უხელფასოდ დარჩენილი კორპუსის თავმჯდომარეები და დაზოგილი 10 მილიონი

უხელფასოდ დარჩენილი კორპუსის თავმჯდომარეები და დაზოგილი 10 მილიონი

ორშაბათს დაგეგმილ სხდომაზე, თბილისის საკრებულო კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის ხელფასების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობის განცხადებით, გამოთავისუფლებული მილიონები დედაქალაქში ავარიული სახლების შეკეთებას უნდა მოხმარდეს.

საკრებულოს წევრების თქმით, ამხანაგობების თავმჯდომარეების დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან და ისინი ბიუჯეტიდან ანაზღაურებას ვეღარ მიიღებენ.

თბილისის კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეების საკითხი, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხშირად ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ოპონენტების კრიტიკის საგანი. პოსტსააარჩევნო პერიოდში, იმ დროს, როდესაც საკრებულოს ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორპუსის თავმჯდომარეებს მოადგილეებიც დაუნიშნეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანების ნაწილისთვის ტრენინგების ჩატარება ანტალიაში იგეგმებოდა. ოპონენტებმა ეს ფაქტები "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ ინტერესებს დაუკავშირეს

"ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ შეარჩიეს ეგ 300 კაცი. ისინი "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები არიან და წინასაარჩევნოდ ასეთი ხალხის წახალისება სჭირდებათ. ჩემნაირებს, ვისაც იციან, რომ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდისთვის ვერ გამოიყენებენ, არსადაც არ წაიყვანენ. თანაც, ამდენი ფული თუ აქვს გამგეობას, თავმჯდომარეების "გულაობის" მაგივრად იმ პრობლემებს მოახმაროს, რაც ჩვენს კორპუსებშია, ჯობია," - ამბობდა "რეზონანსთან" ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარეა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა სამუშია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება ხელფასების შეწყვეტასთან დაკავშირებით საარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

"ამ ადამიანების 90-95 პროცენტი, რომლებიც ხელფასებს იღებდნენ, იყვნენ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები. სადღაც 5 პროცენტი იყო, რომლებიც არ იყვანენ ამ პარტიაში. ეს ის ხალხია, რომელებიც საარჩევნო უბნებთან იდგნენ სიებით ხელში და "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდნენ.

"აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ისედაც ამ მიმართულებით აღნიშნული თანხები აღარ უნდა იხარჯებოდეს. პირიქით, ეს თანხები უნდა მოხმარდეს კონკრეტულ ადამიანებს. თითოეული თბილისელისთვის უნდა გაკეთდეს საქმე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებისათვის. გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული თანხები აღარ წასულიყო ამ მიმართულებით და უფრო მნიშვნელოვანი პროექტი განხორცეიელებულიყო", - უთხრა სამუშიამ "რეზონანსს".

"ვფიქრობ, თბილისელებს აქვთ არჩევანი ორ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ ან უნდა დავაფინანსოთ "ნაცმოძრაობის" აქტივისტები, როგორც აქამდე კეთდებოდა, ან უნდა დავიწყოთ ფიქრი ავარიული სახლების გამაგრებაზე, რასაც ასევე საკმაოდ დიდ თანხა სჭირდება.

"ამ პროექტისათვის, რასაც "ნაცმოძრაობა" ახორციელებდა, ვგულისხმობ კორპუსის თავმჯდომარეების ხელფასებს, თითქმის 10 მილიონი იხარჯებოდა, მაშინ, როცა ამ თანხით შესაძლებელია სულ მცირე 20-30 სახლი გამაგრდეს და იქ ცხოვრება იყოს შესაძლებელი.

"არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ ეს თანხა არ უნდა გავუშვათ ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. დაახლოებით 3 მილიონი იქნება გამოყოფილი პირველ ეტაპზე, მომზადდება პროექტი ყველა იმ ავარიულ სახლთან დაკავშირებით, რომელსაც ეს პრობლემა აწუხებს და მომავალი წლიდან უკვე ამ სახლების გამაგრებას დავიწყებთ", - დასძენს ჯაბა სამუშია.

კორპუსის თავმჯდომარეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები.

"თქვენგან პირველად მესმის, აპარატის პრობლემაა. იურიდიულ კომიტეტს ეს გადაწყვეტილება ჩემთან არ გამოუგზავნია. ბოდიშს ვიხდი, კომენტარს ვერ გავაკეთებ", - უთხრა "რეზონანსს" საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა.

დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს "მემარჯვენე" წევრი მამუკა კაციტაძე უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს, თუმცა, მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი საკუთარი პარტიის სასარგებლოდ არც დღევანდელმა მმართველმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს.

"ეს არის პროექტი, რომელიც ორშაბათის სხდომაზე გამოვა, რომ თბილისის ბიუჯეტი ამხანაგობების დაფინანსების ნაწილში შეიზღუდოს. იდეას აბსოლუტურად ვიზიარებ, კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეები რეალურად იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო კორპუსი. როდესაც ერთი პარტია ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე ახდენს საკუთარი პარტიული სტრუქტურის დაფინანსებას, ბუნებრივია, ეს არ არის მოსაწონი და არ არის მისაღები.

"როდესაც ეს პარტია ქალაქის მმართველობაში იყო, გასაგებია, რომ ამ პროექტს ახორციელებდა. ოპოზიცია ყოველთვის ვიძახდით, რომ თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე შენდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სტრუქტურა, თუმცა, ამას არავინ ითვალისწინებდა.

"ხოლო მაშინ, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, ბუნებრივია, რომ ამ მექანიზმებს წერტილი დაესმება. კონკრეტული ერთი პარტია, ვინც არ უნდა იყოს ის - "ნაციონალი", "ოცნება" თუ "ახალი მემარჯვენე" - არცერთ შემთხვევაში ბიუჯეტის მხრიდან არ უნდა იქნას დაფინანსებული. ჩვენ ამ თემას არგუმენტირებულად განვიხილავთ ორშაბათის სხდომაზე და დარწმუნებული ვარ, საკითხი დადებითად გადაწყდება თბილისელებისათვის", - ამბობს მამუკა კაციტაძე "რეზონანსთან" საუბარში.

"გამოთავისუფლებული თანხა ავარიული სახლების შეკეთებას მოხმარდება, გზებსა თუ სკვერებს - ამის დაგეგმარებას საკრებულო ცალკე მოახდენს. მაგრამ ის, რომ ერთ პარტიას არ უნდა მოხმარდეს თბილისის ბიუჯეტი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს უმრავლესობა ერთი თვის წინ დაკარგა. ეს საკითხი ყოველთვის იდგა. უბრალოდ, მანამდე ვერ ვახერხებდით ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, თორემ მთელი წლის მანძილზე იყო ამაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტული პარტია ხეირობდა. უმცირესობაში გადასული ძალისათვის ბიუჯეტის თანხების შეზღუდვა არ ნიშნავს იმას, რომ საბიუჯეტო პრივილეგიებით იმ პარტიამ ისარგებლოს, რომელიც ახლაა ხელისუფლებაში", - დასძენს მამუკა კაციტაძე.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”