მოსალოდნელი სკანდალი ქართულ მედიასივრცეში - ვინ ერჩის "მაესტროს" და რატომ ვერ გაყიდეს "მე-9 არხი"

მოსალოდნელი სკანდალი ქართულ მედიასივრცეში - ვინ ერჩის "მაესტროს" და რატომ ვერ გაყიდეს "მე-9 არხი"

ქართულ ტელესივრცეში უჩვეულო ამბები ხდება. მაუწყებლობას წყვეტს "მე-9 არხი" და ინტერნეტტელევიზია "ინფო 9". ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემები. ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი, მამუკა ღლონტი კი ტელევიზიაზე სისტემურ შეტევაზე საუბრობს. მისი თქმით, "იმედში" გადავიდნენ: თეა სიჭინავა, არხის ტოქშოუების მთავარი პროდიუსერი, არხის საინფორმაციო სამსახურის მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდიუსერი; ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ნინო ჟიჟილაშვილთან და საინფორმაციოს ჟურნალისტებთან.

"ეს არის სისტემური შეტევა "მაესტროზე". ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ყველას წასვლა - ეს გავიგე ერთ დღეს, ერთი სატელეფონო ზარით. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ახალ სატელევიზიო სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტობრივად, ცაიტნოტში ჩაგვაგდეს", - ამბობს მამუკა ღლონტი.

რა ხდება ქართულ სატელევიზიო სივრცეში? სხვადასხვა ტელეკომპანიაში მიმდინარე რადიკალური ცვლილებები მხოლოდ დამთხვევაა თუ ვინმე საინფორმაციო მონოპოლიზაციისთვის იბრძვის? ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიაექსპერტებსა და ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

- ბიძინა ივანიშვილმა "მე-9 არხის" დახურვის მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდი დაასახელა და განაცხადა, რომ არ სურდა, იმ ხელისუფალს დამსგავსებოდა, რომელიც ტელევიზიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. რამდენად გულწრფელად მიგაჩნიათ პრემიერის ეს განცხადება და შეიძლება თუ არა, რომ მედიასივრცეში მიმდინარე მოვლენები მის გადაწყვეტილებას უბრალოდ დამთხვეოდა?

ია ანთაძე, მედიაექსპერტი:

- მართლა ძალიან მაშფოთებს ქართულ მედიაში მიმდინარე პროცესები. ტელეკომპანია "მე-9 არხთან" დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ, თუმცა ზოგადად, მედიასივრცეში მიმდინარე პროცესები ბევრ ეჭვს აღძრავს. მიჭირს იმის თქმა, თუ რამდენად გულწრფელია ხელისუფლება მედიასთან მიმართებაში. თუ პრემიერის განცხადებას დანარჩენი პროცესებიდან იზოლირებულად განვიხილავთ, მას სავსებით ვეთანხმები. მეც ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია, მით უმეტეს - არჩევნების წინა პერიოდში. თუმცა ჩემს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მედიასივრცეში არ ხდება მარტო ეს ერთი მოვლენა, - კიდევ ხდება რამდენიმე სხვა მოვლენა, რომელთა ერთობლიობა არ მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ მედიასივრცეში კარგად გვაქვს საქმე, რომ პრემიერ-მინისტრიც კი ხურავს თავის ტელევიზიას... ბევრი კითხვა ჩნდება "მაესტროში" მიმდინარე პროცესის გამო. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება: ერთი ვერსიით, ჟურნალისტები ამ არხიდან წავიდნენ იმიტომ, რომ სხვაგან უკეთესი პირობები შესთავაზეს, მეორე ვერსიით კი "მაესტროს" ჟურნალისტებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთა "მაესტროს" დასასუსტებლად იბრძვის. თუ ჟურნალისტებს ვინმე უკეთეს პირობებს სთავაზობს, კარგია, მაგრამ თუ ამას ტელეკომპანიის დასასუსტებლად აკეთებს, ეს უკვე პრობლემაა.

- ვის შეიძლება აძლევდეს ხელს "მაესტროს" დასუსტება?

- არ ვიცი. შესაძლოა, ხელისუფალთა ერთი ჯგუფი "მაესტროს" დასუსტებასა და რომელიმე სხვა კომპანიების, მაგალითად - "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის გაძლიერებას ცდილობდეს, რომ მერე (როგორც ადრე მოხდა), თავად დანიშნოს გენერალური დირექტორი და საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზება მოახდინოს. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. თუმცა მამუკა ღლონტმა მხოლოდ ის თქვა, რომ ვიღაცა "მაესტროს" "დაძირვას" ცდილობს. რატომღაც არ გვეუბნება, ვინ ებრძვის ამ ტელეკომპანიას და კონკრეტულად რა პრობლემის წინაშე დგას "მაესტრო". ღლონტი ვალდებულია, საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, რადგან "მაესტროს" წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლას კი არა, დამოუკიდებელ და თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლას ნიშნავს. თითოეულმა ჩვენგანმა მამუკას უნდა ვთხოვოთ, გვითხრას - რა ხდება მის ტელევიზიაში, რომ ინფორმაციით შევიარაღდეთ და ზუსტად ვიცოდეთ, რა გვაქვს გასაკეთებელი. იქნებ მას რამე ეჩვენება? თუ არაფერი ეჩვენება და პრობლემა რეალურია, მაშინ აუცილებლად დავიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზება არ მოხდეს.

- ბატონო მამუკა, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ხდება "მაესტროში" და ვინ იბრძვის თქვენი ტელეკომპანიის წინააღმდეგ?

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი:

- ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მოვა დრო და ყველაფერს ღიად ვიტყვით. მანამდე კი კარგი იქნება, თუ ია ანთაძეც და სხვებიც უფრო მეტად დაინტერესდებიან იმ "ჩამოჭრილი" ვალებით, რომლებიც აქვთ "იმედს", "რუსთავი 2"-ს, "პიკსა" და პირველ არხს.

- ყველაფერს ღიად როდის იტყვით?

- რაღაც დოკუმენტებს ველოდებით. სახელმწიფოს ერთ-ერთ სტრუქტურას წერილი გავუგზავნეთ და ახლა პასუხს ველოდებით. ჩვენ მათთვის ერთი თვის ვადა გვქონდა მიცემული, ეს დრო ძალიან მალე იწურება... საზოგადოებას ან პასუხს გავაგებინებთ, ან სასამართლოში წავალთ.

- ნინო ჟიჟილაშვილთან მოლაპარაკება როგორ დასრულდა? მიდის თუ რჩება "მაესტროში"?

- ჟიჟილაშვილი ჩვენთან რჩება.

- ცნობილია, რომ თეა სიჭინავა და ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანიის თანამფლობელებიც გახდნენ და 3-3%-იანი წილი გადაეცათ. "იმედზე" გადასული თეა სიჭინავა ამ 3%-ს შეინარჩუნებს?

- არა. თავიდანვე განსაზღვრული იყო - როგორც საპარტნიორო წილი, დივიდენდად მანამდე გადაერიცხებოდა, სანამ ამ ტელევიზიაში იმუშავებდა.

- თეა სიჭინავას ნაცვლად, ინგა გრიგოლიას მოწვევას მართლა აპირებთ?

- არა, ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

- თქვენი არხიდან წასული ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელფასებს არ უხდით...

- ესეც ტყუილია. ხელფასებთან დაკავშირებით ახლა მართლაც გვაქვს პატარა პრობლემები, მაგრამ სექტემბერში, მაქსიმუმ - ოქტომბერში ყველაფერი გამოსწორდება.

- რას იტყვით გავრცელებული მოსაზრების შესახებ, თითქოს "მაესტროდან" წამყვანი სახეების "იმედში" გადასვლა შესაძლოა, გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა დაგეგმეს?

- ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი.

- მაშინ ის მაინც გვითხარით, გაჩეჩილაძეს "მაესტროში" წილი ისევ აქვს თუ გაყიდა?

- გაჩეჩილაძე თავის წილს ვერ გაყიდის იმიტომ, რომ ხელშეკრულებით, ამის გაკეთება ჩვენი ნებართვის გარეშე არ შეუძლია.

გია გაჩეჩილაძე:

- ბოლო დროს ჩემსა და ჩემს ძმაზე რაღაც სულელურ ჭორებს ავრცელებენ. სინამდვილეში, "მაესტრო" საერთოდ აღარ მაინტერესებს, მით უმეტეს, ჩემს ძმას არ აინტერესებს.

- "იტალიურ გალერეაში" თქვენი ძმის, ყოფილ პოლიტპატიმარ ივა ჩიღვინაძისა და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კოკა გუნცაძის შეხვედრაზე რას იტყვით? გავრცელებული ვარაუდის მიხედვით, ლევანმა სწორედ ამ შეხვედრაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თქვენგან ტელეკომპანია "მაესტროს" 'წილის საბოლოო გადაფორმებას ითხოვს.

- სისულელეა. ორ წელზე მეტია, "მაესტროსკენ" საერთოდ არ გამიხედავს. ჩემი წილი ბაჩო კიკაბიძეს მართვაში აქვს გადაცემული და საერთოდ არაფერი მაინტერესებს ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით.

- არც იმას დაადასტურებთ, რომ "იმედზე" ახალი გადაცემის გაკეთებას აპირებთ?

- საერთოდ არაფერს ვაპირებ, ჩემთვის ვმუშაობ ახალ პროექტზე.

- რა პროექტზე?

- თქვენ რომ დაგაინტერესებთ, ისეთი არაფერია, - მუსიკალურ პროექტზე ვმუშაობ და სულ სტუდიაში ვარ.

- ზოგადად, ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებთ თვალყურს?

- არა, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ხდება სატელევიზიო სივრცეში.

- ქალბატონო ლუბა, თქვენ როგორ შეაფასებთ ქართულ ტელესივრცეში განვითარებულ მოვლენებს?

ლუბა ელიაშვილი, ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორი:

- რა გითხრათ, განსაკუთრებული და მოულოდნელი არაფერი ხდება.

- "მე-9 არხის" მაუწყებლობის შეწყვეტის პარალელურად, მამუკა ღლონტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე "მაესტროსთან" დაკავშირებით ან კვესიტაძისა და პაიჭაძის საავტორო გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- იცით რა, მახსოვს, 2004 წელს ძალიან ბევრი ისაუბრეს ტელეკომპანია "ივერიის" დახურვაზე და საბოლოოდ "მე-9 არხი" დაიხურა. ასეთი ბედი ჰქონია ამ არხს.

- როგორ ფიქრობთ - საზოგადოება დაიჯერებს, რომ "მე-9 არხის" დახურვის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ პრემიერს არ სურს, წინასაარჩევნოდ სხვა პოლიტიკურ ძალებზე მეტ ბერკეტს ფლობდეს?

- დარწმუნებული ვარ, დაიჯერებს, იმიტომ, რომ ეს სრული სიმართლეა. ივანიშვილს არხის გასხვისება ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდოდა, მაგრამ მაშინ ტელეკომპანიაში დასაქმებულ ხალხს გაუწია ანგარიში. როდემდე შეიძლება, ვიღაცის ხათრით ატარო ტვირთი, რომელიც არაფერში გჭირდება?! სხვათა შორის, ჩვენი ჟურნალისტებიც სულ აპროტესტებდნენ, - რატომ აქვს ეს არხი ივანიშვილს საკუთრებაშიო?!.

- "მე-9 არხის" გაყიდვა რატომ ვერ მოხერხდა?

- "მე-9 არხის" და ასევე "ინფო 9"-ის შეძენის სურვილი არაერთ პირს გაუჩნდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით.

- შეუთანხმებლობის საგანი რა იყო?

- მყიდველებს ძირითადად, "მე-9 არხის" აპარატურის შეძენა სურდათ. ეს აპარატურა "მე-9 არხის" გარდა, კიდევ ბევრ ადგილზე იყიდება. მაინცდამაინც დღეს, - "აბა, იქნებ იაფად აპარატურა ჩავიგდო ხელში", - არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩვენი კოლეგებისგან სწორედ ეს გესმის, ჩანს სიხარბე. სინამდვილეში, ეს არხი მარტო აპარატურა არავითარ შემთხვევაში არ არის. ეს არხი არის მისი პროფესიონალი თანამშრომლები, ის შრომა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ჩვენს არხზე ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს და მათ დაფასება უნდა.

ბოლოს, მედიასივრცეში შექმნილი ვითარების შეფასება მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ვთხოვეთ:

- როდესაც სატელევიზიო სივრცეში ერთდროულად ამდენი რამ ხდება, ბუნებრივია, ჩნდება განზოგადებელი კითხვა, - ხომ არ არის ეს მართული პროცესი? ალბათ გარკვეულწილად, არის... შესაძლოა, ვიღაცას მართლა სურს, დაანგრიოს ცალკეული მედიასაშუალებები და ხელი შეუშალოს მოქალაქეებს მეტი ინფორმაციის მიღებაში. თუმცა იცით, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის? თავად მედიასაშუალებებს არ აქვთ ნება, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუციები გახდნენ, პოლიტიკურ ფულს არ გამოედევნონ და პოლიტიკოსებს მედიის დანგრევის საშუალება არ მისცენ. მიმაჩნია, რომ ჩვენს სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური ფული საკმაოდ მსუყედ იყო წარმოდგენილი. ასეთ რეალობაში ვითარება ყოველთვის და პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით იცვლება. პოლიტიკოსები კი ყოველთვის საზოგადოების სასარგებლოდ როდი იღებენ გადაწყვეტილებებს. მე მხოლოდ ტელეკომპანიის მფლობელებზე არ ვსაუბრობ - პრობლემას ქმნიან ის ჟურნალისტებიც, რომლებიც ერთი არხიდან მეორეში "პოლიტიკური შეფერილობის კაპიტალს" მიჰყვებიან. ეს პროცესი ოდესმე უნდა შეწყდეს. მივესალმები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ "მე-9 არხის" თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ყველამ ვიცით, რა დატვირთვაც ჰქონდა ამ მაუწყებლობას... თავის დროზე მან კარგი საქმე გააკეთა, ამჯერად კი ვფიქრობ, მისი ფუნქცია ამოიწურა.

- თქვენი აზრით, იმის რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს, რომ "მე-9 არხი" ვერ გაიყიდა?

- ჩემი აზრით, ამის მიზეზი - მაღალი პოლიტიკური კომპონენტია. ინვესტორს, რომელიც მედიას უყურებს, როგორც ბიზნესსა და საზოგადოებრივ ინსტიტუციას, პოლიტიკური კომპონენტი არაფერში სჭირდება. სხვათა შორის, აქ ერთი საინტერესო მომენტიც არსებობს: "მე-9 არხის" მენეჯერმა კომპანიის საჯაროდ, საერთაშორისო ტენდერზე გამოტანა ვერ გარისკა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდებოდა, თუ რას თამაშობდნენ მედიაბიზნესის მყიდველები და როგორი იქნებოდა მათი ინტერესები. "მე-9 არხის" გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყოველთვის კულისებში მიმდინარეობდა. კულისებში მოლაპარაკება კი, როდესაც საქმე საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ ბიზნესს ეხება, არ გამოდის.

- რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ვერსია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება "მე-9 არხის" გაუქმებისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შესუსტების შემდეგ, "იმედს" გააძლიერებს და საინფორმაციო მონოპოლიას შექმნის?

- არა მგონია, ინა გუდავაძემ ხელისუფლებას "იმედი" დაუთმოს. თუ ამას გააკეთებს, ამ ტელეკომპანიის რეპუტაცია ძალიან მალე შეილახება...

- კვესიტაძის და პაიჭაძის საავტორო გადაცემების დახურვა რისი ნიშანი შეიძლება იყოს?

- იცით, რა, კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემების დახურვაზე 9 თვის წინაც ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათ ჯერ კიდევ უსმენს და უყურებს მაყურებელი. ასე რომ, წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თუ მედიასივრცეზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება, ეს ისევ ტელეკომპანიებისა და ჟურნალისტების ბრალია და პრობლემა ისევ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები