კი". ასე რომ, ტექსტს, შეძლებისდაგვარად, უცვლელად გთავაზობთ...

- რა არის თქვენთვის წიგნი?

- წიგნიც არის და წიგნიც! აი, ტოლსტოის "ანა კარენინა" თავს მატკივებს, თომას მანი - მიყუჩებს, დოსტოევსკი მსუყეა, რაბლე ტიტანია თავისი პერსონაჟებივით, კინგი მეფურია, სტენდალი მოსაწყენია, სექსტონი სექსუალურია, ელიოტი - ფრიგიდული, პავლოვა - ასატანად კარგია, სტაინი - აუტანლად კარგი, გინსბერგის ნებისმიერი თავხედური კრებული მირჩევნია დამყაყებულ აკადემიურ ანთოლოგიებს, გამსახურდიას ვეღარ ვკითხულობ, რობაქიძეს აღარ ვკითხულობ. საერთოდ, მე "ცოცხალი" წიგნების და ავტორების მხარეზე ვარ, მკვდრებმა (კოელიომ და სხვებმა) თვითონ დამარხონ თავიანთი მკვდრები (კასტანედა და სხვები). ცოცხალი არის "ვეფხისტყაოსანი" (თუ ქართველმა რუსთველოლოგებმა არ მოკლეს), ცოცხალი არის უიტმენის "ბალახის ფოთლები" და პავლე მოციქულის "პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ".

მოკლედ, ასეთია ჩემი აზრი წიგნების და ავტორების შესახებ - წინააღმდეგობრივი, ისეთი, როგორიცაა თვითონ ლიტერატურა.

- თქვენი პირველი წიგნები... ბავშვობიდან დღემდე ნაწარმოებიდან გამოყოლი ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება...

- ზუსტად მახსოვს, რომ ჩემი პირველი წიგნი არ იყო "დედა ენა". ყოველ შემთხვევაში, პირველი წიგნი, რომელიც გააზრებულად და გულმოდგინედ წავიკითხე, იყო ქართული ხალხური ზღაპრების კრებული. ამდენი სისხლი და თავების პანტა-პუნტით ცვენა შემაშფოთებელი კი იყო, მაგრამ "ჩემიანი", ანუ სუსტი და კეთილი, ბოლოს რომ იმარჯვებდა - ეს იყო ესთეტიკური ჯილდო. მართალია, ცოტა არ იყოს, სწორხაზოვანი და მიამიტურია, სუსტმა და კეთილმა აუცილებლად რომ უნდა გაიმარჯვოს, არის ამაში რაღაც ჰოლივუდური პოლიტკორექტულობის წინმსწრები მომენტი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მე ვფიქრობ, სიკეთეს უნდა მივცეთ საშუალება, წიგნებში მაინც გაიმარჯვოს. საერთოდაც, წიგნები ხომ ამისთვის არსებობს - რომ ავინაზღაუროთ ის, რაც გვაკლია - სიკეთე, თანასწორობა, თანალმობა.

- აფხაზეთში ხართ დაბადებული. მე არ ვიცი თქვენი ოჯახის ამბავი აფხაზეთის ომის პერიოდში, ალბათ სახლი, თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა იქვე დარჩა...

- აფხაზეთიდან ღამის ორ თუ სამ საათზე წამოვედით, ტრაქტორის მისაბმელზე დავეტიეთ მთელი უბანი. თითო ოჯახს მხოლოდ თითო ტომრის წამოღება შეეძლო, სხვანაირად ვერ დავეტეოდით. ასეთ პირობებში ბიბლიოთეკას ვერაფრით ვერ წამოვიღებდით. არადა, ძალიან დიდი და საინტერესო ბიბლიოთეკა იყო. თანამედროვე ლიტერატურა შეძლებისდაგვარად, კლასიკა კი თითქმის სრული სახით გვქონდა.

- არსებობს თუ არა წიგნი, რომელსაც პერიოდულად უბრუნდებით და ხელახლა კითხულობთ?

- საერთოდ, თუ წიგნი მხოლოდ ერთხელ წავიკითხე, ესე იგი არ მომწონებია. თითქმის ყველა ფავორიტი წიგნი ორჯერ ან მეტჯერ მაქვს წაკითხული... ერთადერთი წიგნი, რომელიც შეიძლება მაკმაყოფილებდეს, მაგრამ არასოდეს ვუბრუნდები, საკუთარი წიგნია. როცა გამოიცემა, ვივიწყებ, მეხსიერებიდან ვშლი და ახალ ტექსტზე ვფიქრობ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს