გენიოსი თვითმკვლელები

გენიოსი თვითმკვლელები

* * *

1916 წლის 22 ნოემბერს ცნობილი ლიტერატურული შედევრის, "მარტინ იდენის" ავტორი - ჯეკ ლონდონი გარდაიცვალა. ეს იყო უეცარი სიკვდილი, რომელსაც არავინ ელოდა. მართალია, ბოლო წლებში მწერალი თირკმელების უკმარისობით იტანჯებოდა, მაგრამ ახლობლების თქმით, ის სიკვდილს სულაც არ აპირებდა. მწერალს საშინელი ტკივილები რომ გაეყუჩებინა, მორფინს ღებულობდა. ჯეკ ლონდონი კომატოზურ მდგომარეობაში იპოვეს თავის ოთახში. როგორც აღმოჩნდა, ის მორფინითა და ატროპინით იყო მოწამლული. მაინც რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ტკივილგამაყუჩებელი წამლების ზედმეტი დოზა, თუ შეგნებული თვითმკვლელობა, დღემდე უცნობია.

* * *

ერნესტ ჰემინგუეის გენია სიცოცხლეშივე აღიარეს, ამის დასტური იყო ნობელის პრემია, რომელიც დიდ მწერალს მიანიჭეს. 1961 წლისათვის ჰემინგუეის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სავალალო იყო: მხედველობა დაუქვეითდა, ელექტროშოკით მკურნალობისას კი მეხსიერებაც დაკარგა. გარდა ამისა, პარანოიაც გაუმძაფრდა - ეჩვენებოდა, რომ უთვალთვალებდნენ. მწერალმა მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის თავზე სცადა თვითმკვლელობა. 1961 წლის 30 ივნისს ის საავადმყოფოდან გამოწერეს, რის შემდეგაც ჰემინგუეი კეტჩუმში, აიდაჰოს შტატში წავიდა. 2 ივლისს კი თავისი საყვარელი იარაღით თავი მოიკლა.

* * *

ცნობილი ფერმწერი და გრაფიკოსი ვინსენტ ვან გოგი 1880-იანი წლების ბოლოს ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა გახმაურებული კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ პოლ გოგენთან. დიდი მხატვრების კონფლიქტი ქრისტეშობის დღესასწაულის წინა დღეებში იმდენად გამძაფრდა, რომ ვან გოგმა ბოთლი ესროლა გოგენს, ხოლო შემდეგ სამართებლით დაესხა თავს. შეშინებულმა გოგენმა თავს გაქცევით უშველა. ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში მყოფი ვან გოგი კი იქამდე მივიდა, რომ მარჯვენა ყურის ნაწილი მოიჭრა. ამ ინციდენტის შემდეგ, ვან გოგი ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იწვა, სადაც რამდენიმე ცნობილი ფერწერული ტილო დახატა. მარტოსულმა და უკიდურესად გაჭირვებულმა მხატვარმა 1890 წლის ზაფხულში გულში ტყვია დაიხალა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს