კლიმატის გლობალური ცვლილება საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. სინამდვილეში, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ცვლილებებს, კერძოდ კი, რა გავლენას ახდენს გარემოზე მყინვარის დნობა და მის შედეგად გამოწვეული მყინვარული ჩამონადენი? - ამის გასარკვევად მეცნიერები ყოველწლიურად აწყობენ ექსპედიციებს. ამჯერადაც "თსუ-95"-ის წევრებმა - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გლაციოლოგმა გიორგი დვალაშვილმა (ხელმძღვანელი), ამავე ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჰიდროლოგმა ვაჟა ტრაპაიძემ და "საბავშვო უნივერსიტეტის" წევრებმა ექსპედიცია "მყინვარი" მოაწყვეს და ონის მუნიციპალიტეტის ღების თემის ტერიტორიაზე, მდინარე ჩვეშურას მიმდებარედ, მყინვარ "კირტიშოს" ტერიტორია გამოიკვლიეს.
გიორგი დვალაშვილი: - 2013 წლის აგვისტოს მონაცემით, მყინვარ "კირტიშოს" უკან დახევის ტემპი წინა წლებთან შედარებით ცოტათი შენელებულია. 2000 წლიდან მოყოლებული, მყინვარი ყოველწლიურად საშუალოდ 13-15 მეტრით იხევდა უკან. წელს ეს მაჩვენებელი ცოტათი შემცირდა, რაც ივლისში ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ განაპირობა. ეს ბუნებრივი მოვლენაა, მყინვარის დამახასიათებელი და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ვიდრე მყინვარისკენ აღმართს შევუდგებოდით, სადაც შევისვენეთ, იმ ადგილასაც იყო ერთ დროს მყინვარი და უკვე 6 კილომეტრით დაიხია უკან, ეს საშიში სულაც არ არის არც სოფელ ღებისთვის ან საზოგადოდ - რაჭისთვის, არც საქართველოსთვის და არც კაცობრიობისთვის. სხვათა შორის, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ უსახელო, აქამდე გამოუკვლეველ მყინვარს, რომლის აღმოჩენა და შესწავლა თსუ-ის დაარსების 95 წლისთავს მივუძღვენით, სახელად "თსუ-95" ვუწოდეთ.
ჰიდროლოგ ვაჟა ტრაპაიძის თქმით, მყინვარების უკან დახევის გამო წყლის დიდი რაოდენობა ჩამოედინება და მდინარის ჩამონადენში მყინვარების წილი წყალი პერიოდულად მატულობს ან კლებულობს. მთელი წლის განმავლობაში მყინვარის ჩამონადენი შეადგენს დაახლოებით 25-30 პროცენტს. მაგრამ აქ არაფერია განსაკუთრებული და ზოგადად წყლის რესურსის ცვალებადობაზე ზეგავლენას არ ახდენს. წყლის საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში თითქმის ერთი და იგივეა, მხოლოდ სეზონების მიხედვით ნაწილდება უთანაბროდ და ამ ეტაპზე, საქართველოში მყინვარების დნობის ინტენსივობიდან გამომდინარე, საგანგაშოც არაფერიაო, - ამბობს პროფესორი.
ირმა ხარშილაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)