"მაესტროს" ჩაძირვას ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს?!

"მაესტროს" ჩაძირვას ლევან გაჩეჩილაძე ცდილობს?!

"მაესტროს" კრიტიკული დღეები უდგას - არხი ერთ-ერთმა სახემ და 3-პროცენტიანი წილის მფლობელმა თეა სიჭინავამ დატოვა - "არგუმენტების" ყოფილი წამყვანი ახალ გადაცემას "იმედზე" წაიყვანს; ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედი" მოლაპარაკებებს ნინო ჟიჟილაშვილთანაც აწარმოებს. "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი კი ირწმუნება, რომ ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური რედაქცია "გამოცარიელებულია", რადგან "იმედზე" სამუშაოდ პოლიტიკური თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი და ტექნიკური პერსონალიც გადავიდა.

ისე, ღლონტი "მაესტროს" არცთუ მსხვილი მეწილეა - 10 პროცენტს ფლობს. შესაბამისად, თუკი ტელევიზია მართლა იქცევა, მხოლოდ ღლონტი კი არა, სხვა, უფრო მსხვილი მეწილეები, მაგალითად, პატარა "გრეჩიხა" ანუ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") ან, სულაც, მაკა ასათიანი უნდა ყვიროდნენ - ორივე არხის 25-25 პროცენტის მფლობელია. "მაესტროს" სხვა მეწილეებიც ჰყავს, თუმცა მხოლოდ მამუკა ღლონტი აქტიურობს.

რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია არსებობს:

ვერსია პირველი - ყველაფერი შესაძლოა, თამაშია ანუ "მაესტროს", ალბათ, "ოცნებისგან" დაფინანსების მიღება უნდა და აჟიოტაჟით ხელისუფლებას აშანტაჟებს.

ვერსია მეორე - მამუკა ღლონტი მიანიშნებს, რომ "მაესტროს" მოკვლას "ოცნება" ტელესახეების გადაბირებით ცდილობს. თუკი, მართლაც ასეა, ეს შემაშფოთებელი სიგნალი იქნება, რამეთუ კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლამდე ირწმუნებოდა, რომ მისი მმართველობის დროს მედია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდებოდა. ისე, საგულისხმოა, რომ ღლონტის მიერ ატეხილ განგაშს, ჯერჯერობით, არც არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია ადვოკატირებისთვის" გამოხმაურებია და არც, ვთქვათ, ექსპერტი ია ანთაძე. არადა, ღლონტის განცხადებები, მინიმუმ, განსჯის საგანი მაინც უნდა გამხდარიყო.

ვერსია მესამე - "მაესტროს" სკანდალი ანუ არხიდან წამყვანი სახეების "იმედში" გადასვლა, შესაძლოა, ლევან გაჩეჩილაძემ დაგეგმა. რა შუაშია ლევან გაჩეჩილაძე? - ამის გასარკვევად მოვლენების განვითარებას, მოდით, ქრონოლოგიურად მივყვეთ:

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძმები გაჩეჩილაძეები პოლიტიკაში აღარ გამოჩენილან - ორივე ძმა ირწმუნება, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა და მედიასთან ურთიერთობაც შეწყვიტა. ბოლოს, "უცნობი" ნანა კაკაბაძისა და ყოფილი პოლიტპატიმრების მიერ ორგანიზებულ 19 მაისის აქციაზე გამოჩნდა, თუმცა გაუგებარი მიზეზის გამო, გია გაჩეჩილაძე, სცენაზე გასვლამდე, კულისებიდან გაქრა... ლევან გაჩეჩილაძე კი ბოლოს 2011 წლის ივლისში ვიხილეთ, როცა ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებს ზუსტად ერთწუთიანი კომენტარით უპასუხა და პოლიტაქტიურობა დაასრულა, თუმცა საქმე ისე არაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს - ირკვევა, რომ ძმებს არც "მაესტროსადმი" ინტერესი განელებიათ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც თვალყურს გაფაციცებით ადევნებენ.

ზუსტად ერთი თვის წინ ანუ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე "მაესტროში" ახალი სკანდალი აგორდებოდა, 15 ივლისს, ლევან გაჩეჩილაძემ ორი საინტერესო შეხვედრა გამართა. პირველი - 15:00 "იტალირ გალერეაში", მეორე კი, 19:00 საათზე შედგა. პირველი შეხვედრის უნებლიე მოწმე "ვერსია" გახდა.

მოკლედ, "იტალირ გალერეაში" ნინო ბურჯანაძის პარტიის ექსწევრი, ყოფილი პოლიტპატიმარი ივა ჩიღვინაძე, ლევან გაჩეჩილაძე, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე და კიდევ ორი მამაკაცი ბჭობდა... სუფრასთან ლევან გაჩეჩილაძის მიერ "დლია ბოდრასტი" შეკვეთილი 300 გრამი არყის გამოჩენის შემდეგ, თანამეინახეებმა საინტერესო თემა "გახსნეს": როგორც გაჩეჩილაძე ირწმუნებოდა, 13 ივლისს პრემიერ-მინისტრის დიდი თხოვნით დაურეკეს და უთხრეს, ბიძინა ივანიშვილი "უცნობისგან" ტელეკომპანია "მაესტროს" წილის საბოლოო გადაფორმებას ითხოვსო.

ბუნებრივია, ყველას ერთი კითხვა გაუჩნდება - "უცნობმა" ხომ ლამის ორი წლის წინ გადააფორმა "მაესტროს" კუთვნილი წილი "მაესტროს" დღევანდელი მფლობელის, ბაჩო კიკაბიძის სახელზე?! "მაესტროში" ორი წლის წინ, კიწმარიშვილ-ღლონტს შორის მომხდარი ცნობილი სკანდალის დროს მეწილეებიც შეიცვალნენ - კოტე გოგელიამ და "უცნობმა" თავიანთი წილი გაყიდეს, "მაესტროს" მეწილეებად კი, მაკა ასათიანი და ბაჩო კიკაბიძე დარჩნენ, თუმცა როგორც "მაესტროს" კულუარებში ჩახედული წყარო ირწმუნება, ეს გადათამაშება მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილის მოსაშორებლად და "მაესტროსთვის" ახალი დამფინანსებლის ანუ ბიძინა ივანიშვილის მოსაზიდად გაკეთდა.

არსებული ინფორმაციით, 2011 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც "უცნობის" წილი თითქოს გაიყიდა, თუმცა ვინაიდან ეროსი კიწმარიშვილმა, დავის გარკვევამდე, "მაესტროს" წილებს სასამართლოს ძალით ყადაღა დაადო, წილი არაფორმალურად ბაჩო კიკაბიძეს გადაეცა. ყადაღის ვადა 2012 წლის დეკემბერში გავიდა და, როგორც ჩანს, პრემიერის ზემოხსენებული ზარი ლევან გაჩეჩილაძესთან იმიტომ გახდა საჭირო, რომ "უცნობმა" დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და "მაესტროს" წილი, რომლითაც უკვე არაერთხელ ივაჭრა, საბოლოოდ დათმოს...

"იტალირ გალერეაში" გამართულ, "საიდუმლო სერობაზე" უფროსი "გრეჩიხა" მეგობრებს ეუბნებოდა: - ხომ იცით, "მაესტროს" სინამდვილეში ისევ "უცნობი" მართავს! დღევანდელ "მაესტროს" პოლიტიკური იარაღობის არაფერი ეტყობა, თუმცა საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების წინ, ერთი "ზედმეტი" ტელევიზია არავის აწყენს, მით უმეტეს, დადის ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკვე იყიდა "კავკასუს ონლაინი", ტელეკომპანია "მზე" და რატომ არ შეიძლება, ჯაჭვის შემდეგი რგოლი ტელეკომპანია "მაესტრო" იყოს?!

როგორც ამ კონსპირაციული შეხვედრიდან ირკვევა, ივანიშვილი ძმებს პირადად არ ხვდება, ჩვენთან "ლიჩნი" დაძაბულობა აქვს, - ამტკიცებდა ლევან გაჩეჩილაძე, - "უცნობი" კი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას პირადად ითხოვს, რათა თავისი წილის ბედი თავადვე გაარკვიოსო.

სასამართლო დავა "მაესტროს" ირგვლივ ჯერ არ დასრულებულა - კიწმარიშვილი აცხადებს, რომ "მაესტროში" 5,5 მილიონი დოლარი ჩადო, რომელიც უკან არ დაუბრუნეს და, პლუს, სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად...

დავის დეტალებში ჩახედული წყარო "ვერსიას" უყვება, რომ "მაესტროს" ბიძინა ივანიშვილისგან, ყოველთვიური დაფინანსების სახით, 2011 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, თვეში 500 000-დან 800 000 დოლარამდე შესდიოდა ანუ სულ რაღაც 10 თვეში ივანიშვილმა "მაესტროში" რამდენიმე მილიონი ჩადო და ამგვარად, "უცნობი" თამაშიდან გაიყვანა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, ივანიშვილმა "მაესტროს" 14 მილიონი დოლარი დაახარჯა. ეს სწორედ ის ფულია, რომლის სანაცვლოდაც "გრეჩიხებისგან" პრემიერის სახელით წილის საბოლოოდ გადაფორმებას ითხოვენ, თუმცა, როგორც ჩანს, ძმები პრემიერთან უკვე გადაფორმებული წილით ვაჭრობას ისევ აპირებენ.

თუ შეხვედრები პრემიერის ზურგსუკან მიდის, მაშინ არენაზე ივა ჩიღვინაძის გამოჩენა მარტივად აიხსნება: ნინო ბურჯანაძეს "მაესტროს" ყიდვა ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილის მოვლენების დროს უნდოდა, თუმცა მაშინ ეს გარიგება ჩაიშალა, რამაც "უცნობი" გააცოფა, რადგან ფული ვერ აიღო. დღეს კი, ივა ჩიღვინაძის გამოჩენა, შესაძლოა, ძველი თემის გააქტიურებას უკავშირდება, ანუ კულუარული ვერსიით, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული ბურჯანაძე "მაესტროთი" ისევ დაინტერესდა და ამ საქმის მოგვარება ყოფილ თანაგუნდელსა და პოლიტპატიმარს დაავალა. ამასთან, ამბობენ, ივა ჩიღვინაძე "უცნობის" ბავშვობის მეგობარია და არაა გამორიცხული, "იტალირ გალერეაში" მისი ყოფნა ივანიშვილისთვის ცრუ გზავნილი იყოს, ბურჯანაძე "მაესტროს" ყიდვას აპირებს და დაასწარიო.

მამუკა ღლონტი: - "მაესტროდან" წასულია თეა სიჭინავა და, ასევე, თოქ-შოუების პროდიუსერები და საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი. ამ ადამიანებს ვერ დავწამებ, რომ მხოლოდ მაღალი ხელფასების გამო წავიდნენ. თეა სიჭინავას, ალბათ, ნოსტალგიაც ჰქონდა - ძველი "იმედელია", ნინო ჟიჟილაშვილი კი რჩება, "მაესტროში". გარკვეული მცდელობა ხელისუფლების ერთი შტოს მხრიდან მართლაც არის, ოღონდ ეს არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიმართაც, როგორც მოქალაქეს, დიდი ნდობა და სიმპათია მაქვს.

პრობლემა იმ დავალიანებაში მდგომარეობს, რომელიც წინა ხელისუფლებამ "იმედს" "რუსთავი 2"-ს "პიკსა" და სხვა ტელეკომპანიებს აპატია, მაგრამ არ აპატია "კავკასიასა" და "მაესტროს". "იმედის" განზრახვა ნათელი იყო - ჩვენი თოქ-შოუების გარეშე დატოვება უნდოდა, რადგან გადასვლაზე ერთ წამყვანს და ერთ პროდიუსერს კი არა, ჩვენი თანამშრომლების 80%-ს ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა აპატია და მიათვისებინა "იმედს" დავალიანება, 16 მილიონი, რომლითაც ახლა სატელევიზიო ბაზარზე "ხმალაობს", ამაზე კი ახალმა ხელისუფლებამ თვალი დახუჭა.

- დააკონკრეტეთ, ახალი ხელისუფლებიდან პრეტენზია ვისთან გაქვთ?

- პრეტენზია მაქვს ნოდარ ხადურთან, რომელიც ამ დავალიანებაზე ხმას არ იღებს. დავუშვათ, ვერაფერს იზამს და დავალიანებას უკან ვერ ამოიღებს, მაგრამ მას შეუძლია შეისწავლოს, კანონიერად მოხდა თუ არა დავალიანების ჩამოწერა და თუ ეს უკანონო იყო, ვინ დაისაჯა. თუ არადა, შეღავათი სხვა მედიასაშუალებებსაც გაუკეთოს.

- ბატონო მამუკა, საპროტესტო განცხადებებს მხოლოდ თქვენ აკეთებთ, სხვა დამფუძნებლები თქვენს პოზიციას არ იზიარებენ?

- როგორც წესი, საჯარო განცხადებებს ძირითადად, მე ვაკეთებ, თან ახლა დანარჩენი დამფუძნებლები საქართველოში არ არიან, ორშაბათს ჩამოვლენ და მოგვიანებით, საერთო განცხადებას გავავრცელებთ.

- 2 წლის წინ, როცა თქვენსა და კიწმარიშვილს შორის კონფლიქტი დაიწყო, ითქვა, თეა სიჭინავა და ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანიის თანამფლობელები გახდნენ და 3-3%-იანი წილი გადაეცათო, თუმცა ეს რეესტრში არ ასახულა. მათ წილი რეალურად მიიღეს ან "მაესტროდან" "იმედზე" გადასული თეა სიჭინავა ამ 3 პროცენტს შეინარჩუნებს?

- წილი არ შეუნარჩუნდება, რადგან ეს თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც საპარტნიორო წილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მოგების რაღაც წილი დივიდენდად გადაერიცხებოდა მანამ, სანამ ამ ტელევიზიაში იმუშავებდა. რაც შეეხება წილის გაფორმებას, რეესტრში ვერ გაფორმდებოდა, რადგან "მაესტროს" წილები დაყადაღებულია.

- შეგიძლიათ დაასახელოთ, ვინაა "მაესტროს" დანგრევით დაინტერესებული და აქვთ თუ არა ყველაფერ ამასთან კავშირი ძმებ გაჩეჩილაძეებს?

- ფაქტების გარეშე, ალბათ, ვერ ვისაუბრებ. ჩემგან არაკორექტული იქნება, კონკრეტული ფაქტების გარეშე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, ერთს გეტყვით: ძალიან არ მინდა, ამ საქმეში ძმები გაჩეჩილაძეები რამენაირად იყვნენ ჩართულნი.

- არც ფარული შეხვედრების შესახებ იცით, სადაც საუბარი უცნობის 25%-იანი წილის კიდევ ერთხელ გასხვისებასა და ამ წილით ვაჭრობაზე მიდიოდა?

- უცნობი 25%-იან წილს ვერ გაყიდის, რადგან პირვანდელ ხელშეკრულებაში წერია, რომ "უცნობს" ამ წილის მხოლოდ ძველი დამფუძნებლებისთვის გადაფორმება ანუ დაბრუნება შეუძლია. ეს ხელშეკრულება ძალაში მაშინვე შევა, როგორც კი წილებს ყადაღა მოეხსნება. ხელშეკრულება ოფიციალურად დარეგისტრირებულია და თუ რამე სხვა მოხდება, მაშინ საქმე პირდაპირ სასამართლოში წავა!

(შემოკლებული ვერსია)

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები