"ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

"ბიბლუსის" ახალი ინიციატივა - ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად

"იყავი ბიბლუსელი, დაიცავი გარემო", - მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" ახალ მომსახურებას გთავაზობთ: ქაღალდის პარკები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად.

ცოტა ხნის წინ, პირველად "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, მეორადი გადამუშავების ქაღალდებისგან დამზადებული პარკები გამოჩნდა. "ბიბლუსის" პიარ-მენეჯერი, მაირიამ წამალაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით მომხმარებლის პოზიცია დადებითია.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს პარკი კვლავ ექვემდებარება გადამუშავებას და არ უქმნის საფრთხეს გარემოს. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, შევიტანოთ წვლილი გარემოს დაცვაში. ჩვენ შევიმუშავეთ სლოგანი "იყავი ბიბლუსელი - დაიცავი გარემო". გვსურს, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი ავიყოლიოთ და ჩავრთოთ ამ ინიციატივაში, რათა ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე", - აცხადებს მარიამ წამალაშვილი.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი "ბიბლუსის" წამოწყებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ცნობიერების ამაღლებისთვის.

"მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია და ის უფრო გრძელვადიან შედეგებს ემსახურება. ადამიანებში ნელ-ნელა უნდა ამაღლდეს გარემოსდაცვითი ცნობიერება, ამ მხრივ "ბიბლუსი" წარმოადგენს პიონერს. მნიშვნელოვანია, რომ "ბიბლუსის" საშუალებით ეს ინიციატივა მივა ძალიან ბევრ ადამიანამდე", - აცხადებს გეთიაშვილი.

გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის შეფასებით, გარემოს დაცვის კუთხით პოლიეთილენის პაკებს მრავალი უარყოფითი მხარე აქვს, რადგან ის წარმოადგენს საშიშ ნარჩენს.

"ჩვენ ამ პრობლემებს ყოველი ფეხის გადადგმაზე ვაწყდებით და კარგად ვიცით ცელოფნის პარკებით რამდენად არის დაბინძურებული გარემო. ეს არის ურთულესი პრობლემა მსოფლიოში და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ შეიცვალოს პოლიეთილენის პარკები, მაგრამ ეს არ არის მარტივი, მთავარია, შეიცვალოს ადამიანების ცნობიერება.

ჩემი აზრით, "ბიბლუსის" მიერ დაწყებული კამპანია, კონკრეტულად არამარტო ცელოფნის პარკებს ჩაანაცვლებს, არამედ შეცვლის ადამიანების ცნობიერებას", - აღნიშნა გეთიაშვილმა.

სტასტიკის თანახმად, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომლებიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება. პოლიეთილენის მოხმარების შემცირებისა და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა დღეს მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. "ბიბლუსი" ახალი ინიციატივით სწორედ ამ წამოწყებას უერთდება.

თეა ბითაძე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს