შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"

შალვა რამიშვილი: “სად "მოტეხეს" ჩემი 34 ათასი ლარი?!"

ტელეკომპანია "მე-9" არხის დახურვას საზოგადოებაში ხმაური მოჰყვა... ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწევა მას. საინტერესოა, რა ფორმით დაუბრუნდება ეს ტელეკომპანია მაყურებელს, ან დაუბრუნდება თუ არა საერთოდ....

ლუბა ელიაშვილი, "მე-9" არხის გენერალური დირექტორი: - ყველაფერი გარკვეულია და ვერ ვხვდები, რამ გამოიწვია ეს აჟიოტაჟი... არხს საშუალება ჰქონდა 1-ელ სექტემბრამდე ემუშავა, მაგრამ თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, გაჩერებულიყვნენ. კი ბატონო, ეს მათი გადაწყვეტილებაა. "ინფო-9" განაგრძობს მუშაობას პირველ სექტემბრამდე, შემდეგ კი დაიხურება და გაყიდვის რეჟიმში გადავა. მესმის, რომ თანამშრომლებისთვის მძიმე იყო, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა - ყველამ იცოდა, რომ ტელევიზია დღეებს ითვლიდა. მესმის მათი, მძიმეა, პირდაპირ ეთერში რომ მუშაობ და იცი, ძალიან მალე ეს ყველაფერი დამთავრდება… დაველოდოთ ახალ მყიდველებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, არხს დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რამაც ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია...

- არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება! ჯერ ერთი, ძალიანაც კმაყოფილი იყო, მეორეც - რომელი რეიტინგის მიხედვით ხდება დაჯამება და გამოთვლა?.. რას დავუჯეროთ, ნიუსებს, სადაც სრული სისულელე იწერება?

- სად დაიწერა სისულელე?

- სადაც "მე-9" არხს დაბალი რეიტინი აქვს... ბატონმა ბიძინამ კარგად იცის რეიტინგების ფასი, მას თავისი პარტიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო რეიტინგი უნახავს და იცის, რომ რეალობისგან 100%-ით შორს არის. ივანიშვილს არხის რეიტინგიც აკმაყოფილებდა და მუშაობის ხარისხიც, უბრალოდ, თავიდანვე თქვა, რომ ეს არხი დისკომფორტს მიქმნის, როგორც მე, ისე ჩემს ოჯახსაცო. მას, როგორც პოლიტიკოსს და როგორც ბიზნესმენს, ტელევიზია არ აინტერესებს. მეტიც, როგორც პოლიტიკოსს, უხერხულობასაც უქმნიდა...

ამ გადაწყვეტილების შესახებ მეც ვიცოდი და ჟურნალისტებმაც, ივანიშვილს მათთანაც არაერთხელ განუცხადებია... ეს სიტუაცია იცით, რას მაგონებს? - ოჯახში რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უყვარს და როცა გაიყრებიან, მაინც რომ ორივესთვის მოულოდნელია. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც.

- რა ფორმით დაუბრუნდება ტელევიზია მაყურებელს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ იყიდის და როგორ... თუ ის იყიდის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეთერში გასვლა უნდა, არხი ისევ დაბრუნდება. უკვე დარეკეს "ინფო-9"-ის დირექტორთან, რათა მისი ბრენდი, ანუ სახელი შეიძინონ...

- არხის საბაზრო ფასი გარკვეულია?

- არა, იმიტომ ვზივარ და ვანგარიშობ, მაგრამ თქვენი კოლეგები ამას არ მაცლიან - ჯერ ტელეფონი არ გამიშვია ხელიდან... თუ დამაცდით, ფასსაც შეიტყობთ.

შალვა რამიშვილი:

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, "მე-9" არხზე თქვენი და თეა სიჭინავას ძალიან მაღალი ხელფასების შესახებ...

- ჰო, აღფრთოვანება ვერ დავმალე, თურმე 38 ათას ლარს ვიღებდი. არადა, "მე-9" არხზე 4 ათასი ლარი მქონდა ხელფასი და ოფიციალურად "ბანკი ქართუში" მერიცხებოდა. ძალიან მინდა ამ ინფორმაციის ავტორი გავიცნო, ხელი ჩამოვართვა და მეგობრულად ვკითხო, სად "მოტეხა" დანარჩენი 34 ათასი ლარი. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები