ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილი დაიხურება?!

ქართული ტელევიზიების დიდი ნაწილი დაიხურება?!

როგორ აფასებს "მაესტროსა" და "მეცხრე არხზე" განვითარებულ მოვლენებს გია ხუხაშვილი და რა პროცესი იწყება საქართველოს ტელესივრცეში?

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - მწირი სარეკლამო ბაზრის პირობებში, მაქსიმუმ, 3-4 ტელევიზიის შენახვაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი ტელევიზიები დაიხურება! გარდა ამისა, ტელევიზიების უმრავლესობა დოტაციურია - მათ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აფინანსებენ და აკონტროლებენ. გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიების პოლიტიკისგან გათავისუფლების პროცესი იწყება და ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება "მეცხრე არხთან" დაკავშირებით. როგორ აფასებს "მაესტროსა" და "მეცხრე არხზე" განვითარებულ მოვლენებს და რა პროცესი დაიწყება საქართველოს მედიაბაზარზე - "ვერსიას" გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- ბატონო გია, რატომ გადაიბირა ტელეკომპანია "იმედმა" "მაესტროს" ტელესახეები, როგორ შეაფასებთ მედიაბაზარზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?

- რაც შეეხება გადაბირებას, ვფიქრობ, არაკორექტული მოსაზრებაა. "მაესტრომ" ფატალური შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც საინფორმაციო არხის რებრენდინგი და სხვა ტიპის ტელევიზიად გადაკეთების პროცესი დაიწყო. არხის პრაიმ-ტაიმი თურქულმა სერიალებმა დაიკავა, ტელევიზიამ სახე იცვალა და ვფიქრობ, ეს სტრატეგიული შეცდომა იყო. სერიალებმა ჩაანაცვლა პოლიტიკური თოქ-შოუები, რის გამოც თეა სიჭინავა გადაიყვანეს დამატებით არხზე, რომელსაც შეზღუდული მაყურებელი ჰყავდა. ბუნებრივია, პოლიტიკური თოქ-შოუების ჟურნალისტებმა, სიჭინავამ და ჟიჟილაშვილმა, ამ ვითარების გამო, შევიწროებულად იგრძნეს თავი. სიჭინავას შემთხვევაში, გაუგებარია, რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ვინმეს, რადგან იგი "იმედიდანაა" და "იმედზე" მისი დაბრუნება ლოგიკური იყო. ამ შემთხვევაში, როგორც "მაესტროს" გულშემატკივარი, ისე ვსაუბრობ და ვფიქრობ, ბატონი ღლონტიც დამეთანხმება, რომ ბოლო წლებში, ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ ჰყოლია. ყველანაირად ვცდილობდი, თუ რამე პრობლემა წარმოიშვებოდა, დავხმარებოდი. ახლაც მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დავეხმარო. ისე, იმასაც ამბობენ, თითქოს ამ ყველაფრის უკან მე ვდგავარ, მაგრამ ჩემი უფლებები შეზღუდულია.

- თვითონ მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ხელისუფლების ერთი ფრთა ტელეკომპანია "მაესტროს" დისკრედიტაციას ცდილობს. თქვენ გგულისხმობთ?

- ვერ წარმომიდგენია, მე მგულისხმობდეს... ღლონტისგან ეს უსამართლობა და უმადურობა იქნებოდა. ჩვენს ურთიერთობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მამუკა ღლონტმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი გაუგებრობის დროს, ყოველთვის მის მხარეს ვიყავი. როგორც წესი, ასეთი რაღაცები სწრაფად არ იცვლება.

- ღლონტმა გარკვევით თქვა, რომ ხელისუფლებაში არსებობს ფრთა, რომელიც ცდილობს, "მაესტროს" ფინანსური პრობლემები შეუქმნას. ეს რეალურია?

- მგონია, ღლონტი ცდება. არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, ტელეკომპანიას პრობლემები შეუქმნას.

- "იმედი" ცდილობს, ტელერეიტინგში მეორე ადგილზე გავიდეს და ამისთვის ცნობილი სახეების გადაბირებასაც არ ერიდება?

- რა თქმა უნდა, "იმედი" ცდილობს რეიტინგში უკეთესი პოზიციის დაფიქსირებას. 2006-2007 წლებში "იმედმა" "რუსთავი 2" ჩამოიტოვა კიდეც. მაშინ ამ ტელევიზიამ სერიოზული როლი შეასრულა ქართულ სინამდვილეში. ამ ფონზე, მით უმეტეს, რა გასაკვირია, მაღალი რეიტინგის მოპოვებას ცდილობდეს? ისიც ბუნებრივია, რომ "იმედს" საკუთარი სახეები უბრუნდებიან. გიმეორებთ, "მაესტროს" რომ სერიალებზე ორიენტაცია არ აეღო და საინფორმაციო არხის სახე შეენარჩუნებინა, დღეს კადრების გადინების პროცესი არ დაიწყებოდა.

- არხი შემოქმედებითმა ჯგუფმა - პროდიუსერებმა და ტექნიკურმა პერსონალმაც დატოვა. ეს ტელეკომპანიის მიზანმიმართული ჩაძირვა არ არის?

- ეს დეტალები არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ სიჭინავა და ჟიჟილაშვილი წავიდნენ. თუ პროდიუსერებიც გაყვნენ, ესეც ბუნებრივი პროცესია. არ ვიცი, რამდენად მასშტაბური სახე აქვს ამ ყველაფერს და ამიტომ სრულყოფილ პასუხსაც ვერ გაგცემთ.

- ივლისის შუა რიცხვებში, რესტორან "იტალირ გალერეაში" ძმები გაჩეჩილაძეები, კოკა გუნცაძე და ივა ჩიღვინაძე ერთმანეთს შეხვდნენ. მათ საუბარს "ვერსია" შემთხვევით შეესწრო. "მაესტროს" წილების გაყიდვაზე ისაუბრეს. დიალოგში, "უცნობს" ურჩიეს, რომ "მაესტროში" საკუთარი წილის გაყიდვასთან დაკავშირებით, გია ხუხაშვილს შეხვედროდა, რომლის გარეშეც ასეთი საკითხები არ წყდება...

- სადღაც რომ ვიღაც ვიღაცას შეხვდა, ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო...

- ბატონო გია, "უცნობი" შეგხვდათ თუ არა?

- შეიძლება, ბოლომდე ვთქვა, რასაც ვფიქრობ? საერთოდ, ასეთ რამეზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. არც ის ვიცი, მართლა შეხვდნენ თუ არა, ან თუ შეხვდნენ, რაზე ისაუბრეს. რაც შეეხება "უცნობს", სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ორი წელია, თვალით არ მინახავს. თარიღიც შემიძლია დაგისახელოთ - ბოლოს "უცნობი" 2011 წლის 5 თუ 6 ოქტომბერს ვნახე. თუ მას ვინმემ რამე ურჩია კიდეც, ის ჩემამდე ნამდვილად არ მოსულა.

- "მეცხრე არხზე" გკითხავთ. პრემიერ-მინისტრის დათქმა არარეალურია - თუ 10 დღეში არ გაიყიდება, ტელევიზია დაიხურებაო. 10 დღეში გაყიდული ტელევიზიის ამბავი არ მჯერა. თან, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ტელევიზიის გაყიდვაზე საუბარი რას ნიშნავს?

- რა თქმა უნდა, 10 დღეში ტელევიზია ვერ გაიყიდება, მაგრამ შესაძლოა, ვიღაც დაინტერესდეს. აქ პირდაპირ გაყიდვასა და სხვადასხვა პროცედურებზე არავინ საუბრობს. პრემიერი ის ადამიანი არ არის, ასე დააყენოს საკითხი. რაც შეეხება ტელევიზიის დახურვას, ჩემთვისაც მტკივნეული საკითხია, რადგან იქ ბევრი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში მოხდა. სახელმწიფოზე ზრუნვისას, ზოგჯერ საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაც გვიწევს. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მტკივნეული, მაგრამ სწორია - ნაციონალური მოძრაობა, ნებისმიერი მეთოდით, იმ არჩევნების დისკრედიტაციას შეეცდება, რომელსაც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი ხანია პრემიერ-მინისტრს აწუხებს, რომ ტელევიზია მის მფლობელობაშია, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩარეულა და შემოქმედებით ჯგუფს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევდა. მიუხედავად ამისა, როდესაც ტელევიზიაზეა საუბარი, ძნელია, სიტყვაზე ენდო ადამიანს. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს არჩევნები იმდენად განსაკუთრებულია, რომ თუ პრემიერ-მინისტრს ტელევიზია საკუთრებაში ექნებოდა, ნაცმოძრაობა ამაზე ააგებდა პიარკამპანიას და "მეცხრე არხის" გინებით, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას შეეცდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს რისკფაქტორები უნდა მოიხსნას, მაგრამ მთავარი, ფუნდამენტური მოტივი ის არის, რომ პრემიერს, როგორც ხელისუფალს, საკუთარი მედიასაშუალება ამძიმებს. პრემიერს ვეთანხმები, რომ თუ ადამიანი პოლიტიკაშია, მას მედიაში ინტერესი არ უნდა ჰქონდეს, რადგან პოლიტიკური ინტერესი თავისთავად მახინჯი სისტემაა. "მეცხრე არხთან" დაკავშირებით, პრემიერმა მძიმე, მაგრამ ობიექტურად აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ივანიშვილმა დაადასტურა - მას ნამდვილად სურს, ამ ქვეყანაში ნორმალური, დემოკრატიული სივრცე გაიხსნას და ნებისმიერი ფორმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კატეგორიულად უარს ამბობს.

- ლოგიკურია, მაგრამ არჩევნების წინ, საკუთარი მედიასაშუალების მოცილება გიორგი მარგველაშვილის პიარკამპანიას ცუდად არ წაადგება?

- თუ სტანდარტული სტერეოტიპებით შევაფასებთ, რომ მედია და პროპაგანდა წყვეტს არჩევნების ბედს, კი ბატონო, შესაძლოა, ეს მოსაზრება გავიზიარო. სამწუხაროდ, პოლიტიკის ეს გაგება საზოგადოებაში წლების განმავლობაში მკვიდრდებოდა. სინამდვილეში, მედიამანიპულირებისა და ვირტუალური რეალობის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ადამიანებმა მედიაინსტრუმენტების საშუალებით კი არა, ობიექტურად, იმის მიხედვით უნდა გააკეთონ არჩევანი, რა სჭირდება დღეს ქვეყანას. თუ ვისაუბრებთ, ვის რამდენი მედიაინსტრუმენტი აქვს დღევანდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს დიდი უპირატესობა აქვს. "რუსთავი 2"-ის გარდა, მილიონი სააგენტო და გაუგებარი "ენჯეო" გამოჩეკა ბოლო დროს, ახალი და გაუგებარი ტელევიზიებიც გაიხსნა. მოკლედ, მედიასივრცის დიდ ნაწილს დღესაც სააკაშვილი აკონტროლებს. "მეცხრე არხი" იქნებოდა თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას უპირატესობა მაინც აქვს, მაგრამ არჩევნებზე ეს არ იქნება გადამწყვეტი. ისეთ ცხოვრებას უნდა შევეგუოთ, როდესაც მედიაში პოლიტიკურ ინსტრუმენტს აღარ მოვძებნით. ამიტომ მარგველაშვილს რომ "მეცხრე არხი" წაადგებოდა, ეს არგუმენტი არ არის. ტელევიზიებზე პოლიტიკური გავლენა საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ და იმედი მაქვს, მალე დადგება დრო, როდესაც იგივე "რუსთავი 2"-ც გამოვა მიხეილ სააკაშვილის მფლობელობიდან. იმედია, აღარ მოვისმენ არაჯანსაღ საუბრებს, თითქოს "იმედზე" გავლენა მაქვს. ამასაც კი მაბრალებენ, საერთოდ, ყველაფერს ხომ მე მაბრალებენ...

- "იმედთან" დაკავშირებით, რას გაბრალებენ?

- თითქოს გარკვეული გავლენა მაქვს, რაც სრული აბსურდია. ერთადერთი, რაშიც მართლაც მივიღე მონაწილეობა და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის არის, რომ "იმედი" პატრონს დაუბრუნდა. იმ პატრონის ხსოვნას კი არასდროს ვაკადრებდი, რაიმე ტიპის მოქმედებები განმეხორციელებინა ტელევიზიაში, რადგან ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია. ადამიანებს იმიტომ კი არ ვეხმარებით და იმიტომ კი არ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, რომ მერე ვისარგებლოთ. დუღილის პროცესი, რაც ახლა მიდის მედიაში, ვფიქრობ, გარდაუვალი "უბედურებაა", რადგან მედიასივრცე იმდენად მახინჯად შეიქმნა, რომ გადანაწილება აუცილებელია. მთავარია, გადანაწილების შედეგად, დეპოლიტიზირებული, საზოგადოებაზე ორიენტირებული ტელევიზია მივიღოთ. სამწუხაროდ, სარეკლამო ბაზარი იმდენად მწირია საქართველოში, რომ ტელევიზიას ვერ ინახავს. ჩემი შეფასებით, თანხა, რაც სარეკლამო ბაზარზე რეალურად არსებობს, მაქსიმუმ 3 ნორმალურ ტელევიზიას თუ შეინახავს, მეოთხე და მეხუთე კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რასაც სარეკლამო ბაზარი ვერ გაწვდება. როგორც კი ტელევიზიის დაფინანსების დეფიციტი ჩნდება, ზუსტად მაშინ შემოდიან პოლიტიკური მოთამაშეები, რაც დაბინძურებას იწვევს. საბოლოოდ, ვიდრე ეკონომიკა ბრუნვებს აკრეფს და მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში, 3-4 ტელევიზია მაქსიმუმია. ეს არის რეალობა. იმედია, 2-3 წელიწადში ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც სარეკლამო ბაზარიც გაფართოვდება და ტელევიზიებსაც შეინახავს, გაზეთებსაც და ელექტრონულ მედიასაც. 5-6 ტელევიზია დღეს არსებული სარეკლამო ბაზრის პირობებში იმას ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკოსების კონტროლქვეშ არსებობენ.

- ამ შეფასებიდან გამომდინარე, პროცესის გაგრძელებას ელით, ანუ ტელებაზარზე გადათამაშებები გაგრძელდება?

- როდესაც ტელევიზიებში პოლიტიკური ინვესტიციები შეუძლებელი გახდება, ბუნებრივია, ისინი დოტაციაზე ვეღარ იარსებებენ. ტელევიზია დოტაციაზე შესაძლოა მხოლოდ პოლიტიკოსმა შეინახოს, რადგან პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. თუ ტელევიზია მიმზიდველ ბიზნესპროექტად არ გადაიქცევა, გადათამაშება კი არ დაიწყება, დაიხურება. სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან არც ერთი კომერსანტი თუ მფლობელი, თუ მასზე არ არის გრძელვადიანი პოლიტიკური გათვლა, ტელევიზიას არ შეინახავს. თუ ვთანხმდებით, რომ ტელესივრციდან პოლიტიკური ინტერესები უნდა განიდევნოს (პაუზა)...

- უნდა შევეგუოთ, რომ ტელევიზიების დიდი ნაწილი დაიხურება?

- სამწუხაროდ, უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია, მაგრამ ალბათ, ასე მოხდება, ტელევიზიები დაიხურება!

- პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გეცოდინებათ, "მეცხრე არხით" რომელიმე ინვესტორია დაინტერესებული?

- რამდენადაც ვიცი, გარკვეული ინტერესი იყო და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა, მაგრამ ტელევიზიის შენახვა მაღალი რისკფაქტორია. თუ იმაზეც ვთანხმდებით, რომ მყიდველი კომერსანტი უნდა იყოს და არა პოლიტიკოსი, ბევრი მყიდველი გამოჩნდებოდა, თუნდაც იგივე რუსეთში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ისეთ მყიდველთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლის უკანაც პოლიტიკურ ინტერესს დაინახავს. კომერსანტებისთვის მაღალი რისკის ინვესტიციაა, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, გაყიდვის მცდელობაც იყო, მაგრამ ვერც ერთმა მყიდველმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. "მეცხრე არხის" კომერციულ პროექტად გადაქცევა გრძელვადიანი პროცესია. ყოველ შემთხვევაში, ერთი-ორი წელი მაინც სჭირდება. ამ ხნის მანძილზე ტელევიზიის შენახვა კომერსანტს ძვირი დაუჯდებოდა და ჩანს, გადაწყვეტილებაც ამის გამო ვერ მიიღეს.

- თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილმა "იმედი" მართვაში გადასცა მსოფლიოში ცნობილ მედიაჰოლდინგს "ნიუს-კორპს". არ შეიძლება, ამ ტიპის გარიგება შედგეს და ბიძინა ივანიშვილმაც მსოფლიოში აღიარებული რომელიმე მედიაჯგუფი შემოიყვანოს?

- მართვაში გადაცემა შეიძლება, მაგრამ პროექტი კომერციულად საინტერესო ხომ უნდა იყოს? იმ პერიოდში, "იმედი" მიმზიდველი პროექტი იყო, მაგრამ დღეს ბაზარზე სხვა ვითარებაა. ყველა ტელევიზია დოტაციურია, არც ერთი მათგანი არ არის კომერციულად საინტერესო, "რუსთავი 2"-ც კი, რომელსაც სარეკლამო ბაზრის ლომის წილი აქვს წაღებული, დარწმუნებულია, რომ მუდმივად ასეთ რეჟიმში იმუშავებს. თუმცა ტელევიზიების პოლიტიკიდან დისტანცირების პროცესი აუცილებლად დაიწყება, რაც მძაფრი კონკურენციის პირობებში ჩაივლის და ცოტა ხანში, მზის ქვეშ ადგილის მოპოვება საკმაოდ გართულდება. რაც შეეხება კითხვას, რა თქმა უნდა, ასეთი მმართველის პოვნა შესაძლებელია, ოღონდ ერთი პირობით, ტელევიზია აუცილებლად თვითონ უნდა დააფინანსოს.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები